ას-370-350-2011 7 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე და პალატამ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაეს სასამართლოს განსახილველად გადმოეცა ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 მარტის განჩინებით ა. ღ-შვილის შუამდგომლობა, რომ ის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე არ იქნა გაზიარებული და კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, მის ავტორს დაევალა სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ა.ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო სასამართლოს და მოითხოვა საქმის განხილვისაგან მომხსენებელი მოსამართლის _ ბ.ა-ძის აცილება, რაც ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2011 წლის 7 აპრილის განჩინებით ა.ღრუნელაშვილს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებუელების წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, თუმცა მას დადგენილი ხარვეზი არ გამოუსწორებია.
საკასაციო სასამართლო ა.ღ-შვილის განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე, რომელსაც სასამართლომ დაავალა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელება, ვალდებულია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულყოფილად განახორციელოს მისთვის დაკისრებული ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ამ მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ განიხილავს.
მოცემული საქმის მასალებისა და ა.ღ-შვილის 2011 წლის 18 აპრილის განცხადების დებულებათა შესწავლის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედება არ განახორცილება _ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებასა და მის წინმსწრებ განჩინებებზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.