Facebook Twitter

ას-364-337-10 23 აპრილი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა მ. კ-იანი კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე და მ. კ-იანის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებით ც. თ-ძისა და მ. კ-იანის სააპელაციო საჩივრები განუხილველად იქნა დატოვებული (ტ. 1, ს.ფ. 701-704).

აღნიშნულ განჩინებაზე 2010 წლის 6 აპრილს მ. კ-იანმა წარადგინა კერძო საჩივარი, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება (ტ.3, ს.ფ. 50-51).

2010 წლის 23 აპრილს კერძო საჩივრის ავტორმა საკასაციო სასამართლოში ასევე წარმოადგინა განცხადება, რომლითაც მოითხოვა მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

საკასაციო სასამართლო წარმოდგენილი კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს გასაჩივრებული განჩინება მ. კ-იანს ჩაჰბარდა 2005 წლის 30 აგვისტოს (ტ.1, ს.ფ. 712). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 60-61-ე მუხლების შესაბამისად, კერძო საჩივრის შესატანად დადგენილი საპროცესო ვადა მოცემულ შემთხვევაში ამოიწურა 2005 წლის 11 სექტემბერს, რომელიც იყო არასამუშაო დღე _ კვირა. შესაბამისად, ხარვეზის შევსების ვადა ამოიწურა მომდევნო პირველ სამუშაო დღეს _ 12 სექტემბერს. კერძო საჩივრის ავტორის მიერ კერძო საჩივარი შეტანილია 2010 წლის 6 აპრილს, ანუ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 4 წლისა და 8 თვის შემდეგ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ, საჩივარი ან საბუთები, რომლებიც საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ არის შეტანილი, დარჩება განუხილველი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მ. კ-იანის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის, ამავე კოდექსის 420-ე მუხლისა და 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად.

კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების გამო, რითაც მოცემულ საქმეზე სრულდება წარმოება, ასევე განუხილველად დატოვებას ექვემდებარება მ. კ-იანის განცხადება გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერების შესახებ.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. კ-იანის კერძო საჩივარი თბილისის საოლქო სასამართლოს სამოქალაქო, სამეწარმეო და გაკოტრების საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 19 აგვისტოს განჩინებაზე და მ. კ-იანის განცხადება განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.