ას-387-360-10 15 ივლისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – თ. ა-ძეE (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – აჭარის ა/რ პროკურატურა (მოსარჩელე)
დავის საგანი – დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემა
გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს სასამართლოს სარჩელით მიმართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ თ. ა-ძის მიმართ დაუსაბუთებული ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსათვის გადაცემის შესახებ.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი სასამართლოს გადაწყვეტილებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა თ. ა-ძემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში შევიდა ხარვეზით, კერძოდ, არ იყო გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1805 ლარის ოდენობით, რის გამოც აპელანტს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით განესაზღვრა 4 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. 2010 წლის 10 მარტს თ. ა-ძემ განცხადებით მიმართა Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება ერთი კვირით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინებით, აპელანტ თ. ა-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად 3 დღით და განემარტა, რომ, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვებოდა. ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება თ. ა-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა 2010 წლის 16 მარტს. საქმეზე წარმოდგენილი სასამართლოს გზავნილითა და საფოსტო განყოფილებიდან დაბრუნებული შეტყობინებით ირკვევა, რომ აპელანტს, 2010 წლის 12 მარტის განჩინება, ხარვეზის ვადის გაგრძელების შესახებ ჩაჰბარდა კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 16 მარტს, რომლის თანახმადაც აპელანტს ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 2010 წლის 19 მარტის ჩათვლით, მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია. იმის გათვალისწინებით, რომ აპელანტს ხარვეზი ვადაში არ შეუვსია, მისი სააპელაციო საჩივარი, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის 30 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი, დარჩა განუხილველი.
აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა თ. ა-ძემ. მან მიუთითა, რომ განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 16 მარტს და ხარვეზის გამოსასწორებლად ვადა ჰქონდა 19 მარტის ჩათვლით. 19 მარტს საქართველოს ბანკში, სასამართლოს მიერ მითითებულ ანგარიშზე მან გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი, მაგრამ ქვითრები აღარ გაუგზავნია სასამართლოში, ვანაიდან, ჩათვალა, რომ თანხა დაირიცხებოდა შესაბამის ანგარიშზე და ეს საკმარისი იქნებოდა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ თ. ა-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.
დადგენილია, რომ თ. ა-ძეს 2010 წლის 26 თებერვლის განჩინებით განესაზღვრა 4 _ დღიანი ვადა ხარვეზის შესავსებად. 2010 წლის 10 მარტს თ. ა-ძემ განცხადებით მიმართა Qქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ხარვეზის შესავსებად ვადის გაგრძელება ერთი კვირით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 12 მარტის განჩინებით, აპელანტ თ. ა-ძეს გაუგრძელდა ვადა ხარვეზის შესავსებად 3 დღით და განემარტა, რომ, თუ ამ ვადაში ხარვეზი არ შეივსებოდა, სააპელაციო საჩივარი აღარ დაიშვებოდა. ხარვეზის ვადის გაგრძელების განჩინება თ. ა-ძეს გაეგზავნა კანონით დადგენილი წესით და ჩაჰბარდა 2010 წლის 16 მარტს. მას ხარვეზი უნდა შეევსო 2010 წლის 19 მარტის ჩათვლით, მიუხედავად აღნიშნულისა, აპელანტს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, მართალია, თ. ა-ძემ სახელმწიფო ბაჟი გადაიხადა ბანკში, მაგრამ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მას აღნიშნულის დამდასტურებელი დოკუმენტი სასამრთლოში არ წარმოუდგენია, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა მისი სააპელაციო საჩივარი განუხილველად. ის, რომ მან არ იცოდა სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის დამადასტურებელი ქვითარის წარდგენის სავალდებულობაზე, არ შეიძლება გაზიარებნულ იქნას, ვინაიდან მას ხარვეზის განჩინებით განემარტა, რომ მას უნდა წარმოედგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სასამართლოში, რაც არ გაუკეთებია.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად დატოვა განუხილველად თ. ა-ძის სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო, რის გამოც არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ. ა-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 24 მარტის განჩინება;
საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.