Facebook Twitter

ას-376-356-2011 19 აპრილი, 2011 წელი,

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ვ. როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მ. სულხანიშვილი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ კ. გ-ა

მოწინააღმდეგე მხარე _ ზუგდიდის მე-... საჯარო სკოლა

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – სასამართლო შეტყობინება და დაბარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 26 ოქტომბერს კ. გ-ამ ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში ზუგდიდის მე-... საჯარო სკოლის წინააღმდეგ სარჩელი აღძრა ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 25 ნოემბრის გადაწყვეტილებით კ. გ-ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება კ. გ-ამ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით, სასამართლოს მთავარ სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობის გამო, კ. გ-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

აღნიშნული განჩინება კ. გ-ამ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მისი მითითებით, იგი სასამართლო სხდომის შესახებ სათანადო წესით გაფრთხილებული არ ყოფილა. სხდომის თაობაზე ეცნობა ადვოკატ ფ. კ-იას, რომლის სახელზე გაცემული მინდობილობა საქმეში იყო წარმოდგენილი, თუმცა, რეალურად, მის ინტერესებს ადვოკატი მ. კ-ია იცავდა. გარდა ამისა, ფ. კ-იას სატელეფონო შეტყობინებით სასამართლო სხდომის დღედ 11 და არა 10 თებერვალი აცნობეს. ადვოკატი მ. კ-ია 11 თებერვალს გამოცხადდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში, მაგრამ მოსამართლის თანაშემწესთან სატელეფონო საუბრის შედეგად გაარკვია, რომ სხდომა ჩატარდა 10 თებერვალს და მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.

იმავე კოდექსის 410-ე მუხლის მიხედვით საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ კანონის მითითებულ დარღვევას არ აქვს ადგილი.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ იგი გაფრთხილებული არ ყოფილა სასამართლო სხდომის თაობაზე.

საქმეში წარმოდგენილი ტელეფონით სასამართლოში დაბარების შესახებ აქტით (ს.ფ. 83) ირკვევა, რომ სასამართლოს მთავარი სხდომის თაობაზე ეცნობა კ. გ-ას წარმომადგენელს – ფ. კ-იას.

კერძო საჩივრის ავტორი უთითებს, რომ, რეალურად, მის ინეტერსებს ორდერის საფუძველზე იცავდა მ. კ-ია. აღნიშნულთან დაკავშირებით საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, თუ მხარეს რამდენიმე წარმომადგენელი ჰყავს, სასამართლო უწყება ჩაბარებულად ითვლება ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარების შემთხვევაშიც. განსახილველ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი იყო ფ. კ-იას სახელზე გაცემული მინდობილობა, რომელიც ძალაში იყო და რომლის მიხედვით, ამ უკანასკნელს სააპელაციო ინსტანციაში მხარის ინტერესების დაცვის უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო უფლებამოსილი იყო სასამართლო სხდომის თაობაზე მხოლოდ ფ. კ-იასათვის ეცნობებინა.

რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მტკიცებას, რომ მის წარმომადგენელს არასწორად შეატყობინეს სასამართლო სხდომის თარიღი, საკასაციო პალატა აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს, რომ იმავე აქტის მიხედვით, მოსამართლის თანაშემწემ ფ. კ-იას 2011 წლის 10 თებერვლის სასამართლო სხდომის შესახებ აცნობა, ხოლო იმის დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ მხარეს სხვა თარიღი ეცნობა და არა ის, რაც აქტშია დაფიქსირებული, კერძო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია. სასამართლოს მოხელის მიერ შედგენილ აქტში მითითებული მონაცემების უსწორობა კი, მხარის მხოლოდ სიტყვიერი განმარტების საფუძველზე ვერ დადასტურდება. მოცემულ შემთხვევაში, კ. გ-ას შეეძლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსაგან გამოეთხოვა სატელეფონო შეტყობინების აუდიოჩანაწერი, საიდანაც ნათლად გაირკვეოდა, რა თარიღი ეცნობა მის წარმომადგენელს. აღნიშნული კი, მხარეს არ განუხორციელებია.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. გ-ას კერძო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე, 410-ე, 70-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. გ-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

მოცემულ საქმეზე უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.