ას-362-342-2011 21 მარტი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
მაია სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ა. ღ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «თ.»
გასაჩივრებული განჩინებები _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლისა და 15 თებერვლის განჩინებები
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება
დავის საგანი – ბრძანების გაუქმება, სამუშაოზე აღდგენა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 21 დეკემბრის განჩინებით ა. ღ-შვილის განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ქ.თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 19 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად დაუშვებლობის გამო, რაც განმცხადებელმა გაასაჩივრა კერძო საჩივრით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა. ღ-შვილის განცხადება საქმის განხილვიდან მოსამართლე თ. ე-შვილის ჩამოცილების შესახებ, ამავე სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის განჩინებით კი, ა. ღ-შვილის განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მისი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის მოტივით.
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 2 თებერვლისა და 15 თებერვლის განჩინებებზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ღ-შვილმა. კერძო საჩივრის ავტორმა მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის მეორე ნაწილზე და მოითხოვა 2011 წლის 15 თებერვლისა და 2 თებერვლის განჩინების გაუქმება, რომლითაც მას ეთქვა უარი საქმის განხილვისაგან მოსამართლე თ. ე-შვილის აცილებაზე, ხოლო მისი კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის გადაცემიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს გასაჩივრებულ განჩინებაზე დაიშვება თუ არა კერძო საჩივრის შეტანა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის აწესებს გარკვეულ შეზღუდვებს. ამავე კოდექსის 419-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ზემდგომი სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრის თაობაზე არ გასაჩივრდება. დასახელებული ნორმა იმპერატიული ხასიათის ნორმათა რიგს განეკუთვნება და ადგენს, რომ ზემდგომი ინსტანციის სასამართლოს მიერ კერძო საჩივრის განხილვისა და მასზე გადაწყვეტილების მიღების შემდეგ საქმის ამავე პროცესუალური წესით შემდგომი გასაჩივრების შესაძლებლობას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო. აღნიშნული განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის საფუძველზე, წარმოადგენს საბოლოო განჩინებას, რომლის შემდგომი გასაჩივრებაც არ დაიშვება, ამასთან ის არ არის შემაჯამებელი გადაწყვეტილება საქმეზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსით კერძო საჩივრის შეტანის გზით განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილ შეზღუდვებს განეკუთვნება ამავე კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში. მოცემული ნორმა იმპერატიულია და მისი დანაწესი კერძო საჩივრის განმხილველ სასამართლოს უდგენს კონკრეტულ ფარგლებს, როდესაც იგი უფლებამოსილია, შეამოწმოს ქვემდგომი სასამართლოს მიერ დავაზე მიღებული განჩინების კანონიერება. მითითებული ნორმის თანახმად, კერძო საჩივარი დაიშვება მხოლოდ კანონით პირდაპირ გათვალისწინებული განჩინების მიმართ და ამ წესის დაუცველად შეტანილი კერძო საჩივარი განუხილველად დარჩება.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ა. ღ-შვილის მოსაზრებას, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის საფუძველზე იგი უფლებამოსილია, კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინებაზე, როგორც საბოლოო (შემაჯამებელ) გადაწყვეტილებაზე კვლავ შეიტანოს კერძო საჩივარი და მასთან ერთად მოითხოვოს იმ განჩინებათა გასაჩივრებაც, რომლების მიმართაც კანონი დამოუკიდებლად არ ითვალისწინებს კერძო საჩირის შეტანას და, რომ აღნიშნული საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი გახდება, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 404-ე მუხლის დანაწესი, რომ საკასაციო სასამართლოს მსჯელობის საგანი შეიძლება გახდეს ის განჩინებებიც, რომელთა მიმართაც კერძო საჩივარი არ დაიშვება, გამოიყენება საქმის საკასაციო წესით განხილვისას და არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის LI თავით დადგენილი წესით საქმის განხილვისას, რადგანაც შემაჯამებელი გადაწყვეტილების საკასაციო წესით განხილვისას სასამართლო აფასებს არა მხოლოდ გადაწყვეტილებაში მითითებული გარემოებებისა და დავის არსის სამართლებრივი შეფასების კანონიერებას, არამედ საქმეზე მიღებული შედეგისა და, მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, მისი განხილვის ყოველი კონკრეტული საპროცესო სტადიის კანონიერებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლისა და 15 თებერვლის განჩინებებზე უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 414-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლისა და 15 თებერვლის განჩინებებზე დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.