Facebook Twitter

ას-33-32-10 6 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ც. შ-ია (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. კ-ია (მოპასუხე)

დავის საგანი – მემკვიდრეობის მიღებამდე მითვისებული ქონებიდან კომპენსაციის მიღება და თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ც. შ-იამ სარჩელით მიმართა ჩხოროწყუს რაიონულ სასამართლოს მ. (გ.) კ-იას მიმართ და მოითხოვა მოსარჩელის მიერ მემკვიდრეობის მიღებამდე მოპასუხის მიერ მითვისებული ქონებიდან მიღებული შემოსავლის 2\4 - კომპენსაციის მიზნით, 15 ათასი ლარის, ბიძის სამკვიდრო ქონებიდან მითვისებული მოძრავი ქონების კომპენსაციის დაკისრება; მოსარჩელისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, რკინის სათბურის, წყლის ავზისა და ღობის დაბრუნება და დაუკანონებელი, მიტაცებული, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა.

ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ც. შ-იას სარჩელი მემკვიდრეობის მიღებამდე მოპასუხის მიერ მითვისებული ქონებიდან მიღებული შემოსავლის 2\4 ნაწილის კომპენსაციის მიზნით, 15 ათასი ლარის დაკისრების, მოსარჩელისათვის მიკუთვნებული მიწის ნაკვეთის, რკინის სათბურის, წყლის ავზისა და ღობის დაბრუნების, ბიძის სამკვიდრო ქონებიდან მითვისებული მოძრავი ქონების კომპენსაციის დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ხოლო სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ჩამორთმევის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვა არაგანსჯადობის გამო.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ც. შ-იამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით, ც. შ-იას ხარვეზის შევსების მიზნით, სააპელაციო საჩივარში უნდა მიეთითებინა დავის საგნის ღირებულება და გადაეხადა სახელმწიფო ბაჟი დავის საგნის ღირებულების 4%, მაგრამ არანაკლებ 150 ლარისა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, უნდა მიეთითებინა რა რაოდენობის კომპენსაციას, რომელი და ვის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გაზომვას და რა ქმედების შესრულებას ითხოვს იგი მ. კ-იასგან; აპელანტს ასევე უნდა მიეთითებინა, მოითხოვდა თუ არა იგი ჩხოროწყუს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 ოქტომბრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და სარჩელის დაკმაყოფილებას.

აღნიშნული ხარვეზის შესავსებად აპელანტს განესაზღვრა 7 დღე განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი.

2009 წლის 4 დეკემბერს სასამართლოს განცხადებით მიმართა ც. შ-იამ ხარვეზის შევსების თაობაზე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ც. შ-იას სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ ც. შ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის ხარვეზის განჩინების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 20 ნოემბერს და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით მის შვილს _ შ. ქ-იას 2009 წლის 26 ნოემბერს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი შვიდღიანი ვადის დენა დაიწყო 2009 წლის 27 ნოემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 3 დეკემბერს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის ავტორს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2009 წლის 3 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო განცხადება ხარვეზის გამოსწორების შესახებ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში შემოტანილ იქნა 2009 წლის 4 დეკემბერს, ესე იგი ერთი დღის ვადის დარღვევით.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ც. შ-იამ. მან მიუთითა, რომ ხარვეზის განჩინების ასლი გადაეცა 2009 წლის 27 ნოემბერს საღამოს და არა 26 ნოემბერს, როგორც ამას მიუთითებს სააპელაციო სასამართლო. მან კანონით დადგენილ ვადაში, 2009 წლის 4 დეკემბერს მიმართა განცხადებით სასამართლოს სახელმწიფო ბაჟის გადავადების შესახებ. ვინაიდან მას არ დაურღვევია ხარვეზის შევსებისთვის დადგენილი ვადა, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ც. შ-იას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლით, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის განჩინებით ც. შ-იას ხარვეზის შესავსებად მიეცა 7 – დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა, რომ, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველი. ც. შ-იას ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 17 ნოემბრის ხარვეზის განჩინების ასლი გაეგზავნა 2009 წლის 20 ნოემბერს და ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით მის შვილ შ. ქ-იას 2009 წლის 26 ნოემბერს, ესე იგი ხარვეზის განჩინების ასლი ც. შ-იასათვის ჩაბარებულად ჩაითვლება 2009 წლის 26 ნოემბრიდან. 2009 წლის 4 დეკემბერს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ც. შ-იამ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ.

სამოქალაქო საპროცესო კოდქსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ხარვეზის შევსების ბოლო ვადა ამოიწურა 2009 წლის 3 დეკემბერს, ც. შ-იამ კი განცხადება შეიტანა 4 დეკემბერს, ანუ 1 დღის დაგვიანებით, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა სასამართლომ განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ იქნა დადასტურებული ხარვეზის შეუვსებლობის საპატიო მიზეზი, რის გამოც მისი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ც. შ-იას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 11 დეკემბრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.