ას-382-355-2010 7 მაისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ე. ბ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “ჭ-ი”
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაცო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინებით ე. ბ-ძის განცხადება ამავე სასამართლოს 2009 წლის 27 მაისის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ დარჩა განუხილველად განცხადებაზე დადგენილი ხარვეზის გამოუსწორებლობის გამო.
ე. ბ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ამავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინებით ე. ბ-ძის განცხადება სამოქალაქო საქმეზე ¹2/ბ-656-2009 ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 9 ოქტომბრის განჩინების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ე. ბ-ძემ, მოითხოვა მის განხილვამდე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის საფუძველზე ექსპერტიზის დანიშვნა, ამავე კოდექსის 31-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის საქმის განხილვისაგან ჩამოშორება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 134-ე მუხლის მეორე ნაწილისა და 109-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად მოსამართლე ი.პ-ძის მიერ ი.ა-შვილისა და ენერგოკომპანიის საქმეზე მიღებული განჩინების გამოთხოვა, კერძო საჩივრის ზეპირი მოსმენით განხილვა და მოწმეთა დაკითხვა.
კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება მის შვილს _ გ. ბ-ძეს პირადად ჩაბარდა 2010 წლის 17 მარტს, ხოლო ფოსტით _ 19 მარტს. გ.ბ-ძე იმყოფებოდა თბილისში, რის გამოც ადრესატისათვის განჩინების გადაცემა 2010 წლის 2 აპრილამდე ვერ მოხერხდა. აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით ე.ბ-ძემ კერძო საჩივარი შეიტანა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი საპროცესო ვადის დაცვით. ე.ბ-ძემ განსახილველ კერძო საჩივარს ასევე დაურთო საქართველოს სახალხო დამცველის, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისადმი მიმართვების რეგისტრაციაში გატარების ქვითრები, რომლებითაც დასტურდება, რომ ¹0777-06/9 განცხადება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში რეგისტრირებულია 2010 წლის 1 აპრილს, ამავე რიცხვითაა რეგისტრირებული ¹7818 განცხადება საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ხოლო ე.ბ-ძის მიერ წარმოდგენილი ¹76 ავტობუსის ბილეთი დათარიღებულია 2010 წლის 3 აპრილით. კერძო საჩივრის ავტორმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა საკასაციო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით. მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის შემოტანიდან 10 დღეში იხილავს მისი დასაშვებობის საკითხს, რა დროსაც სხვა გარემოებებთან ერთად ამოწმებს კერძო საჩივარი შეტანილია თუ არა კანონით დადგენილ ვადაში.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. ამდენად, დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, განჩინების გასაჩივრებისათვის კანონი ადგენს 12-დღიან ვადას, რომლის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია და მხარეს უფლება ეძლევა, კერძო საჩივარი შეიტანოს განჩინების კანონით დადგენილი წესის შესაბამისად ჩაბარების ან გამოცხადების მომენტიდან. აღნიშნული ნორმა იმპერატიული ხასიათისაა და ამ ვადის აღდგენა თუნდაც მხარის მიერ საპატიო მიზეზით გაშვების შემთხვევაშიც კი არ დაიშვება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით უდავოდ დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 თებერვლის განჩინება ე. ბ-ძის შვილმა _ გ. ბ-ძემ პირადად ჩაიბარა 2010 წლის 17 მარტს (იხ.ტ.III, ს.ფ.40), ხოლო ე.ბ-ძემ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა ამავე წლის 7 აპრილს (იხ.ტ.III ს.ფ.41).
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ე. ბ-ძის მითითებას, რომ რადგანაც გასაჩივრებული განჩინება მას პირადად ჩაბარდა 2010 წლის 2 აპრილს კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენა სწორედ აღნიშნული მომენტიდან დაიწყო და მას დაცული აქვს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით იმპერატიულად დადგენილი 12-დღიანი ვადა, რადგანაც ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი ადგენს იმ გარემოებებს, როდესაც სასამართლო შეტყობინება ადრესატისათვის ჩაბარებულად მიიჩნევა. დასახელებული ნორმა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს სასამართლო შეტყობინების მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტთა წრეს, მათ შორისაა ოჯახის სრულწლოვანი წევრი. ამასთან, აღნიშნულ სუბიექტთაგან ერთ-ერთისათვის სასამართლო შეტყობინების გადაცემა განიხილება უშუალოდ შეტყობინების ადრესატისათვის ჩაბარებად და აღნიშნული საკმარისი საფუძველია კანონმდებლობითა თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრული საპროცესო ვადის ასათვლელად. დასახელებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, გასაჩივრებულ განჩინებაზე კერძო საჩივრის შეტანის ვადის დენა დაიწყო ე.ბ-ძის ოჯახის სრულწლოვანი წევრისათვის განჩინების გადაცემის დღის მომდევნო კალენდარული დღიდან _ 2010 წლის 18 მარტიდან და ამოიწურა ამავე წლის 29 მარტს, საქმის მასალებით კი ასევე დასტურდება, რომ ე.ბ-ძემ სასამართლოს კერძო საჩივრით მიმართა 2010 წლის 7 აპრილს, განჩინების გასაჩივრებისათვის დადგენილი საპოცესო ვადის დარღვევით, რაც კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ე. ბ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.