ას-325-303-2010 16 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თეიმურაზ თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – ნ. ს-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ა. ს-ოვი (მოსარჩელე)
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა და ზიანის ანაზღაურება
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. ს-ოვის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, ნ. ს-შვილის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვილ იქნა ა. ს-ოვის საკუთრებაში არსებული, ქ. თბილისში, ... შესახვევში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე 29 კვ. მეტრი ბინა; ნ. ს-შვილს ა. ს-ოვის სასარგებლოდ დაეკისრა 2007 წლის 26 ოქტომბრიდან 25 სექტემბრამდე, სადავო ბინით უკანონოდ სარგებლობის გამო მიყენებული ზიანის სახით 4050 ლარის გადახდა, ამასთან მოპასუხე ნ. ს-შვილს მოსარჩელე ა. ს-ოვის სასარგებლოდ 2009 წლის 25 სექტემბრიდან ქ. თბილისში, ... შესახვევში, ... ქუჩა ¹10-ში მდებარე 29 კვ. მეტრი ბინის განთავისუფლებამდე ყოველთვიურად დაეკისრა 150 ლარის გადახდა; ა. ს-ოვის სარჩელს უარი ეთქვა დაკმაყოფილებაზე ნ. ს-შვილისათვის 11800 ლარის დაკისრების შესახებ მოთხოვნის ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ნ. ს-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ნ. ს-შვილმა სააპელაციო პალატის მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ნ. ს-შვილმა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ნ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი კერძო საჩივრის ავტორს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 20 მარტს (ტ.II, ს.ფ. 55). ნ. ს-შვილს კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 1 აპრილის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილია 2010 წლის 6 აპრილს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. ს-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.