ას-383-356-2010 24 მაისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),
ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ლ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ დ. კ-ძე
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის განცხადება ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ტექსტი: “გასწორდეს შ. კ-ძისა და ლ. მ-ძის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის გასწვრივ, სწორხაზოვნად” განიმარტა შემდეგნაირად: “გასწორდეს შ. კ-ძისა და ლ. მ-ძის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის გასწვრივ, სწორხაზოვნად, ანუ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების ა. ჭ-შვილისა და გ. ი-შვილის 2005 წლის 14 დეკემბრის დასკვნას თანდართული ნახაზის შესაბამისად, ისე, რომ ნახაზის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილებს შორის გაიბას თოკი და მის გეგმილზე მოეწყოს ღობე” (ტომი III, ს.ფ. 26-31).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება შევიდა კანონიერ ძალაში.
2010 წლის 22 იანვარს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განცხადებით მიმართა ლ. მ-ძემ (წარმომადგენელი ი. გ-ძე), რომელმაც მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო ზემოთ დასახელებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება.
ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელმა მიუთითა მისი სარჩელით განსახილველ სხვა სამოქალაქო საქმეზე (საქმე ლ. მ-ძის სარჩელისა გამო სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2008 წლის 3 ივლისის ოქმის ბათილად ცნობის, აგრეთვე, შ. და დ. კ-ძეების საკუთრებაში არასწორი აღსრულების შედეგად გადაცემული 12კვ.მ მიწის ფართის გამოთხოვის თაობაზე) ექსპერტთა მიერ მიცემულ ჩვენებაზე. განმცხადებლის მითითებით, ამ საქმეზე ექსპერტებმა (ა. ი-შვილი, გ. ი-შვილი) განმარტეს, რომ საზღვარზე “ა” და “ბ” წერტილების შეერთების შედეგად მიიღება მრუდხაზოვანი გეგმილი ღობის მოსაწყობად. ე.ი. საზღვარი ვერანაირად ვერ დაემთხვევა ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის გასწვრივ სწორხაზოვნად მოწყობილ გეგმილზე საზღვარს. ამდენად, ექსპერტთა განმარტებით გაირკვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილი განმარტება ეწინააღმდეგება 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებას და ასევე წინააღმდეგობაშია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნასთან. ამასთან, ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ნახაზზე ასახული და მის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილებს შორის გავლებულ გეგმილზე სიმრუდე შეადგენს 50სმ-ს, მაგრამ 50სმ სიმრუდის დასაწყისი არის არა ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობესთან, არამედ მისგან რამდენიმე მეტრის მოცილებით. თუ ნახაზის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილები შეერთდება თოკით და მის გეგმილზე მოეწყობა ღობე, ეს ვერანაირად ვერ იქნება ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის სწორხაზოვანი (ტომი IV, ს.ფ. 1-2).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით ლ. მ-ძის (წარმომადგენელი ი. გ-ძე) განცხადება არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის 1-ლი ნაწილის “ვ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება დასაშვებია, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინების განმარტებას საფუძვლად დაედო შემდეგი გარემოება: განსამარტი გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ საზღვარი დაადგინა ამავე საქმეზე სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების მიერ შეთავაზებული წესით, ექსპერტიზის დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განმცხადებლის მიერ ახლად აღმოჩენილად მიჩნეული გარემოების არსებობის შემთხვევაშიც კი სასამართლო არ მიიღებდა სხვაგვარ გადაწყვეტილებას. ექსპერტებს ახლად აღმოჩენილად მიჩნეული ჩვენება კიდეც რომ მიეცათ გადაწყვეტილების განმარტების ეტაპზე, ეს არ შეცვლიდა იმ გარემოებას, რომ 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლომ მხარეთა შორის არსებული საზღვარი დაადგინა ისე, როგორც ეს შეთავაზებული ჰქონდათ ექსპერტებს.
