¹ას-34-29-2011 15 თებერვალი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – მ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე – ი. კ-შვილი
დავის საგანი – საცხოვრებელ სადგომზე საკუთრების უფლების გადაცემა
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებით ი. კ-შვილისა და ფ. მ-იანის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, ხოლო მ. კ-შვილის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდა. მ. კ-შვილს ი. კ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 17270 ლარის, ასევე დაეკისრა 1122 ლარის გადახდა. მ. კ-შვილს ფ. მ-იანის სასარგებლოდ დაეკისრა 15883 ლარის გადახდა. მ. კ-შვილის მიერ ი. კ-შვილის სასარგებლოდ 18392 ლარის გადახდის შემდეგ ი. კ-შვილის მფლობელობა ქ.თბილისში, ... ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე (ლიტ “ა” II სართული ოთახი ¹5, მის წინ მდებარე შუშაბანდი და სამზარეულო, ამ ოთახის თავზე მოწყობილი მანსარდა) შეწყდა და სადგომი გადაეცა მ. კ-შვილს. მ. კ-შვილის მიერ ფ. მ-იანის სასარგებლოდ 15833 ლარის გადახდის შემდეგ ფ. მ-იანის მფლობელობა ქ.თბილისში, ... ქ. ¹34-ში მდებარე საცხოვრებელ სადგომზე (ლიტ “ა” I სართული ოთახები ¹1 და ¹2 და მათ წინ მდებარე შუშაბანდი და სამზარეულო) შეწყდა და სადგომი გადაეცა მ. კ-შვილს.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. კ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის სასამართლო სხდომაზე მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი და მოითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა, რის შემდეგაც მოითხოვეს ამავე სასამართლოს 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება დასაბუთების გარეშე იმ საფუძვლით, რომ უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც სააპელაციო სასამართლომ დააკმაყოფილა და მხარეებს ჩამოერთვათ ხელწერილი იმის თაობაზე, რომ ისინი არ აპირებენ ზემომითეთებული განჩინების გაუქმებას.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-შვილმა და მოითხოვა მისი გაუქმება. ამასთან, კერძო საჩივრის ავტორი ასაჩივრებს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილებას და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გამოტანილ სააღსრულებო ფურცელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლოს საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიაჩნია, რომ მ. კ-შვილის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 399-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს _ ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 370-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ მხარე სასამართლოს ან მოწინააღმდეგე მხარეს წერილობითი ფორმით გამოუცხადებს უარს სააპელაციო გასაჩივრებაზე, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2010 წლის 8 ნოემბერს დანიშნულ სასამართლო სხდომაზე, მხარეებმა წარმოადგინეს მორიგების აქტი, ითხოვეს მისი დამტკიცება და საქმის წარმოების შეწყვეტა, რაც სააპელაციო სასამართლომ განჩინებით დააკმაყოფილა. ამასთანავე დადგენილია, რომ მხარეებმა წერილობით მოითხოვეს მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი დასაბუთების გარეშე იმ მოტივით, რომ ეთანხმებიან განჩინებას და უარს ამბობენ მის გასაჩივრებაზე, რაც დაადასტურეს პირადი ხელმოწერით. (ს.ფ.25) ზემოთ მითითებული ნორმის მიხედვით, თუკი მხარე წერილობით უარს განაცხადებს განჩიების გასაჩივრებაზე, მის მიერ შემდგომში შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველი უნდა დარჩეს დაუშვებლობის გამო.
რაც შეეხება მ. კ-შვილის მოთხოვნას თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 12 აგვისტოს გადაწყვეტილების და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 8 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გამოტანილი სააღსრულებო ფურცელის გაუქმების თაობაზე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ზემომითითებული გადაწყვეტილება და სააღსრულებო ფურცელი არ წარმოადგენენ კერძო საჩივრის განხილვის ობიექტს. ამდენად, კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ამ ნაწილშიც დაუშვებელია.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. კ-შვილის კერძო საჩივარი დაუშვებელია და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 284-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. მ. კ-შვილის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.