ას-336-313-2010 7 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)
მოსამართლეები:
ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ამხანაგობა “მ.” (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ნ. მ. ზ. (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ნატურით დაბრუნება, ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ნ. მ. ზ.-მ სარჩელი აღძრა სასამართლოში მენაშენეთა ამხანაგობა “მ.” მიმართ 2008 წლის 4 მარტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი ძირითადი თანხის _ 93035 აშშ დოლარისა და აღნიშნული თანხის 5%-ის _ 4651,75 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით შემდეგი საფუძვლებით: მხარეთა შორის დაიდო უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულება და მოსარჩელემ მოპასუხეს გადაუხადა ნასყიდობის საგნის ღირებულება, თუმცა ამხანაგობამ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და უძრავი ნივთი მოსარჩელის საკუთრებად საჯარო რეესტრი არ აღრიცხა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ამხანაგობა “მ.” აპირებდა რა სადავო ხელშეკრულების პირობების შესრულებას, მოსარჩელემ უძრავი ნივთის რეგისტრაციაზე გაურკვეველი მიზეზით უარი განაცხადა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 15 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. მ. ზ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ამხანაგობა ,,მ.’’ დაეკისრა 2008 წლის 4 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე მოპასუხისათვის გადახდილი ძირითადი თანხის _ 93035 აშშ დოლარის, ასევე ძირითად თანხაზე დარიცხული 5%-ის _ 4651,75 აშშ დოლარის გადახდა ნ. მ. ზ.-ის სასარგებლოდ.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ამხანაგობა “მარსმა” გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით ამხანაგობა “მ.” თავმჯდომარის _ ა. ტ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში 2010 წლის 9 მარტს 12 საათზე დანიშნული იყო ამხანაგობა “მ.” თავმჯდომარე ა. ტ-ის სააპელაციო საჩივრის განხილვა. დანიშნულ დროს სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტი და არც მისი წარმომადგენელი ლ. წ-აია, სასამართლო სხდომის გახსნის შემდგომ პალატა კიდევ 15 წუთის განმავლობაში ელოდა გამოუცხადებელ მხარეს. ასევე, საქმის მასალებით პალატამ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ 2010 წლის 10 თებერვალს აპელანტ ამხანაგობა “მ.” თავმჯდომარე ა. ტ-ს 2010 წლის 9 მარტს, 12.00 საათზე დანიშნული სხდომის თაობაზე ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 387-ე მუხლებით, 229-ე მუხლის მეორე ნაწილით, 275-ე, 276-ე მუხლებით და მიუთითა, რომ სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ არ გამოცხადდება აპელანტი (მისი წარმომადგენელი), აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ და არ არსებობს სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ, რადგან 2010 წლის 9 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის _ ამხანაგობა “მ.” თავმჯდომარე ა. ტ-ში, რომელსაც სასამართლოს სხდომის დღის შესახებ ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობია, შესაბამისად, უნდა დაკმაყოფილდეს აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ამხანაგობა “მარსის” წარმომადგენელმა ლ. წ-აიამ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ არასწორად დატოვა განუხილველად ამხანაგობა “მ.” სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან აპელანტს სასამართლო უწყება ჩაბარდა დაგვიანებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე და 233-ე მუხლების დარღვევით. ამდენად, მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე უნდა ჩაითვალოს საპატიოდ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ამხანაგობა “მ.” კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის.
ამავე კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების მიხედვით, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ, ხოლო 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი, რომელსაც საქმის განხილვის დრო და ადგილი კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ეცნობა, არ გამოცხადდება სასამართლო პროცესზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარე არ იშუამდგომლებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში ამხანაგობა “მ.” სააპელაციო საჩივრის განხილვა სააპელაციო სასამართლოში დანიშნული იყო 2010 წლის 9 მარტს, 12.00 საათზე, რის შესახებ აპელანტი ამხანაგობის დირექტორ ა. ტ-შს ეცნობა სასამართლო სატელეფონო შეტყობინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მხარეები, მათი წარმომადგენლები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას მიეთითება ამ კოდექსის 72-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საკითხები, რა დროსაც დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.
მითითებული ნორმა უფლებას ანიჭებს სასამართლოს, თავად გადაწყვიტოს, თუ რა საშუალებით შეატყობინოს მხარეს სასამართლოში საქმის განხილვის დრო და ადგილი, მათ შორის, კანონი ითვალისწინებს მხარის დაბარებას სატელეფონო კავშირის მეშვეობით, რა დროსაც უნდა შესდგეს და საქმეს დაერთოს შესაბამისი აქტი.
განსახილველ შემთხვევაში კანონის აღნიშნული მოთხოვნა დაცულია, ამდენად, დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტი, რომ მას სააპელაციო სასამართლოში საქმის 2010 წლის 9 მარტს განხილვის თაობაზე კანონის მოთხოვნათა შესაბამისად არ ეცნობა. ამასთან, მხარეს არ დაუკონკრეტებია, თუ რაში გამოიხატა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის დარღვევა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობა კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, რის გამოც სააპელაციო პალატას გასაჩივრებული განჩინება სამართლებრივად დასაბუთებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ამხანაგობა “მ.” წარმომადგენელ ლ.წ-აიას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.