ას-334-311-2010 24 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოპასუხე) _ დ. ი-ოვი
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. ძ-ძე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება
სარჩელის დავის საგანი _ ქონების გაყოფა
კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 27 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სასარჩელო განცხადებით მიმართა მ. ძ-ძემ მოპასუხე დ. ი-ოვის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მასა და მოპასუხეს შორის ქორწინების შეწყვეტა, მოპასუხისათვის ალიმენტის _ 300 ლარის დაკისრება და მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა (ტომი I, ს.ფ. 11-21, 134-138).
მოპასუხე დ. ი-ოვმა სარჩელი ცნო ქორწინების შეწყვეტის ნაწილში, ალიმენტის დაკისრების ნაწილში სარჩელი ცნო ნაწილობრივ, ხოლო ქონების გაყოფის ნაწილში არ ცნო იმ საფუძვლით, რომ აღნიშნული ქონება წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას და იგი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო თანასაკუთრებად. მისი განმარტებით, სადავო ქონება შეძენილია ნათესავების მიერ ნაჩუქარი თანხებით. ამასთან, ეს ქონება მან გაასხვისა და სახეზე იყო კეთილსინდისიერი შემძენი (ტომი I, ს.ფ. 53-61).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებით მ. ძ-ძის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: ხაშურში, სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ მ. ძ-ძესა და დ. ი-ოვს შორის რეგისტრირებული ქორწინება (სააქტო ჩანაწერი ...) შეწყდა, დ. ი-ოვს დაეკისრა შვილის _ 2008 წლის 21 სექტემბერს დაბადებული მ. ი-ოვის სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 70 ლარის ოდენობით სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2009 წლის 27 ოქტომბრიდან ბავშვის სრულწლოვანებამდე; მ. ძ-ძის სარჩელი ქონების თანამესაკუთრედ ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
მ. ძ-ძე და დ. ი-ოვი 2005 წლის 10 ოქტომბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში;
მეუღლეებს შორის ოჯახის აღდგენა შეუძლებელია;
მხარეთა შორის საქორწინო ხელშეკრულება დადებული არ ყოფილა;
მ. ძ-ძესა და დ. ი-ოვს ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2008 წლის 21 სექტემბერს დაბადებული მ. ი-ოვი. არასრულწლოვანი შვილი ცხოვრობს დედასთან;
მ. ძ-ძე არ მუშაობს და ზრდის მცირეწლოვან შვილს;
რეგისტრირებული ქორწინების პერიოდში _ 2007 წლის 15 იანვარს დ. ი-ოვის მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე 15 000 ლარად შეძენილ იქნა თბილისში ... ბინა ¹18, რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა დ. ი-ოვის სახელზე და ავტომანქანა;
სადავო უძრავი ქონება დ. ი-ოვმა 2009 წლის 22 ოქტომბერს გაასხვისა მ. შ-შვილზე, ხოლო ავტომანქანა _ შ. მ-ძეზე;
2006 წლის დასაწყისში მხარეები გაემგზავრენ საბერძნეთში სამუშაოდ.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ სადავო ქონება წარმოადგენდა მის ინდივიდუალურ საკუთრებას, რამდენადაც დ. ი-ოვმა ვერ წარადგინა აღნიშნული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რისი ვალდებულებაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლიდან გამომდინარე მას გააჩნდა. სასამართლოს მოსაზრებით, ამგვარი სახის მტკიცებულებად მოპასუხის მიერ საქმეზე წარდგენილი (ტომი I, ს.ფ. 62-104) დოკუმენტები ვერ მიიჩნეოდა.
საქალაქო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელი იყო, რის გამოც სარჩელი ქორწინების შეწყვეტის თაობაზე დაკმაყოფილებას ექვემდებარებიდა.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე საქალაქო სასამართლომ ჩათვალა, რომ მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა, შეადგენდა 70 ლარს.
