ას-380-360-11 24 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე – ბ. ალავიძე
კერძო საჩივრის ავტორი _ შპს «გ.», ს. ნ-ძე, ქ. კ-ძე, გ. ჯ-შვილი, თ. კ-შვილი, წარმომადგენელი _ ი. კ-ია
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ბანკი ...»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას საჩივრით მიმართა შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენელმა ი. კ-იამ, რომლითაც მოითხოვა შ.პ.ს. «დავების განმხილველი ცენტრის» 2009 წლის 12 იანვრის ¹47 გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით შპს «გ-ს», ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილის, თ. კ-შვილისა და ს. ნ-ძის წარმომადგენლის ი. კ-იას საჩივარი საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე დარჩა განუხილველად «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 42-ე მუხლის მეორე პუნქტით დადგენილი არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვის 90-დღიანი ვადის დარღვევის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ლაძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენელმა ი. კ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო მოცემული საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენლის ი. კ-იას კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე, მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
მითითებული კანონის დანაწესი განსაზღვრავს კერძო საჩივრის შეტანის პირობებს და ადგენს, რომ კერძო საჩივრის შეტანა დასაშვებია მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს პირდაპირაა მითითებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
მოცემულ შემთხვევაში, შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენელი ი. კ-ია კერძო საჩივრით ითხოვს სააპელაციო სასამართლოს იმ განჩინების გაუქმებას, რომლითაც მათი საჩივარი შპს «დავების განმხილველი ცენტრის» 2009 წლის 12 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ დარჩა განუხილველად.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35612 მუხლის თანახმად, არბიტრაჟთან დაკავშირებულ საქმეებს სასამართლო განიხილავს ამ კოდექსით დადგენილი წესებით, მხოლოდ «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში. ამავე კოდექსის 35624 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონით განსაზღვრული საფუძვლით საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გასაჩივრება ხდება სასამართლოში საჩივრის შეტანის გზით.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, არბიტრაჟთან დაკავშირებული დავების სასამართლოში განხილვა ხდება სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობისა და «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონის საფუძველზე ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენელ ი. კ-იას კერძო საჩივარი დაუშვებელია, რადგან არც სამოქალაქო საპროცესო კოდექსი და არც «არბიტრაჟის შესახებ» საქართველოს კანონი გასაჩივრებულ განჩინებაზე (საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ) კერძო საჩივრის შეტანის შესაძლებლობას არ ითვალისწინებს. მითითებული კი, როგორც ზემოთ აღინიშნა, კერძო საჩივრის დასაშვებობის აუცილებელი წინაპირობაა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლით, 35613 მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს «გ-ს», ს. ნ-ძის, ქ. კ-ძის, გ. ჯ-შვილისა და თ. კ-შვილის წარმომადგენელის ი. კ-იას კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.