Facebook Twitter

ას-341-317-2010 7 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე)

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ გ. ხ-შვილი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ი. დ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ ზიანის ანაზღაურება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 3 დეკემბერს სიღნაღის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ი. დ-ძემ მოპასუხე გ. ხ-შვილის მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით.

სასარჩელო განცხადებაში აღნიშნულია, რომ 2009 წლის 10 ოქტომბერს მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა, რის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ი. დ-ძისა და გ. ხ-შვილის ავტომანქანები. საპატრულო პოლიციის მიერ შედგენილი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მიხედვით, მოძრაობის წესები დაარღვია გ. ხ-შვილმა. ამ უკანასკნელმა ხელწერილით იკისრა ვალდებულება, სრულად აენაზღაურებინა ზიანი, კერძოდ, გადაეხადა ი. დ-ძის კუთვნილი ავტომანქანის ღირებულება 5500 აშშ დოლარის ოდენობით. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ გ. ხ-შვილის არ ასრულებდა ვალდებულებას (ს.ფ. 1-12).

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ი. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე გ. ხ-შვილს დაეკისრა 5500 აშშ დოლარის გადახდა ი. დ-ძის სასარგებლოდ. სასამართლომ მიუთითა, რომ სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი გ. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2009 წლის 11 დეკემბერს, მას წერილობითი პასუხის წარმოსადგენად განსაზღვრული ჰქონდა 10 დღე. ამ ვადაში მოპასუხეს წერილობითი პასუხი არ წარუდგენია და არც საპროცესო ვადის გაგრძელებაზე უშუამდგომლია. აღნიშნული გარემოება სასამართლომ მიიჩნია დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის საფუძვლად (ს.ფ. 25-26).

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება. საჩივრის ავტორი მიუთითებდა, რომ იყო ავად, რის გამოც ვერ შეძლო წერილობითი პასუხის წარმოდგენა. აღნიშნულის დასადასტურებლად გ. ხ-შვილმა წარადგინა ცნობა 2009 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 14 იანვრამდე მისი ავადმყოფობის შესახებ (ს.ფ. 31).

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით გ. ხ-შვილის საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 25 დეკემბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი ცნობა ადასტურებდა გ. ხ-შვილის ავადმყოფობას 2009 წლის 18 დეკემბრიდან 2010 წლის 14 იანვრამდე პერიოდში, ხოლო სარჩელისა და თანდართული დოკუმენტების გზავნილი მოპასუხეს ჩაჰბარდა 2010 წლის 11 დეკემბერს, აღნიშნულიდან გამომდინარე, გზავნილის ჩაბარებიდან ექიმისათვის მიმართვამდე გ. ხ-შვილს ჰქონდა დრო წერილობითი პასუხის წარმოსადგენად. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ავადმყოფობის ცნობა არ ადასტურებდა მოპასუხის ავადმყოფობის გამო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად შესაგებლის წარუდგენლობის შეუძლებლობას (ს.ფ. 48-50).

სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე უარის შესახებ სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებისა და დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა. აპელანტი მიუთითებდა, რომ წერილობითი შესაგებლის წარუდგენლობა მოხდა მისი ავადმყოფობის გამო, რასაც ადასტურებდა შესაბამისი ცნობა (ს.ფ. 55-63).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინებით გ. ხ-შვილის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინების ასლი გ. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 9 თებერვალს. სააპელაციო საჩივარი წარდგენილ იქნა 2009 წლის 24 თებერვალს, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ (ს.ფ.66-68).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა გ. ხ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოთვალა საპროცესო ვადის დასასრული და გასაჩივრების ბოლო დღედ არასწორად მიიჩნია 23 თებერვალი. პირველი ინსტანციის სასამართლოს განჩინებით კერძო საჩივრის ავტორს განემარტა, რომ გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი ვადა იწყება იმ მოვლენის დადგომის მეორე დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში ვადის ათვლა უნდა დაწყებულიყო 10 თებერვლიდან და მიმატებოდა კიდევ 14 დღე, რისი გათვალისწინებითაც საპროცესო ვადა მთავრდებოდა 24 თებერვალს (ს.ფ. 73).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ სიღნაღის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 3 თებერვლის განჩინების ასლი გ. ხ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 9 თებერვალს (ს.ფ. 54).

დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მსჯელობა, რომ 2010 წლის 24 თებერვალს, როდესაც მან სააპელაციო საჩივარი შეიტანა, გასაჩივრების ვადა გასული არ იყო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების მოთხოვნებიდან გამომდინარე, სააპელაციო წესით გასაჩივრების 14-დღიანი საპროცესო ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2010 წლის 10 თებერვალს და დასრულდა 2010 წლის 23 თებერვალს. აპელანტმა სააპელაციო საჩივარი წარადგინა 2010 წლის 24 თებერვალს, გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლი ასევე ადგენს, რომ, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. ხ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 9 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.