ას-351-327-10 10 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – გ. ნ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ჯ-ერი
დავის საგანი – ქონების თანამესაკუთრედ ცნობა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
1999 წლის 20 აპრილს მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა თ. ჯ-ერმა და მოითხოვა გ. ნ-ძის სახელზე რიცხული უძრავი ქონების, როგორც ერთად ცხოვრების პერიოდში შეძენილი ქონების, თანამესაკუთრედ ცნობა.
მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 მაისის განჩინებით გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 დეკემბრის ¹2\1754 გადაწყვეტილება და ამავე სასამართლოს 1999 წლის 11 თებერვლის ¹2\239 გადაწყვეტილება გ. გ.-ის ძე ნ-ძის სარჩელების გამო მესაკუთრედ ცნობისა და საერთო წილადი საკუთრების სახლში საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესახებ, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, ამ გადაწყვეტილებებით გ. ნ-ძის სახელზე აღრიცხული სახლის 2\4 ნაწილი მდებარე ქ.თბილისი, ... ქ.¹32 აღირიცხა კვლავ ი. მ.-ს ასულ პ.-ს სახელზე, ხოლო საქმეები გ. ნ-ძის სარჩელის გამო და თ. ვ.-ის ასულ ჯ-ერის სარჩელის გამო დარჩა განუხილველი. განჩინება შესასრულებლად გადაეგზავნა ქ.თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მათ ჩანაწერებში ცვლილებების შესატანად.
2009 წლის 30 ნოემბერს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ნ-ძემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ნ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ გ. ნ-ძის მიერ გაშვებულია 1999 წლის 6 მაისის განჩინების გასაჩივრების ვადა. საქმის მასალებით დგინდება, რომ გ.ნ-ძეს ეცნობა 1999 წლის 6 მაისის სხდომის თაობაზე და უწყება ჩაჰბარდა პირადად. გ.ნ-ძე არ გამოცხადდა სხდომაზე და არ განახორციელა თავისი საპროცესო უფლებაუნარიანობა. ამასთანავე, საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის 11 აპრილის განცხადებაზე დაფიქსირებულია გ.ნ-ძის ხელმოწერა. აღნიშნული განცხადებით ქ.თბილისში, ... ქ.32-ში მცხოვრები განმცხადებლები ტ-ძე, ნ-ძე, ც-ავა და გ-ძე შუამდგომლობენ ყადაღის მოხსნას. ასევე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის განჩინებით დგინდება, რომ სასამართლომ განიხილა ზ.ტ-ძის, გ.ნ-ძის, ლ.გ-ძის და ც-ავას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და დააკმაყოფილა განმცხადებელთა შუამდგომლობა. ასევე, თ. ჯ-ერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ტექ.ბიუროს არქივიდან ამოღებული მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ გ.ნ-ძეს 2000 წლის 24 მაისს ¹ნ\280 განცხადებით მიმართა ტექბიუროს, რომლითაც მოითხოვა ცვლილების შეტანა ჩანაწერებში 1999 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ გ. ნ-ძისათვის ცნობილი იყო სადავო განჩინების თაობაზე. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორის პოზიცია იმის თაობაზე, რომ იმ პერიოდისათვის გ. ნ-ძე იმყოფებოდა რუსეთში და ვერ წარადგენდა ზემოთ მითითებულ განცხადებებს.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ნ-ძემ. მან მიუთითა, რომ ის მოითხოვდა 1999 წლის 6 მაისის მას არ ჩაჰბარებია უწყება სასამართლო სხდომის შესახებ. საქმეში წარმოდგენილ უწყებაში გარკვევით იკითხება, რომ ხელმოწერა არ ეკუთვნის გ. ნ-ძეს. ე.ი. ხელმოწერა გაყალბებული კი არ არის, არამედ საერთოდ სხვისია (სხვა სახელი და გვარია მითითებული). მისთვის აღნიშნული განჩინების შესახებ ცნობილი გახდა 2009 წლის 19 ნოემბერს. სააპელაციო სასამართლომ კერძო საჩივარი დაუშვებლად ცნო იმ მოტივით, რომ გასულია განჩინების გასაჩივრების ვადა, რაც არასწორია.
სააპელაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ უკავშირებდა გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლას გადაწყვეტილების ჩაბარებას. იქვე კი იყენებს 220-ე მუხლს, რომლის თანახმად სასამართლო ვალდებული იყო გამოუცხადებელი მხარისათვის ჩაებარებინა გადაწყვეტილება 3 დღის განმავლობაში გადაწყვეტილების გამოტანის დღიდან. დაუშვებელია მხარეს გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აეთვალოს გადაწყვეტილების მიღების დღიდან ამ გადაწყვეტილების ჩაუბარებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ გ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი კერძო საჩივარი თავისი შინაარსით არის არა კერძო საჩივარი, არამე სააპელაციო საჩივარი. მართალია სააპელაციო სასამართლომ ის განიხილა როგორ კერძო საჩივარი, რაც არასწორია, მაგრამ იგი შედეგზე ზეგავლენას ვერ მოახდენს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას სრულად ეთანხმება საკასაციო პალატა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 1999 წლის 6 მაისის განჩინებით გაუქმდა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.თბილისის მთაწმინდის რაიონის სასამართლოს 1998 წლის 30 დეკემბრის ¹2\1754 გადაწყვეტილება და ამავე რაიონის სასამართლოს 1999 წლის 11 თებერვლის ¹2\239 გადაწყვეტილება გ. გ.ის ძე ნ-ძის სარჩელების გამო მესაკუთრედ ცნობისა და საერთო წილადი საკუთრების სახლში საზიარო უფლების ნატურით გაყოფის შესახებ, აღდგენილ იქნა პირვანდელი მდგომარეობა, ამ გადაწყვეტილებებით გ. ნ-ძის სახელზე აღრიცხული სახლის 2\4 ნაწილი მდებარე ქ.თბილისი, ... ქ.¹32 აღირიცხა კვლავ ი. მ.-ს ასულ პ.-ს სახელზე, ხოლო საქმეები გ. ნ-ძის სარჩელის გამო და თ. ვ.-ის ასულ ჯ-ერის სარჩელის გამო დარჩა განუხილველი. განჩინება შესასრულებლად გადაეგზავნა ქ.თბილისის ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მათ ჩანაწერებში ცვლილებების შესატანად.
2009 წლის 30 ნოემბერს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ. ნ-ძემ და მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინებით გ. ნ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ გ. ნ-ძის მიერ გაშვებულია 1999 წლის 6 მაისის განჩინების გასაჩივრების ვადა. როგორ საქმის მასალებიდან ჩანს, გ.ნ-ძეს ეცნობა 1999 წლის 6 მაისის სხდომის თაობაზე და უწყება ჩაჰბარდა პირადად. გ.ნ-ძე არ გამოცხადდა სხდომაზე. საქმეში წარმოდგენილი 2000 წლის 11 აპრილის განცხადებაზე დაფიქსირებულია გ.ნ-ძის ხელმოწერა. აღნიშნული განცხადებით ქ.თბილისში, ... ქ.32-ში მცხოვრები განმცხადებლები ტ-ძე, ნ-ძე, ც-ავა და გ-ძე შუამდგომლობენ ყადაღის მოხსნას. ასევე, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2000 წლის 12 აპრილის განჩინებით დგინდება, რომ სასამართლომ განიხილა ზ.ტ-ძის, გ.ნ-ძის, ლ.გ-ძის და ც-ავას განცხადება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების შესახებ და დააკმაყოფილა განმცხადებელთა შუამდგომლობა. ასევე, თ. ჯ-ერის წარმომადგენლის მიერ წარმოდგენილი ტექ.ბიუროს არქივიდან ამოღებული მოხსენებითი ბარათით დგინდება, რომ გ.ნ-ძემ 2000 წლის 24 მაისს ¹ნ\280 განცხადებით მიმართა ტექბიუროს და მოითხოვა ცვლილების შეტანა ჩანაწერებში 1999 წლის 6 მაისის გადაწყვეტილების საფუძველზე.
ზემოთ მითითებული გარემოებების გათვალისიწნეით, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. ნ-ძისათვის ცნობილი იყო სადავო განჩინების თაობაზე და მას გაშვებული აქვს განჩინების გასაჩივრების ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გ. ნ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 4 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.