რაც შეეხებოდა მოსარჩელის მოთხოვნას სადავო ქონების 1/2 ნაწილის მესაკუთრედ ცნობის თაობაზე, საქალაქო სასამართლომ დასახელებულ ნაწილში სარჩელი არ დააკმაყოფილა, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:
მართალია, მ. ძ-ძე წარმოადგენდა სადავო ქონებების თანამესაკუთრეს, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში მისი წილი სადავო ქონებიდან გაასხვისა მოპასუხემ და აღნიშნული ქონება ამ დროისათვის წარმოადგენდა სხვა პირის საკუთრებას ხელშეკრულების საფუძველზე, ხოლო მხარეს ამ ხელშეკრულების ნამდვილობა სადავოდ არ გაუხდია. პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა კი შესაძლებელი იყო გარიგების ბათილად ცნობის შემთხვევაში (ტომი I, ს.ფ. 146-153).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ი-ოვმა (წარმომადგენელი ლ. ჩ-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ, კერძოდ, იმ ნაწილში გაუქმება, რომლითაც საქალაქო სასამართლომ დადგენილად ცნო ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სადავო ქონება წარმოადგენს მეუღლეთა თანასაკუთრებას და მითითებულ ნაწილში ამ ქონების დ.Y ი-ოვის ინდივიდუალურ საკუთრებად ცნობა.
აპელანტმა აღნიშნა, რომ არ ეთანხმებოდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მსჯელობას სადავო ქონების მისი და მ. ძ-ძის თანასაკუთრებად აღიარების ნაწილში, რადგან ამასთან დაკავშირებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები სინამდვილეს არ შეესაბამებოდა და გამოკვლეული იყო არასათანადოდ (ტომი I, ს.ფ. 163-172).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინებით დ. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიის 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხარის მიერ სააპელაციო წესით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ან მისი რომელიმე პუნქტის გასაჩივრების შესაძლებლობას. სასამართლოს ეს დასკვნა დაეფუძნა შემდეგ მოტივებს:
I. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე, მათ უფლებამონაცვლეებს, არ შეუძლიათ, ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე, სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
კანონის დასახელებული ნორმის შეფასება იძლევა შემდეგი დასკვნის საფუძველსაც: გადაწყვეტილების კანონიერ ძალას გააჩნია კანონით განსაზღვრული სუბიექტური და ობიექტური ფარგლები, რომელიც აზუსტებს გადაწყვეტილების მოქმედების საზღვრებს. გადაწყვეტილების კანონიერი ძალა ვრცელდება საქმის განხილვაში მონაწილე პირთა წრეზე (სუბიექტური ფარგლები) და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილზე (ობიექტური ფარგლები). შესაბამისად, გასაჩივრებას ექვემდებარება გადაწყვეტილება, თუ სადავოა მისი სარეზოლუციო ნაწილით და არა აღწერილობითი ან სამოტივაციო ნაწილით დადგენილი ფაქტი;
II. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი თავისი არსით წარმოადგენს პირდაპირ და ზუსტ პასუხს სარჩელზე. გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის შესახებ (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი). ამდენად, პირი სარჩელის შეტანის გზით იცავს თავის უფლებას და შელახულ ინტერესებს, ხოლო სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება იმავდროულად იწვევს მისი პრეტენზიის აღმოფხვრას, ვინაიდან სადავოდ მიჩნეული უფლება მოდავე პირის სასარგებლოდაა დაცული და შესაბამისად, მხარის იურიდიული ინტერესიც დაკმაყოფილებულია;
III. სასამართლოს გადაწყვეტილებით სამართლებრივი წესრიგის დადგენა შესაძლებელია მხოლოდ გადაწყვეტილების აღსრულებით, აღსასრულებლად წარიმართება მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” კანონის 21-ე მუხლი);
IV. სასამართლო გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლი) და რომელიმე მათგანის სათანადოდ ან საერთოდ არარსებობა, ხშირ შემთხვევაში, იწვევს მის გაუქმებას (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე, 394-ე მუხლები). გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ფუნდამენტს. მასში უნდა აისახოს სასამართლოს შემეცნებითი მსჯელობა ფაქტების არსებობა-არარსებობის შესახებ (ფაქტობრივი დასაბუთება) და შეფასებითი მსჯელობა ამ ფაქტების იურიდიული ძალისა და მნიშვნელობის შესახებ (სამართლებრივი დასაბუთება). კანონის იმპერატიული დათქმა გადაწყვეტილების დასაბუთების აუცილებლობაზე განპირობებულია მართლმსაჯულების ერთ-ერთი ძირითადი მიზნით, დაარწმუნოს მხარეები დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტაში, ამავდროულად გადაწყვეტილების დასაბუთებით რეალიზებულია საზოგადოების უფლება, იცოდეს, თუ რა გადაწყვეტილებები გამოაქვთ მათი სახელით და რა არის მათი საფუძველი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ი-ოვის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, რამდენადაც სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა (ტომი II, ს.ფ. 5-8).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. ი-ოვმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.
