Facebook Twitter

¹ას-32-27-2011 21 თებერვალი, 2011 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ღ-ძე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ღ-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოხოვნა - გასაჩივრებული განჩინების გაუქმება G

დავის საგანი _ ხელშეკრულების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. ღ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ღ-ძის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელემ 2009 წლის 15 ნოემბერს მიიღო სხეულის დაზიანება თავისა და მარცხენა მუხლის არეში, ავადმყოფობის პერიოდში უვლიდა მაზლიშვილი - თ. ღ-ძე, რომელმაც ისარგებლა მოსარჩელის ავადმყოფობით, გამოუცდელობით, მორალური და სოციალური მძიმე მდგომარეობითYდა მოტყუებით მოაწერინა ხელი ნასყიდობის ხელშეკრულებაზე, რომლითაც თითქოსდა მოსარჩელემ მთელი ქონება 1000 აშშ დოლარად მიჰყიდა თ. ღ-ძეს, რაც არასწორია.

მოპასუხე თ. ღ-ძემ სარჩელი არ ცნო შემდეგი საფუძვლით: 2009 წლის 8 დეკემბერს მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის დაიდო უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად საკუთრებაში გადაეცა გორის რაიონში სოფელ კარალეთში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რაშიც გადაიხადა 1000 აშშ დოლარი. საცხოვრებელი ბინა კანონის დაცვით დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში. მოსარჩელეს რაიმე პრეტენზია ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით არ გამოუთქვამს. 2010 წლის 8 აპრილს სადავო ბინა აჩუქა შვილს - ზ. ბ-შვილს, მაგრამ, ვინაიდან სადავო ბინა დაყადაღებული იყო, ვერ დაარეგისტრირა საჯარო რეესტრში.

გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მაისის გადაწყვეტილებით მ. ღ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მ. ღ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამრთლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინებით მ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქმის განხილვის შესახებ მხარეებს ეცნობათ კანონის მოთხოვნათა დაცვით, თუმცა მ. ღ-ძე დანიშნულ დროს სასამართლოში არ გამოცხადდა. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის 2010 წლის 7 დეკემბრის განცხადება საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში გონივრული ვადით. მოცემულ შემთხვევაში, მ. ღ-ძემ სასამართლოს აცნობა რა სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის თაობაზე, კერძოდ, განცხადებაში სხდომის გადადების მიზეზად მიუთითა წარმომადგენლის აყვანის თაობაზე. პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ აღნიშნული საფუძვლით სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, ვინაიდან, მას საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სხდომამდე აეყვანა ადვოკატი და ხელი შეეწყო სასამართლოსთვის საქმის დადგენილ ვადაში განხილვისათვის. აქედან გამომდინარე, არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრული საპატიო მიზეზი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 229-ე მუხლების, 387-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ გაიზიარა მოწინააღმდეგე მხარის _ თ. ღ-ძის წარმომადგენლის - ე. პ-შვილის შუამდგომლობა, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ღ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ღ-ძე სასამართლო სხდომაზე საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა, რის შესახებაც წინასწარ აცნობა სასამართლოს. პალატამ არასწორად მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მ. ღ-ძეს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 8 დეკემბერს სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.

საკასაციო სასამართლო სრულად ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. ღ-ძეს სასამართლო პროცესზე თავისი გამოუცხადებლობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით გათვალისწინებული საპატიო მიზეზის არსებობა არ დაუდასტურებია, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მესამე ნაწილით, კანონმდებელი განსაზღვრავს იმ გარემოებებს, რომელთა არსებობისას მხარეს გარკვეული საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა საპატიოდ ეთვლება და ასეთი შეუსრულებლობის მიზეზი საპატიოდ ჩაითვლება მხოლოდ ობიექტურად დაუძლეველი გარემოების არსებობის შემთხვევაში.

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 8 დეკემბრის სხდომაზე მ. ღ-ძის გამოუცხადებლობა საპატიოდ არასწორად არ ჩათვალა, რადგან არ გაიზიარა აპელანტის არგუმენტი ადვოკატის დახმარების საჭიროების თაობაზე. საქმის მასალებით დადასტურებულია ის გარემოება, რომ სასამართლო სხდომის თარიღის – 2010 წლის 8 დეკემბრის შესახებ მ.ღ-ძეს ეცნობა 2010 წლის 21 ოქტომბერს (იხ.ტ.2, ს.ფ.3, 38), ხოლო საქმის განხილვის გადადებაზე განცხადებით სასამართლოს მიმართა 2010 წლის 7 დეკემბერს - სასამართლოს სხდომის წინა დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ სავსებით მართებულად არ გაიზიარა აპელანტის მოთხოვნა საქმის გადადების თაობაზე, რადგან მიაჩნია, რომ მ. ღ-ძეს საკმარისი დრო ჰქონდა იმისთვის, რომ სხდომამდე აეყვანა ადვოკატი.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების თაობაზე კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. ღ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.