Facebook Twitter

ას-342-318-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ. გ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – სს “ვ. ბ. ჯ.”, სს “გ. ჰ.” (მოპასუხეები)

დავის საგანი – იპოთეკის ხელშეკრულების არ წარმოშობის აღიარება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა გ. გ-შვილმა სს “ვ. ბ. ჯ.” და სს “გ. ჰ.” მიმართ იპოთეკური ხელშეკრულების არ წარმოშობის აღიარების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 18 ივნისის გადაწყვეტილებით გ. გ-შვილის სარჩელი, მოპასუხეების - სს “ვ. ბ. ჯ.” და სს “გ. ჰ.” მიმართ იპოთეკის ხელშეკრულების არ წარმოშობის აღიარების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ. გ-შვილის წარმომადგენელმა ც. დ-შვილმა.

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინებით განუხილველად დარჩა გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინება აპელანტ, გ. გ-შვილს მის მიერ მითითებულ მისამართზე ჩაჰბარდა 2010 წლის 14 იანვარს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. აპელანტს ხარვეზის შევსებისათვის განესაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 - დღიანი ვადა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, ვინაიდან, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაჰბარდა 2010 წლის 4 იანვარს, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 5 - დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის მომდევნო დღიდან - 2010 წლის 5 იანვრიდან და, საქართველოს სსკ-ს 61-ე მუხლის შესაბამისად, აპელანტს ხარვეზი უნდა შეევსო 2010 წლის 9 იანვრის ჩათვლით. ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ განცხადებით აპელანტმა სააპელაციო სასამართლოს მიმართა 2010 წლის 15 იანვარს, ხარვეზის შევსების ვადის გასვლის შემდეგ. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ გ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი, დაუშვებლობის გამო, დატოვა განუხილველად.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. გ-შვილმა. მან მიუთითა, რომ სააპელაციო საჩივარზე ბაჟი გადაიხადა 2009 წლის 22 სექტემბერს, რის შემდეგ მას კვლავ დაუდგინდა ხარვეზის შესავსებად ვადა და დაევალა სააპელაციო საჩივრის წარდგენა და მითითება იმ გარემოებებზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს. 2010 წლის 15 იანვარს გ. გ-შვილმა ითხოვა ვადის გაგრძელება, მაგრამ სასამართლომ განუხილველად დატოვა სააპელაციო საჩივარი. კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 აგვისტოს განჩინებით აპელანტ გ. გ-შვილს დაევალა სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა იმ გარემოებაზე მითითებით, თუ რაში მდგომარეობს გადაწყვეტილების უსწოროობა, მითითება იმ გარემოებაზე, რომლებიც ასაბუთებენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებებზე, რომლებიც ადასტურებენ ამ გარემოებებს; ასევე მხარეს დაევალა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით. ხარვეზის შევსება აპელანტს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. გ. გ-შვილის წარმომადგენელმა, ც. დ-შვილმა, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების მოთხოვნით, განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მისი მარწმუნებელი ამჟამად არ იმყოფებოდა საქართველოში და აღნიშნულიდან გამომდინარე, მან მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება მის საქართველოში დაბრუნებამდე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 22 სექტემბრის განჩინებით აპელანტ, გ. გ-შვილის წარმომადგენლის - ც. დ-შვილის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, აპელანტ, გ. გ-შვილს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა.

2009 წლის 22 ოქტომბერს გ. გ-შვილმა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს და აღნიშნა, რომ მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით, რის გამოც მოითხოვა სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ოქტომბრის განჩინებით აპელანტ, გ. გ-შვილს 5 დღით გაუგრძელდა ვადა 7 აგვისტოს განჩინებით დადგენილი ხარვეზის შესავსებად. აღნიშნული განჩინება გ. გ-შვილს ჩაჰბარდა 2010 წლის 4 იანვარს. ხარვეზის შესავსებად დადგენილი 5 _ დღიანი ვადა ამოიწურა 2010 წლის 9 იანვარს. მან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ _ 2010 წლის 15 იანვარს მიმართა სასამართლოს ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გ. გ-შვილმა სააპელაციო სასამართლო მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, მან დაგვიანებით შეიტანა განცხადება ხარვეზისთვის დადგენილი ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, შესაბამისად არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 იანვრის განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

გ. გ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 იანვრის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.