კერძო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებაში აღნიშნულია, რომ მოცემულ შემთხვევაში საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი საპროცესო შედეგით აპელანტის იურიდიული ინტერესი დაკმაყოფილებულია. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება არ მიაქცია იმ გარემოებას, რომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებაში ასახული დასკვნა სადავო ქონების მხარეთა თანასაკუთრებაში არსებობის შესახებ დასახელებულ ფაქტობრივ გარემოებას სხვა სამოქალაქო დავაზე (მოწინააღმდეგე მხარის მიერ სარჩელის აღძვრის შემთხვევაში) აქცევს პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონედ. ასეთ ვითარებაში ვერ ვიტყვით, რომ აპელანტს იურიდიულ ინტერესი არ გააჩნია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოყვანილი აღნიშნული მსჯელობის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლით პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მხრეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. კანონმდებელი არ განსაზღვრავს, რომელ ნაწილში შეუძლია მხარეს გაასაჩივროს გადაწყვეტილება, სამოტივაციო თუ სარეზოლუციო ნაწილში. კერძო საჩივრის ავტორის აზრით, შეიძლება გასაჩივრდეს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ირღვევა მხარის იურიდიული ინტერესი.
გასაჩივრებული განჩინებით გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გასაჩივრების შესაძლებლობის ერთ-ერთ გამომრიცხველ გარემოებად მითითებულია ისიც, რომ აღსასრულებლად წარიმართება მხოლოდ სარეზოლუციო და არა სამოტივაციო ნაწილი, თუმცა კერძო საჩივრის ავტორისთვის გაუგებარია, თუ რა კავშირშია აღნიშნული სადავო შემთხვევასთან (ტომი II, ს.ფ. 12-13).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.
მოცემულ შემთხვევაში დ. ი-ოვი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილს, სადაც სასამართლომ დაადგინა სადავო ქონების მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებობის ფაქტობრივი გარემოება და ითხოვს ამ ქონების მის ინდივიდუალურ საკუთრებად ცნობის შესახებ ფაქტის დადგენას.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება სარეზოლუციო ნაწილისაგან მოწყვეტით და მისგან დამოუკიდებლად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველად დადებული ფაქტების არსებობა-არარსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. მხარის მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლადაც სწორედ იგი წარიმართება. სამოტივაციო ნაწილი ვერ მიექცევა აღსასრულებლად, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი).
სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის, როგორც ამ გადაწყვეტილების საფუძვლის გაუქმებით, საფუძველი გამოეცლება სარეზოლუციო ნაწილსაც.
ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის სისწორე თუ უსწორობა, რომელშიც ასახულია გადაწყვეტილების მოტივები, ვერ გასაჩივრდება სარეზოლუციო ნაწილისგან განყენებულად.
საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 1 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია მოწინააღმდეგე მხარის _ მ. ძ-ძის მიერაც. მისი სააპელაციო საჩივრის განხილვის შემთხვევაში მხარეებს შეუძლიათ მისცენ ახსნა-განმარტებები და დააფიქსირონ პოზიციები, რისი გათვალისწინებითაც საქმეზე გამოვა საბოლოო გადაწყვეტილება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. ი-ოვის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.