Facebook Twitter

ას-388-361-2010 18 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. კ-ძე, თ. ქ-იანი (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. ლ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ვ. ლ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის მიმართ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 61416 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 22 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ.ლ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, მ. კ-ძესა და თ. ქ-იანს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზიანის _ 61416 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მოპასუხეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებით მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, ხოლო მათი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. კ-ძისა და თ.ქ-იანის წარმომადგენელმა ი. ბ-ძემ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 მაისის განჩინებით მ.კ-ძისა და თ.ქ-იანის კერძო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორებს დაევალათ ი.ბ-ძის ადვოკატის მოწმობის ასლის, ასევე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა.

დადგენილ ვადაში ი.ბ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს, წარმოადგინა ადვოკატის მოწმობის ასლი და სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა კერძო საჩივრის ავტორთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე იმ საფუძვლით, რომ მხარეები მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის გამო იმყოფებიან საბერძნეთში და არიან უმუშევრები, არ გააჩნიათ ფინანსური შესაძლებლობა, ამასთან საყოველთაოდ ცნობილია საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის თაობაზე. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გაუთავისუფლებლობა არღვევს მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლით გათვალისწინებული საქმის სამართლიანი და საყოველთაო განხილვის უფლებას, სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობას. აღნიშნულისა და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე ი.ბ-ძემ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა მ.კ-ძისა და თ.ქ-იანის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 27 მაისის განჩინებით მ.კ-ძისა და თ.ქ-იანის წარმომადგენელ ი.ბ-ძის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის გამო, ამასთან განემარტათ კერძო საჩივრის ავტორებს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლით გათვალისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების შესაძლებლობა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასამართლოს მხარის მიერ წარდგენილი უტყუარი მტკიცებულებების შესწავლისა და ანალიზის საფუძველზე შეექმნება შინაგანი რწმენა მხარის მძიმე ქონებრივი მდგომარეობის შესახებ, კერძოდ, რომ მას არ შეუძლია სახელმწიფო ბაჟის გადახდა, ხოლო მისი გადახდისაგან გათავისუფლების ღონისძიების გამოუყენებლობა მხარის სადავოდ ქცეულ უფლებას სასამართლო წესით დაცვის მიღმა დატოვებს.

საკასაციო სასამართლომ, საქმეში წარმოდგენილი ქართველთა სათვისტომო “საქართველოს” თავმჯდომარის მიერ გაცემული ცნობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად შესწავლის შედეგად მიიჩნია, რომ მხოლოდ აღნიშნული მტკიცებულება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ვერ იქნება მიჩნეული, რადგანაც მასში მითითებულია, რომ კერძო საჩივრის ავტორები არიან უმუშევრები და აღრიცხვაზე იმყოფებიან სათვისტომოში. აღნიშნული უტყუარად არ მოწმობს მხარეთა მძიმე ქონებრივ მდგომარეობას, ამასთან დროებით უმუშევრობის ფაქტი მხარის ქონებრივი მდგომარეობის უდავოდ განმსაზღვრელ გარემოებას არ წარმოადგენს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, ასევე არ იქნა გაზიარებული ი.ბ-ძის მითითება საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზის თაობაზე.

