ას-340-316-2010 26 აპრილი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნუნუ კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. წ-შვილი (მოპასუხე)
წარმომადგენელი _ თ. ჯ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ნ-ძე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ნ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. წ-შვილის მიმართ ქ.თბილისში, ... ¹13-ში მდებარე უძრავი ქონების მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან გამოთხოვისა და საკუთრებით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთას კოლეგიის 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ნ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹14-ის მიმდებარედ არსებული 95 კვ.მ მიწის ნაკვეთი (ნაკვეთი 21/026; საკადასტრო კოდი ¹........) გამოთხოვილ იქნა ე. წ-შვილის უკანონო მფლობელობიდან და თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მოსარჩელეს, ე. წ-შვილს აეკრძალა ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹14-ის მიმდებარედ არსებული 95 კვ.მ მიწის ნაკვეთით ზ. ნ-ძისათვის სარგებლობის ხელშეშლა, ასევე დაევალა ე. წ-შვილს მოშალოს ქ.თბილისში, ... ქუჩა ¹14-ის მიმდებარედ არსებული 95 კვ.მ მიწის ნაკვეთზე შემოვლებული ბეტონის ღობე.
2010 წლის 5 იანვარს ე. წ-შვილმა შეგებებული სარჩელი შეიტანა სასამართლოში ზ. ნ-ძის მიმართ და მოითხოვა 2009 წლის 15 ივლისის აუქციონის შედეგებისა და 2009 წლის 5 აგვისტოს ¹292 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა, ასევე სადავო მიწის ნაკვეთის არაკეთილსინდისიერი მფლობელისაგან გამოთხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 11 იანვრის განჩინებით ე.წ-შვილს უარი ეთქვა შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. წ-შვილმა.
ამავე სასამართლოს 2010 წლის 11 იავრის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შეგებებული სარჩელის ავტორმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ამავე სასამართლოს 9 მარტის განჩინებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების შედეგად ე. წ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, მითითებული განჩინებით მოწინააღმდეგე მხარეს მიეცა ვადა სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარმოსადგენად. განემარტათ მხარეებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიერ შესაგებლის სასამართლოს მიერ მითითებულ ვადაში წარმოდგენის შემთხვევაში საქმე განიხილებოდა სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2010 წლის 18 მაისს 9:45 საათზე.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილს განჩინებით ე.წ-შვილის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი.
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განჩინებაზე, რომლითაც სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა ე. წ-შვილის წარმომადგენელმა თ. ჯ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების მთავარი სხდომის დანიშვნის ნაწილში გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: პირველი ინსტანციის წესით საქმის განხილვისას მოსამართლემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე არასწორად გამოიტანა გადაწყვეტილება, ამასთან ამავე მოსამართლემ კერძო საჩივრის ავტორს უსაფუძვლოდ უთხრა უარი შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება და განჩინება შეგებებული სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ გასაჩივრებულ იქნა ე.წ-შვილის მიერ საპროცესო წესების დაცვით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ორი სხვადასხვა განჩინებით კერძო საჩივარზე მხარეს დაუდგინა ხარვეზი, ხოლო სააპელაციო საჩივარზე დანიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა, რაც ხელს შეუშლის საქმეზე კანონიერი გადაწყვეტილების მიღებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. წ-შვილის წარმომადგენელ თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაზე (განჩინებაზე) დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს, კერძოდ, დასახელებული კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მხარეს საპროცესო კანონმდებლობა უფლებას ანიჭებს კერძო საჩივრის შეტანის გზით გაასაჩივროს მხოლოდ ის განჩინებები, რომელთა მიმართაც კანონმდებელი ითვალისწინებს კერძო საჩივრის შეტანას.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ე. წ-შვილის სააპელაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დაინიშნა სასამართლოს მთავარი სხდომა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 376-ე მუხლის თანახმად სააპელაციო საჩივრის განსახილველად მიღების შესახებ განჩინებით სასამართლო განსაზღვრავს საქმის ზეპირი განხილვის დღეს, რის შესახებაც ატყობინებს მხარეებს ამ განჩინების მიღებიდან სამი დღის განმავლობაში. სააპელაციო სასამართლო იღებს კანონით გათვალისწინებულ ყველა ზომას, რათა სააპელაციო საჩივარი განხილულ იქნას დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 207-ე მუხლით კი დადგენილია სასამართლოს მიერ საქმის მთავარ სხდომაზე განხილვის დანიშვნის წესი. დასახელებული ნორმა ადგენს, რომ მოსამართლე სასამართლოს მთავარ სხდომას ჩანიშნავს, მას შემდეგ, რაც საქმეს საკმაოდ მომზადებულად მიიჩნევს.
დასახელებული ნორმების არც ერთი დანაწესი არ მუთითებს სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის უფლების მხარისათვის მინიჭების თაობაზე. აღნიშნული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ე. წ-შვილის წარმომადგენელ თ. ჯ-ძის კერძო საჩივარი სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებაზე, როგორც დაუშვებელი, უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 401-ე, 419-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. წ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.