ას-352-328-10 17 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ლ. ლაზარაშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები – დ. და ჯ. ი-შვილები (მოპასუხეები)
მოწინააღმდეგე მხარეები – კ. და შ. ს-ძეები (მოსარჩელეები)
დავის საგანი – ანდერძის გაუქმება, მესაკუთრედ ცნობა და უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Qთბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართეს ჯ. და დ. ი-შვილებმა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინებით დ. და ჯ. ი-შვილების განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ. ი-შვილის სააპელაციო საჩივარი კ. ს-ძის სასარგებლოდ ე. ი-შვილის მიერ 1990 წლის 28 დეკემბერს შედგენილი ანდერძის ბათილად ცნობის შესახებ. დაკმაყოფილდა შ. და კ. ს-ძეების სააპელაციო საჩივარი.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ს-ძეების სარჩელი 1991 წლის 21 მარტის ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში არ იყო ხანდაზმული, ვანაიდან დადგენილი იქნა, რომ ანდერძის ბათილობის საფუძვლების შესახებ ს-ძეებმა შეიტყვეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სარჩელი იქნა აღძრული სასამართლოში ი-შვილების მიერ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებელი აღნიშნავს, რომ ს-ძეების სარჩელი ხანდაზმულია და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილი აქვს 1991-1999 წლების სამემკვიდრეო განცხადებების რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერები.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ განმცხადებელს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებები მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარედგინა. პალატა ასევე მიუთითებს, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ადასტურებს სადავო გარემოებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ს-ძეებისათვის სადავო ანდერძის შესახებ ცნობილი იყო 1991 წლიდან, შესაბამისად, საქმის განხილვის დროს აღნიშნული მტკიცებულებების წარდგენა არ გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა დ. ი-შვილმა და მიუთითა, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ ს-ძეების სარჩელი ანდერძის ბათილად ცნობის ნაწილში არ არის ხანდაზმული, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. საქმეში წარმოდგენილია ქ. თბილისის ¹14 სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ზ. ჩ-ძის 1991-1999 წლებში სამემკვიდრეო განცხადებების რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერები, სადაც მეორე გრაფაში მითითებულია სანოტარო მოქმედების შესრულების თარიღი 11.05.91, 11.05.91, 02.07.91. შემდეგ გრაფაში სახელი და გვარი, შემდეგ კი მითითებულია გვარები შესაბამისი რიგითობით - ს-ძე კ., ა. ბ-ძე, დ. ი-შვილი, ჯ. ი-შვილი. აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ს-ძეებმა სასამართლო შეიყვანეს შეცდომაში, როცა განაცხადეს, რომ ანდერძის შესახებ შეიტყვეს მეზობლებისაგან. გასაჩივრებულ განჩინებაში აღნიშნულია, რომ წარმოდგენილი დოკუმენტი ვერ ადასტურებს სადავო გარემოებას, კერძოდ, იმ გარემოებას, რომ ს-ძეებისათვის სადავო ანდერძის შესახებ ცნობილი იყო 1991 წლიდან, შესაბამისად, საქმის განხილვის დროს აღნიშნული მტკიცებულებების წარდგება არ გამოიწვევდა მისთვის სასურველი გადაწყვეტილების გამოტანას, რაც არასწორია, რადგან მათი თქმით, წარმოდგენილი დოკუმენტი ადასტურებს, რომ ს-ძეებისათვის ნამდვილად ცნობილი იყო ანდერძის შესახებ 1991 წელს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ დ. და ჯ. ი-შვილების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სსსკ-ის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის “ვ” პუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ შესაძლებელია მხარემ მიმართოს სასამართლოს, მაგრამ საქმის წარმოების განახლება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვის დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
მოცემულ შემთხვევაში, ახლად აღმოჩენილ გარემოებად მიჩნეულია, რომ ს-ძეების სარჩელი ხანდაზმულია და აღნიშნულის დასადასტურებლად წარმოდგენილია 1991-1999 წლების სამემკვიდრეო განცხადებების რეესტრში რეგისტრირებული ჩანაწერები.
მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ განმცხადებელს შეეძლო აღნიშნული მტკიცებულებები მოცემული საქმის სააპელაციო სასამართლოში განხილვის დროს წარედგინა.
საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, კერძო საჩივრის ავტორმა ვერ დაადასტურა, წარმოდგენილი დოკუმენტების წარუდგენლობის შეუძლებლობა საქმის განხილვის დროს, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სწორად არ დააკმაყოფილა განმცხადებლების მოთხოვნა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ. ამასთან, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ წარმოდგენილი დოკუმენტები ვერ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ ს-ძეებისათვის სადავო ანდერძის შესახებ ცნობილი იყო 1991 წლიდან.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ. და ჯ. ი-შვილების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 27 იანვრის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.