¹ას-384-364-2011 18 აპრილი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ. კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ო-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «ს.... ბანკი»
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გორის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით სს «ს.... ბანკის» სარჩელი მოპასუხეების, მათ შორის, ლ. ო-შვილის მიმართ საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების და იპოთეკითა და გირავნობით დატვირთული ქონების იძულებითი წესით რეალიზაციის თაობაზე დაკმაყოფილდა (ტომი 2, ს.ფ. 80-95).
დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ლ. ო-შვილმა (ტომი 2, ს.ფ. 123-133).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით ლ. ო-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას გამოარკვია, რომ რაიონული სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება ლ. ო-შვილის დას, მ. ო-შვილს ჩაჰბარდა 2011 წლის 17 იანვარს. ასეთ ვითარებაში გადაწყვეტილება ლ. ო-შვილისათვის ჩაბარებულად ითვლებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად. ამ ნორმის მიხედვით, ადრესატის არყოფნის შემთხვევაში გზავნილის მასთან მცხოვრებ სრულწლოვან წევრზე გადაცემა ითვლება გზავნილის ადრესატისათვის ჩაბარებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ო-შვილს სადავო გადაწყვეტილება უნდა გაესაჩივრებინა 2011 წლის 31 იანვრის ჩათვლით. რამდენადაც მან სააპელაციო საჩივარი სასამართლოში შეიტანა 2011 წლის 1 თებერვალს, იგი დაუშვებელი იყო კანონით დადგენილ ვადაში წარუდგენლობის გამო (ტომი 3, ს.ფ. 6-8).
სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინება ლ. ო-შვილმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა. საჩივრის ავტორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას და საქმის არსებითად განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას შემდეგ მოტივებზე მითითებით:
ლ. ო-შვილს სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ გაუშვია, ვინაიდან სააპელაციო საჩივრით გასაჩივრებული გადაწყვეტილება არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არ ჩაბარებიათ. გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2011 წლის 30 იანვარს, რომელიც იყო კვირა დღე. აღნიშნულ დღეს აპელანტს საქმეზე მოპასუხედ მყოფმა რუსუდან ყანჩაველმა უთხრა, რომ მან მიიღო სასამართლოს გადაწყვეტილება, სწორედ ამ დღეს გაეცნო ლ. ო-შვილი მის შინაარსს. კერძო საჩივრის განმარტებით, მისთვის გაუგებარია, თუ ვის ჩაბარდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების მისთვის გაგზავნილი ასლი. მისი ოჯახი სამი წევრისაგან შედგებ, დანარჩენ ორ წევრს წარმოადგენენ: მეუღლე მ. ხ-იანი და შვილი თ. ხ-იანი. აქედან, არც ერთს გადაწყვეტილება არ ჩაბარებია (ტომი 3, ს.ფ. 13-14).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ო-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. ამავე კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენელისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილი აწესრიგებს შემთხვევას, როდესაც ადგილი აქვს მხარის მოუძიებლობას მის მიერ მითითებულ მისამართზე. ასეთ დროს კანონი ადგენს, რომ სასამართლო უწყების ჩამბარებელი პირი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დგინდება ის გარემოება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი აპელანტ ლ. ო-შვილს გაეგზავნა სააპელაციო საჩივარში მის მიერ მითითებულ მისამართზე: რუსთავი, ...ის მე-3 დასახლება ¹148. საფოსტო გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათის თანახმად, დასახელებულ მისამართზე ლ. ო-შვილისათვის განკუთვნილი სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა მის დას, მ. ო-შვილს, რაც დადასტურებულია ამ უკანასკნელის ხელმოწერით. გზავნილის ჩაბარების თარიღია 2011 წლის 17 იანვარი (ტომი 2, ს.ფ. 108). საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება აპელანტის დისათვის, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მიიჩნევა გზავნილის ჩაბარებად აპელანტისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის 14-დღიანი ვადის ათვლა მოცემულ შემთხვევაში დაიწყო 2011 წლის 18 იანვარს. ეს ვადა დასრულდა 2011 წლის 31 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე _ ორშაბათი. დროის ამ მონაკვეთში მოპასუხეს სააპელაციო საჩივარი არ წარუდგენია, მან გორის რაიონულ სასამართლოს სააპელაციო საჩივრით მიმართა დაგვიანებით _ 2011 წლის 1 თებერვალს. აქედან გამომდინარე, სააპელაციო საჩივარი სწორად დარჩა განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რაიონული სასამართლოს 2010 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება არც მას და არც მისი ოჯახის რომელიმე წევრს არ ჩაბარებია, გადაწყვეტილების თაობაზე მისთვის ცნობილი გახდა 2011 წლის 30 იანვარს, და შესაბამისად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არ გაუშვია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მოცემულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორმა ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულების (მტკიცებულებების) სასამართლოსათვის წარდგენა, კერძოდ, მან სასამართლოს ვერ დაუდასტურა ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გზავნილის მიმღები პირი, მ. ო-შვილი, არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ გზავნილის მიღებაზე უფლებამოსილ სუბიექტს. აქედან გამომდინარე, მხარის დასახელებული არგუმენტი, საფუძველს მოკლებულია.
კერძო საჩივრის ავტორის ზემომითითებული მსჯელობის უსაფუძვლობას ცხადყოფს 2011 წლის 28 იანვარს გორის რაიონულ სასამართლოში მის მიერ წარდგენილი განცხადების შინაარსი. ამ განცხადებაში ლ. ო-შვილი თავად ადასტურებს, რომ მოცემული დროისათვის მას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება უკვე ჩაბარებული ჰქონდა (ტომი 2, ს.ფ. 110).
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ლ. ო-შვილმა გაუშვა სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით დადგენილი ვადა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის 1-ლი ნაწილისა და 63-ე მუხლის თანახმად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინებით მისი სააპელაციო საჩივარი სწორად იქნა დატოვებული განუხილველად.
ამდენად, ლ. ო-შვილის კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია და იგი დაკმაყოფილებას არ ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ლ. ო-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 18 თებერვლის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.