¹ას-33-28-2011 17 თებერვალი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ ვ. ც-ძე, მ. ღ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი» (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება იპოთეკის საგნის რეალიზაციის გზით
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს «... ბანკმა» სარჩელი აღძრა სასამართლოში ვ. ც-ძისა და მ. ღ-ძის მიმართ, სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, თანხის დაკისრებისა და იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მოთხოვნით.
მოპასუხეებმა სასამართლო სხდომაზე სარჩელი სესხის ძირითადი თანხისა და პროცენტის გადაუხდელობის ნაწილში ცნეს, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა მიიჩნიეს შეუსაბამოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 7 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხეებს დაეკისრათ 68623,084 აშშ დოლარისა და 6726,072 ლარის გადახდა, რისთვისაც სარეალიზაციოდ მიექცა მ.ღ-ძის სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული ქ.თბილისში, ... გამზირის მე-6 კვარტლის 1ა კორპუსში მდებარე ¹51 ბინა, რაც მოპასუხეებმა გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით ვ. ც-ძისა და მ. ღ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:Lსააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებით აპელანტ ვ. ც-ძეს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10-დღიანი საპროცესო ვადა და დაევალა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის პირველი ნაწილის «ე» ქვეპუნქტების მოთხოვნების შესაბამისად სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდა ან თავისი ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულების წარდგენა, რომლითაც დადასტურდებოდა მის მიერ სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობა. ამავე განჩინებით აპელანტ მ. ღ-ძეს დაევალა სადავო უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და სახელმწიფო ბაჟის _ ამ ღირებულების 4%-ის, არანაკლებ 150 ლარის გადახდა ან სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობის დადასტურდება.
2010 წლის 22 ნოემბერს ვ. ც-ძემ და მ. ღ-ძემ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელება მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინებით მათ გაუგრძელდათ ამავე სასამართლოს 2010 წლის 5 ნოემბრის განჩინებაში მითითებული ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით ამ განჩინების ჩაბარებიდან და განემარტათ, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველად.
სააპელაციო პალატის 2010 წლის 24 ნოემბრის განჩინება აპელანტებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარდა 2010 წლის 2 დეკემბერს, თუმცა განჩინებით დადგენილ 7-დღიან საპროცესო ვადაში ხარვეზი არ შეუვსიათ.
სასამართლომ იხლემძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით და მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ღ-ძემ და ვ. ც-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება, საქმის დაბრუნება სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად და სააპელაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე გადავადება შემდეგი საფუძვლებით: სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ. ღ-ძე და ვ. ც-ძე არიან მეუღლეები. მათ არ გააჩნიათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის გადახდის შესაძლებლობა მატერიალური სირთულეების გამო. პალატას სახელმწიფო ბაჟის გადახდა აპელანტთათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის შესაბამისად, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე უნდა გადაევადებინა. ფაქტობრივად, სააპელაციო სასამართლომ შეუზღუდა მხარეს საკუთარი ინტერესის სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ღ-ძისა და ვ. ც-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ ნორმის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს _ მ. ღ-ძესა და ვ. ც-ძეს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა. აღნიშნულისათვის მხარეს განსაზღვრა ჯერ 10, ხოლო შემდეგ დამატებით 7 დღე. ხარვეზის გამოსასწორებლად მიცემული ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება მხარეს ჩაბარდა 2010 წლის 2 დეკემბერს, რაც სადავოდ არ გამხდარა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ მ. ღ-ძესა და ვ. ც-ძეს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, რაც მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა აპელანტის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების შესაძლებლობა არსებობს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
განსახილველ შემთხვევაში აპელანტებს სასამართლოსათვის თავისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარუდგენიათ.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მხარის საპროცესო მოვალეობა სახელმწიფო ბაჟის გადახდის აუცილებლობის თაობაზე დადგენილია მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით, შესაბამისად, მხარის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება სასამართლო წესით მხარის კანონიერი ინტერესების დაცვის უფლების შეზღუდვად ვერ ჩაითვლება.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ღ-ძისა და ვ. ც-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.