Facebook Twitter

ას-372-345-10 15 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები – მ. მ-ძე, ვ. დ-ძე, ნ. დ-ძე, თ. დ-ძე (მოსარჩელეები)

მოწინააღმდეგე მხარეები – თ. თ-შვილი, ა. ჯ-ძე, ნოტარიუსი ხ. კ-შვილი

დავის საგანი – ნასყიდობის ხელშეკრულების Bბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართეს მ. მ-ძემ, ვ., ნ. და თ. დ-ძეებმა თ. თ-შვილის, ზ. ბ-იონისა და ნოტარიუს ხ. კ-შვილის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანეს მ. მ-ძემ, ვ. დ-ძემ, ნ. დ-ძემ და თ. დ-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინებით მ. მ-ძის, ვ. დ-ძის, ნ. დ-ძისა და თ. დ-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ძეს, ვ. დ-ძეს, ნ. დ-ძესა და თ. დ-ძეს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ვ. დ-ძეზე გაგზავნილი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მის დას _ თ. დ-ძეს 2010 წლის 9 თებერვალს, მ. მ-ძისათვის გაგზავნილი გადაწყვეტილება კი ჩაჰბარდა მის შვილ თ. დ-ძეს, ხოლო თ. დ-ძეს გზავნილი ჩაჰბარდა პირადად, ნ. დ-ძის გზავნილი 2010 წლის 9 თებერვალს ჩაჰბარდა მის შვილ თ. დ-ძეს. ე.ი. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების გზავნილები აღნიშნულ პირებზე ჩაბარებულად ჩაითვალა 2010 წლის 9 თებერვალს. სსსკ-ის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი, ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 23 თებერვალს, აპელანტების მიერ კი სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 26 თებერვალს, 3 დღის დაგვიანებით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოევების საფუძველია.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს მ. მ-ძემ, ვ., ნ. და თ. დ-ძეებმა და მიუთითეს, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 5 იანვრის გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ 10 თებერვალს. მათ შეადგინეს სააპელაციო საჩივარი ყველა აპელანტის სახელით და 19 თებერვალს გადასცეს ოჯახის უფროსს ნ. დ-ძეს სასამართლოს კანცელარიაში ჩასაბარებლად. ნ. დ-ძე ადასტურებს, რომ მას ნამდვილად გადაეცა საჩივარი, მაგრამ 19 თებერვალს, მისი თქმით, მოულოდნელად გაურთულდა ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაღალი სიცხითა და ბრონქიალური შეტევის ფონზე გახდა ცუდად. დასჭირდა სამედიცინო ჩარევა, დაუდგინდა გრიპის ვირუსი, რთული მიმდინარეობით. ასევე ცუდად გახდა მისი მეუღლე, შვილები კი იმყოფებოდნენ თბილისში. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს გასაჩივრების ვადა ჩაეთვალოთ საპატიოდ და შესაბამისად გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. მ-ძის, ნ., ვ. და თ. დ-ძეების კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოძახებული პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 იანვრის გადაწყვეტილების ასლი მ. მ-ძეს, ვ. დ-ძეს, ნ. დ-ძესა და თ. დ-ძეს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით, კერძოდ, ვ. დ-ძეზე გაგზავნილი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მის დას _ თ. დ-ძეს 2010 წლის 9 თებერვალს, მ. მ-ძისათვის გაგზავნილი გადაწყვეტილება კი ჩაჰბარდა მის შვილ თ. დ-ძეს, ხოლო თ. დ-ძეს გზავნილი ჩაჰბარდა პირადად, ნ. დ-ძის გზავნილი ჩაჰბარდა მის შვილ თ. დ-ძეს. ამდენად, სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი 14 _ დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2010 წლის 10 თებერვალს და ამოიწურა ამავე წლის 23 თებერვალს, აპელანტების მიერ კი სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 26 თებერვალს, 3 დღის დაგვიანებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

მოცემულ შემთხვევაში საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ საპატიოდ უნდა იქნეს მიჩნეული მათ მიერ გასაჩივრების ვადის დარღვევა, კერძოდ მ. მ-ძე და ნ. დ-ძე ავად იყვნენ, ხოლო შვილები _ თ. და ვ. დ-ძეები თბილისში იყვენენ, რის გამოც ვერ შესძლეს დროულად სააპელაციო საჩივრის შეტანა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან\და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართალია, კერძო საჩივრის ავტორებმა წარმოადგინეს ექიმის ცნობა ავადმყოფობის შესახებ, მაგრამ წარმოდგენილი ცნობა არ არის ხელმოწერილი სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ, შესაბამისად ის ვერ ჩაითვლება სათანადო მტკიცებულებად. გარდა ამისა, თ. და ვ. დ-ძეებს შეეძლოთ კანონით დადგენილ ვადაში პირადად შეეტანათ სააპელაციო საჩივარი. აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა საპატიოდ ვერ მიიჩნევს მათ მიერ კანონით დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობას საპატიოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. მ-ძის, ნ., ვ. და თ. დ-ძეების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.