ას-345-329-11 19 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ზ. გ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებაზე.
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი განხილვის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს და მიაჩნია, რომ ზ. გ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
ამავე კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 მარტის განჩინებით ზ. გ-ძეს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2010 წლის 21 მარტს ზ. გ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით მოითხოვა სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 29 მარტის განჩინებით ზ. გ-ძეს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა 5 დღით.
2011 წლის 11 აპრილს ზ. გ-ძემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და აღნიშნა, რომ არ გააჩნია არანაირი უძრავ-მოძრავი ქონება, ცხოვრობს დედის პენსიაზე და მოითხოვა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება.
საკასაციო პალატა გაეცნო განცხადებას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან არ არის დასაბუთებული, ამასთან, განმცხადებლის მიერ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც განმცხადებლის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით დაადასტურებდნენ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობას.
პალატა თვლის, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, კერძო საჩივარი დაუშვებელია და უნდა დარჩეს განუხილველი.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 285-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ზ. გ-ძის კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.