ას-375-348-2010 5 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე თ. თოდრია
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა ჯ. ფ-ძის წარმომადგენლის დ. შ-ძის კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებაზე, საქმეზე, სს “ტ-ის” სარჩელის გამო ი/მ ჯ. ფ-ძის, მ. ჩ-ძისა და მ. ფ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ. საკასაციო სასამართლომ
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 6 მაისის განჩინებით ჯ. ფ-ძის წარმომადგენელს დ. შ-ძეს დაევალა ამ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრისა და საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენა.
2010 წლის 18 მაისს კერძო საჩივრის ავტორმა ნაწილობრივ შეავსო ხარვეზი და საკასაციო პალატას წარმოუდგინა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრობის დამადასტურებელი დოკუმენტი; ამასთან, განცხადებით მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის გადახდისათვის სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გაგრძელება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დათქმულ დროში ვერ შეძლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მაისის განჩინებით ჯ. ფ-ძის წარმომადგენლის დ. შ-ძის მოთხოვნა დაკმაყოფილდა. კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა და დაევალა მას განჩინების ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის წარმოადგენა. განჩინებით მას განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში კერძო საჩივარი განუხილველად დარჩებოდა (ს.ფ. 132-133).
მოცემული განჩინება საქმეში მითითებულ მისამართზე გაეგზავნა ჯ. ფ-ძის წარმომადგენელს დ. შ-ძეს. განჩინების ასლი ჩაჰბარდა კანცელარიის თანამშრომელს ლ.ჩ-ძეს 2010 წლის 13 მაისს, თუმცა კერძო საჩივრის ავტორს სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით საკასაციო პალატისათვის არ მიუმართავს ( ს.ფ. 135).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. წარმომადგენელი ვალდებულია უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სასამართლო ვალდებულია საპროცესო მოქმედების შესახებ წერილობითი ფორმით აცნობოს როგორც მხარეს, ისე მის წარმომადგენელს, თუმცა სასამართლო უწყება თუ გზავნილი ჩაბარებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, თუ იგი ჩაბარდა მხოლოდ მხარეს, ან მხოლოდ მის წარმომადგენელს, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ითვალისწინებს წარმომადგენლის ვალდებულებას, აცნობოს მხარეს მის მიერ სასამართლოდან მიღებული ინფორმაცია. ამდენად, სასამართლო უწყებისა თუ გზავნილის მხარისათვის ჩაუბარებლობის შემთხვევაში მისი კანონიერი ინტერესები არ იზღუდება, თუ მითითებული დოკუმენტები მის წარმომადგენელს ჩაბარდება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას; თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ჯ. ფ-ძის წარმომადგენლის დ. შ-ძის კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ. ფ-ძის წარმომადგენლის დ. შ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 5 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.