არსებითად, განმცხადებელი, ახლად აღმოჩენილად მიიჩნევდა იმას, რომ ექსპერტთა ჩვენების მიხედვით, მათივე დასკვნის შესაბამისად დადგენილი საზღვარი არ იქნება ბეტონის ღობის მიმართ სწორხაზოვანი. ამასთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი:
2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასამართლოს არ დაუდგენია, რომ საზღვარი უნდა გაგრძელებულიყო ბეტონის ღობიდან სწორხაზოვნად. ამ გადაწყვეტილებაში ბეტონის ღობე იყო ათვლის წერტილი, სწორედ ამიტომ იქნა მასში მითითებული, რომ საზღვარი უნდა დადგინდეს ბეტონის ღობის გასწვრივ და არა _ გაგრძელებაზე. სიტყვა “სწორხაზოვანი” ნიშნავდა, რომ სწორი უნდა ყოფილიყო თავად სასაზღვრო მიჯნა, ანუ ღობე. ასევე იყო განმარტებული აღნიშნული გადაწყვეტილება 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებითაც.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ განცხადება უსაფუძვლოდ მიიჩნია და არ დააკმაყოფილა (ტომი IV, ს.ფ. 57-59).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ლ. მ-ძემ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად სააპელაციო სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა ემყარება შემდეგ მოტივებს:
მას შემდგომ, რაც იმერეთის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებელმა გ. დ-ძემ მიიღო სასამართლოს განმარტება იმის შესახებ, თუ როგორ უნდა მოეხდინა მოდავე მხარეებს _ შ. კ-ძესა და ლ. მ-ძეს შორის არსებული საზღვრის გასწორება, რომელიც დადგენილი იყო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით, ამ ნაკვეთებს შორის მოახდინა მიჯნის აღმართვა. მანვე ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის ბოლო წერტილიდან ლ. მ-ძის ნაკვეთის მხარეს გადაზომა 70სმ ფართი, რომელიც შეუერთა “ბ” წერტილს.
ლ. მ-ძემ მიიჩნია, რომ, აღსრულება ეწინააღმდეგებოდა 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით დადგენილ საზღვარს, რის გამოც იგი სადავოდ გახადა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით. დასახელებულ საქმეზე დავის საგანს წარმოადგენს: ა. სააღსრულებო მოქმედების შესახებ 2008 წლის 3 ივლისის ოქმის ბათილად ცნობა; ბ. შ. და დ. კ-ძეების საკუთრებაში არასწორი აღსრულების შედეგად გადაცემული მისი კუთვნილი 12კვ.მ მიწის ფართის გამოთხოვა.
ლ. მ-ძის სარჩელით აღძრულ სამოქალაქო საქმეზე 2010 წლის 13 იანვრის სხდომაზე მოწმის სახით დაიკითხა ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტები ჭ-შვილი და ი-შვილი. მათ თავიანთი დასკვნის ირგვლივ მოდავე მხარეებს შორის საზღვრის გასწორებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვებს გასცეს პასუხები. ამ პასუხებიდან გამოირკვა, რომ “ა” და “ბ” წერტილების შეერთების შედეგად მიიღება მრუდხაზოვანი გეგმილი ღობის მოსაწყობად, ე.ი. საზღვარი ვერანაირად ვერ დაემთხვევა ფაქტობრივად არსებულ ბეტონის ღობის გასწვრივ სწორხაზოვნად მოწყობილ გეგმილზე გამავალ საზღვარს. იმავდროულად ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ ნახაზზე ასახული და მის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილებს შორის გავლებულ გეგმილზე სიმრუდე შეადგენს 50სმ-ს, მაგრამ 50სმ სიმრუდის დასაწყისი არის არა ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობესთან, არამედ მისგან რამდენიმე მეტრის დაცილებით. თუ ნახაზის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილები შეერთდება თოკით და მის გეგმილზე მოწყობა ღობე, ეს ვერანაირად ვერ იქნება ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის სწორხაზოვანი.
