Facebook Twitter

ას-335-312-10 27 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

თ. თოდრია (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ი. დ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ბ-ა” (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა სს “ბ-ამ” ს. ლ-ძის, ლ. ლ-ძის, ი. დ-შვილისა და შ.პ.ს. “ჰ-ის” მიმართ გენერალური და საკრედიტო ხელშეკრულებების შეწყვეტილად აღიარების, დავალიანების სოლიდარულად დაკისრებისა და მოპასუხეთა ქონების რეალიზაციის შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “ბ-ას” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხეებს _ ს. ლ-ძეს, ი.დ-შვილსა და შ.პ.ს. “ჰ-ას” სოლიდარულად დაეკისრათ სესხის ძირითადი თანხა 41616.37 აშშ დოლარი და პროცენტი 3264.19 აშშ დოლარი;

ს.ლ-ძეს და შ.პ.ს. “ჰ-ას” სოლიდარულად დაეკისრათ პირგასამტეხლო 4631.62 აშშ დოლარი; არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე სს “ბ-ას” მოთხოვნა ი. დ-შვილისათვის პირგასამტეხლოს 4631.62 აშშ დოლარის დაკისრებაზე, ასევე არ დაკმაყოფილდა სს “ბ-ას” მოთხოვნა 2007 წლის 18 სექტემბრის იპოთეკის ხელშეკრულების ბათილობის გამო ი. ლ-ძის კუთვნილი უძრავი ქონების იძულებითი აუქციონზე რეალიზაციის შესახებ.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ი. დ-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 9 მარტის განჩინებით ი. დ-შვილის საჩივარი განუხილველად დატოვა შემდეგ გარემოებათა გამო:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი. დ-შვილს სააპელაციო საჩივარში არსებული ხარვეზის შესავსებად განესაზღვრა 10 _ დღიანი ვადა და დევალა მოცემულ ვადაში სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 598 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარებში გადახდა და აღნიშნულის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის სააპელაციო სასამართლოში წარმოდგენა.

სააპელაციო პალატის 2010 წლის 4 თებერვლის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ, აპელანტის მეუღლე ე. მ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 15 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით.

ი. დ-შვილის მეუღლისათვის ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების ჩაბარებით, პალატა დადგენილად მიიჩნევს რომ, აპელანტს განჩინება ჩაჰბარდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, 2010 წლის 15 თებერვალს.

დადგენილი ხარვეზის შესახებ ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 16 თებერვლიდან და ამოიწურა 2010 წლის 25 თებერვალს.

სააპელაციო პალატა განმარტავს, რომ ვინაიდან ი. დ-შვილმა არ გამოასწორა ხარვეზი, აღნიშნული გარემოება წარმოადგენს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველს.

აღნიშნული განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ი. დ-შვილის წარმომადგენელმა რ. ხ-იამ. მან მიუთითა, რომ ი. დ-შვილმა მძიმე ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი. ი. დ-შვილი არის პენსიონერი, მას არ გააჩნია შესაძლებლობა გადაიხადოს სასამართლოს მიერ განსაზღვრული თანხა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეს ქონებრივი მდგომარეობის გათვალსიწინებით გადაუვადოს სახელმწიფო ბაჟის გადახდა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებას. მათ სასამართლოს წარუდგეინეს მტკიცებულების სახით ცნობა იმის შესახებ, რომ ი. დ-შვილი არის პენსიონერი და იღებს 80 ლარს პენსიის სახით, სხვა შემოსავალი კი მას არ გააჩნია. სასამართლომ კი არ გაითვალსიწნა ი. დ-შვილის მძიმე ეკონომიკური მდგომარეობა და დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ი. დ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლის მოთხოვნებს, ასევე არ არის გადახდილი ბაჟი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი არ მიიღება.

ამავე კოდექსის 374-ე მუხლის თანახმად, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 თებერვლის განჩინებით ი. დ-შვილს განესაზღვრა 10 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება აპელანტის მეუღლეს ე. მ-ძეს ჩაჰბარდა 2010 წლის 15 თებერვალს, რაც დასტურდება საქმეში არსებული საფოსტო შეტყობინების ბარათით. ხარვეზის შესახებ ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 16 თებერვლიდან და ამოიწურა 2010 წლის 25 თებერვალს. ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, სააპელაციო სასამართლომ მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლოს სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, თუ სასამართლოს უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, გარდა იმ შემთხვევებისა როცა, ისინი განსახილველ საქმეში მონაწილეობენ, როგორც მოწინააღმდეგე მხარეები. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლიარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება, დაკავებული თანამდებობა. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლიარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოაღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ხარვეზის განჩინება ჩაბარებულად ითვლება ი. დ-შვილისათვის 2010 წლის 15 თებერვალს იმის გათვალსიწინებით, რომ მის მეუღლე ე. მ-ძეს ჩაჰბარდა აღნიშნული განჩინება და ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა 25 თებერვალს. ი. დ-შვილმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ შეავსო, მას ამ ვადაში არც განცხადებით მიუმართავს ხარვეზის ვადის გაგრძელების ან გადავადების შესახებ, რის გამოც მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად. გარდა ამისა, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ი. დ-შვილი მართალია, პენსიონერია, მაგრამ მხოლოდ აღნიშნული არ შეიძლება გახდეს სახელმწიფო ბაჟის გადავადების საფუძველი. სხვა უტყუარი მტკიცებულება ქონებრივი მდგომარეობის შესახებ მხარეს არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად მისი სააპელაციო საჩივარი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალსწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ი. დ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.