Facebook Twitter

ას-378-351-10 24 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ს. ჩ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – გ. ე-ძე (მოსარჩელე)

დავის საგანი – კრების ოქმის ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება –Q ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. ე-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს. ჩ-ძის მიმართ კრების ოქმის ბათილად ცნობის შესახებ.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით გ. ე-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი სს „მეგობრობის“ 2009 წლის 24 ივლისის საერთო კრების ოქმი ¹1\2009, მოპასუხე ს. ჩ-ძეს დაეკისრა გ. ე-ძის სასარგებლოდ, მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ანაზღაურება.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. ჩ-ძემ.

ვინაიდან სააპელაციო საჩივარზე არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით აპელანტ _ ს. ჩ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის 150 ლარის გადახდისა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სასამართლოში წარმოდგენა და განესაზღვრა 7 _ დღიანი ვადა განჩინების ასლის ჩაბარებიდან. მასვე განემარტა, რომ თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვებოდა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ს. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ აპელანტს და მის წარმომადგენელს, 2010 წლის 12 თებერვლის ხარვეზის განჩინება ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 16 თებერვალს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2010 წლის 23 თებერვლამდე. მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს ხარვეზი ვადაში არ შეუვსია, მისი სააპელაციო საჩივარი, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი უნდა დარჩეს განუხილველი.

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ს. ჩ-ძემ. მან მიუთითა, რომ 2010 წლის 12 თებერვალს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილ იქნა განჩინება ხარვეზის შევსების შესახებ, რომელიც ჩაჰბარდა 2010 წლის 16 თებერვალს. აღნიშნული განჩინებით დაევალა შეევსო ხარვეზი 2010 წლის 23 თებერვლის ჩათვლით. სააპელაციო სასამართლომ ხარვეზის შეუვსებლობის გამო მისი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველად. მისი მითითებით, ხარვეზი შევსებულია კანონით დადგენილ ვადაში და დადგენილი ფორმით, კერძოდ კი 2010 წლის 23 თებერვალს, მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გააგზავნა განცხადება ხარვეზის შევსების შესახებ და ბაჟის გადახდის ქვითარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კერძო საჩივრის ავტორმა მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ ს. ჩ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლით, თუ არ არსებობს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 თებერვლის განჩინებით ს. ჩ-ძეს დაევალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენა სასამართლოში. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი აპელანტს და მის წარმომადგენელს გაეგზავნათ და ჩაჰბარდათ კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 16 თებერვალს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2010 წლის 23 თებერვლამდე. ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით ს. ჩ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ს. ჩ-ძემ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში შეავსო ხარვეზი, კერძოდ, მას ხარვეზის შესავსებად ვადა ჰქონდა დანიშნული 2010 წლის 23 თებერვლის ჩათვლით. ს. ჩ-ძემ ფოსტის მეშვეობით გააგზავნა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი 2010 წლის 23 თებერვალს, ანუ მან ხარვეზი შეავსო სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში (ს.ფ. 146).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ ს. ჩ-ძის კერძო საჩივარი საფუძვლიანია, რის გამოც უნდა გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ს. ჩ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 თებერვლის განჩინება და საქმე დასაშვებობის ეტაპიდან ხელახლა განსახილვეალდ დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს შესაბამის პალატას;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.