ამდენად, ექსპერტების დაკითხვით გამოირკვა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 1 ნოემბრის განჩინებით დადგენილი განმარტება წინააღმდეგობაშია 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებასთან, რაც ასევე ეწინააღმდეგება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის მოთხოვნას.
კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ ექსპერტების დაკითხვის შედეგად მოპოვებული წერილობითი მტკიცებულება არის ახლად აღმოჩენილი გარემოება, რომლის გათვალისწინების შემთხვევაში სასამართლო სხვაგვარ განმარტებას გააკეთებდა (ტომი IV, ს.ფ. 63-66).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება დატოვებულ იქნეს უცვლელად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის “ვ” ქვეპუნქტი ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლებას უკავშირებს მხარის მიერ ისეთი ახალი გარემოებების ან მტკიცებულებების მოპოვებას, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. ამავე ნორმის მე-3 ნაწილი დასახელებული საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას დასაშვებად მიიჩნევს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა, საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე. კანონმდებელი ახლად აღმოჩენილად არ განიხილავს იმ გარემოებებს, რომლებიც საქმის წარმოების დასრულებამდე მხარეს შეეძლო მოეპოვებინა და შესაბამისად, სასამართლოს მათ შესახებ ემსჯელა.
საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2007 წლის 1 ნოემბრის გასაჩივრებული განჩინებით იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სასამართლო აღმასრულებლის განცხადების საფუძველზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილების ტექსტი: “გასწორდეს შ. კ-ძისა და ლ. მ-ძის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის გასწვრივ, სწორხაზოვნად” განიმარტა შემდეგნაირად: “გასწორდეს შ. კ-ძისა და ლ. მ-ძის ნაკვეთებს შორის არსებული საზღვარი ფაქტობრივად არსებული ბეტონის ღობის გასწვრივ, სწორხაზოვნად, ანუ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების _ ა. ჭ-შვილისა და გ. ი-შვილის 2005 წლის 14 დეკემბრის დასკვნას თანდართული ნახაზის შესაბამისად, ისე, რომ ნახაზის მიხედვით “ა” და “ბ” წერტილებს შორის გაიბას თოკი და მის გეგმილზე მოეწყოს ღობე” (ტომი III, ს.ფ. 26-31, ტომი I, ს.ფ. 2020-211).
განმცხადებელი ახლად აღმოჩენილ გარემოებად ასახელებს მისი სარჩელით განსახილველ სხვა სამოქალაქო საქმეზე იმავე ექსპერტების მიერ მიცემულ ჩვენებას, რის საფუძველზეც სადავოდ ხდის გასაჩივრებული განჩინებით დადგენილი განმარტების სისწორეს.
საქმეზე წარმოდგენილი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2006 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით უდავოდ დასტურდება, რომ სასამართლომ მოდავე მხარეებს _ ლ. მ-ძეს, დ. და შ. კ-ძეებს შორის ნაკვეთების გამიჯვნა მოახდინა ამავე საქმეზე იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტების (ა. ჭ-შვილი, გ. ი-შვილი) მიერ შეთავაზებული წესით, კერძოდ, ექსპერტიზის 2005 წლის 14 დეკემბრის დასკვნაზე თანდართული ნახაზის შესაბამისად (ტომი I, ს.ფ. 208, ს.ფ. 104,105). თავის დროზე ექსპერტიზის აღნიშნული დასკვნის სისწორე ლ. მ-ძეს სადავოდ არ გაუხდია, არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება გაუსაჩივრებია საკასაციო წესით. ლ. მ-ძეს კერძო საჩივრით სასამართლოს არც ის განჩინება გაუსაჩივრებია, რომლითაც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება განიმარტა სწორედ ექსპერტიზის 2005 წლის 14 დეკემბრის დასკვნის გათვალისწინებით. ამჟამად საქმის წარმოების განახლების საფუძვლად განმარტების შესახებ კანონიერ ძალაში შესული განჩინების მოტივების მცდარობაზე მითითება ვერ ჩაითვლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებად და საქმის წარმოების განახლებას ვერ განაპირობებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება;
განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.