ას-35-30-2011 07 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ.კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ნ. პ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. გ-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 21 აგვისტოს გორის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. პ-შვილმა მოპასუხე თ. გ-შვილის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხესთან 2008 წლის 8 მაისს დადებული უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება (ტომი 1, ს.ფ. 1-10).
გორის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. პ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა (ტომი 1, ს.ფ. 86-90).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. პ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინებით ნ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ პასუხობს ამ მუხლით დადგენილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საჩივარი აღარ მიიღება და დარჩება განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით ნ. პ-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა მის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივრის წარმოდგენა და სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინებით ხარვეზის შევსების ვადა გაგრძელდა 7 დღით.Y
საქმის მასალების თანახმად, სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ 2010 წლის 9 მარტის განჩინება აპელანტ ნ. პ-შვილს გაეგზავნა 2010 წლის 16 მარტს და 2010 წლის 7 აპრილს, მის მიერ მითითებულ მისამართზე. შეტყობინების ბარათების მიხედვით, აპელანტი საქმეში მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობდა.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 76-ე მუხლიდან გამომდინარე მოცემულ შემთხვევაში განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა. დასახელებული ნორმის მიხედვით, მხარეები და მათი წარმომადგენლები მოვალენი არიან აცნობონ სასამართლოს საქმის წარმოების განმავლობაში თავიანთი მისამართის შეცვლის შესახებ. ასეთი ცნობის უქონლობისას უწყება გაიგზავნება სასამართლოსათვის ცნობილ უკანასკნელ მისამართზე და ჩაბარებულად ითვლება, თუნდაც ადრესატი ამ მისამართზე აღარ ცხოვრობდეს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ხავეზის განჩინება აპელანტისათვის ჩაბარებულად მიიჩნეოდა და ვინაიდან ხარვეზი არ იქნა შევსებული, ამიტომ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 31-32).
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა ნ. პ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ მას სააპელაციო საჩივარზე ორჯერ დაუდგინდა ხარვეზი, რაც ორივე შემთხვევაში გამოასწორა. მეორედ ხარვეზის გამოსწორების მიზნით მან სასამართლოს ცნობები ფოსტის მეშვეობით გაუგზავნა, თუმცა სასამართლომ ისინი არ გაიზიარა (ტომი 2, ს.ფ. 41-44).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
ზემოაღნიშნული ნორმები სასამართლოს ავალდებულებს, მხარეს გაუგზავნოს შეტყობინება მის მიერ მითითებულ მისამართზე. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნული ვალდებულება სასამართლოს მიერ კანონის მოთხოვნათა დაცვით იქნა შესრულებული. კერძოდ, ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 მარტის განჩინება აპელანტს გაეგზავნა ორჯერ (2010 წლის 16 მარტს და 7 აპრილს) სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე – ქ.გორი, ... ... ქ.¹57 (ტომი 2, ს.ფ. 22, 28). საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათებით დასტურდება, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე აპელანტი არ ცხოვრობს, ამ მისამართზე ცხოვრობს ნანა რევაზიშვილი (ტომი 2, ს.ფ. 24, 29).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით ან კურიერის მეშვეობით, ხოლო ამავე კოდექსის 71-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულია, რომ, თუ მოსარჩელეს მის მიერ მითითებულ მისამართზე უწყება ვერ ჩაჰბარდა ამ კოდექსის 73-ე მუხლის 11 ნაწილით გათვალისწინებულ მოთხოვნათა დაცვით, უწყება ჩაბარებულად ჩაითვლება. მოცემული მუხლი კი ითვალისწინებს, რომ, თუ პირველად გაგზავნისას სასამართლო უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, უწყება დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით, ერთხელ მაინც, იმავე ან სასამართლოსათვის ცნობილ სხვა მისამართზე.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, აპელანტს ორჯერ გაეგზავნა შეტყობინება მის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე იგი ჩაბარებულად ითვლება.
გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ აპელანტმა 2010 წლის 13 ოქტომბერს, ანუ მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მიმართა სასამართლოს განცხადებით და აცნობა, რომ იგი წლების განმავლობაში ცხოვრობს ქ.გორში, ... ... ქ.¹65-ში, რომელიც ადრე იყო ¹57 (ტომი 2, ს.ფ.). ამდენად, აპელანტი თავად ადასტურებს, რომ მის მიერ მითითებული მისამართი იყო არასწორი, რამაც განაპირობა კიდეც მისთვის ხარვეზის განჩინების ჩაუბარებლობა. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისამართის მითითების სისწორეზე პასუხისმგებლობა მხარეს აკისრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისამართის არასწორად მითითებით გამოწვეული უარყოფითი საპროცესო შედეგი მხარემ უნდა იტვირთოს.
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ მან დროულად შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი. აღნიშნული გარემოების დასადასტურებლად კერძო საჩივრის ავტორმა საჩივარს დაურთო შპს «საქართველოს ფოსტის» ქვითრები (ტომი 2, ს.ფ. 42-43). საკასაციო სასამართლო დასახელებულ ქვითრებს ვერ მიიჩნევს ხარვეზის შევსების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, ვინაიდან ისინი არ შეიცავენ ინფორმაციას, თუ კონკრეტულად რა სახის კორესპონდენცია გაეგზავნა აპელანტის მიერ სააპელაციო სასამართლოს. გარდა ამისა, ხსენებული ქვითრებით ირკვევა, რომ აპელანტის წერილი ფოსტის მეშვეობით სააპელაციო სასამართლოს გაეგზავნა 2010 წლის 13 ოქტომბერს, ანუ ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის ამოწურვიდან რამდენიმე თვის შემდეგ. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ აპელანტის მიერ დღემდე არაა შევსებული სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, კერძოდ, არაა წარმოდგენილი აპელანტის მიერ ხელმოწერილი სააპელაციო საჩივარი და 400 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება გაუქმებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. პ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 19 აპრილის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.