საკასაციო სასამართლომ არ გაიზიარა კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრება, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ შუამდგომლობის დაუკმაყოფილებლობით დაირღვევა კერძო საჩივრის ავტორების უფლება აღიარებული “ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლით, კერძოდ, რომ მხარეებს დაერღვევათ საქმის სამართლიანი და საყოველთაო განხილვის, ასევე სამართლიანი სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება და განემარტა განმცხადებელს, რომ დასახელებული ნორმა მოიცავს იმ ელემენტებს, რომელთა ერთობლიობა უზრუნველყოფს სასამართლოს ხელმისაწვდომობასა და მართლმსაჯულების სამართლიან განხორციელებას. პირის უფლების შეზღუდვა ამ უფლებასა და სახელმწიფო ინტერესებს შორის დასაშვებია სამართლიანი ბალანსის შემთხვევაში. ამგვარი ბალანსი საქართველოს კანონმდებლობით დაცულია, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დაშვებულია რა კონკრეტული შეზღუდვა სამოქალაქოსამართლებრივი უფლებების სასამართლო წესით დაცვისას (სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება), ასევე გათვალისწინებულია სასამართლო მექანიზმები ყველა კატეგორიის პირებისათვის სასამართლოსადმი მიმართვის უფლების უზრუნველსაყოფად. აღნიშნულს ადასტურებს სასამართლოს უფლება, ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯებისაგან გაათავისუფლოს მოქალაქე (სსკ 47-ე მუხლი), აგრეთვე მხარეს შეუმციროს ასეთი ხარჯები ან გადაუვადოს მისი გადახდა (სსკ 48-ე მუხლი). სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება არ არის სრული და შეიძლება ექვემდებარებოდეს შეზღუდვას, ვინაიდან ხელმისაწვდომობის უფლება თავისი მრავალფეროვანი ბუნებით მოითხოვს სახელმწიფოს მხრიდან რეგულირებას, ამავდროულად, სასამართლო დარწმუნებული უნდა იყოს, რომ ამ უფლების არსი არ იქნება გაუარესებული და რომ გამოსაყენებელი ფარგლები არ ზღუდავს და არ ამცირებს ფიზიკური პირების ხელმისაწვდომობის უფლებას, ასევე მიეთითათ მხარეებს, რომ საქმეზე ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხის განხილვა-გადაწყვეტა სამართლიანი სასამართლოსა და საქმის მიუკერძოებლად, სამართლიანად განხილვაზე ზეგავლენას არ ახდენს. მხარეებს გაუგრძელდათ ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისათვის ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი. ამავე განჩინებით ეცნობათ კერძო საჩივრის ავტორებს სასამართლოს მიერ მითითევბულ ვადაში ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგი.

საკასაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება გაეგზავნა მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის წარმომადგენელ ი.ბ-ძეს. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ი.ბ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და მოითხოვა მხარეთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-47-ე მუხლების, ასევე “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლის საფუძველზე შემდეგი დასაბუთებით: განმცხადებლის მითითებით, კერძო საჩივრის ავტორთა რთული ქონებრივი მდგომარეობა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ქართველთა სათვისტომის ცნობით, ასევე მტკიცებას არ საჭიროებს საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფაქტი, რაც სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა. ი.ბ-ძის მითითებით დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა, რომ ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების საკითხი ვერ იქონიებს გავლენას საქმის მიუკერძოებელ და სამართლიან გადაწყვეტაზე, რადგანაც მხარეები ვერ სარგებლობენ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სასამართლოსადმი ხელმისაწვდომობის უფლებით. ამასთან მხარის სადავოდ ქცეული უფლება სწორედ სასამართლო წესით დაცვის მიღმა რჩება, ვინაიდან მათ არასწორად დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება. ი.ბ-ძემ ასევე მიუთითა, რომ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელლები დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საქმეებზე და არა მოპასუხეები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის წარმომადგენელ ი. ბ-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებით არ იქნა გაზიარებული კერძო საჩივრის ავტორთა წარმომადგენლის შუამდგომლობა მოდავე მხარეების სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე მათი ქონებრივი მდგომარეობის გამო, ხოლო კერძო საჩივრის ავტორებს გაუგრძელდათ ვადა და დაეკისრა იმ საპროცესო მოქმედების შესრულება (კერძო საჩივრის ავტორების ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულების ან სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა), რაც დადგენილი ხარვეზის გამოსწორებისათვის იყო სავალდებულო. ამავე განჩინებით სათანადოდ განემარტათ საჩივრის ავტორებს დადგენილი ხარვეზის სრულად გამოუსწორებლობის შედეგები.

სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მ.კვენაძისა და თ.ქ-იანის წარმომადგენელმა ი.ბ-ძემ განცხადებით მომართა სასამართლოს და იშუამდგომლა მხარეთა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლება, ამასთან მიუთითა, რომ საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებაში მითითებული გარემოება, რომ მხარეთა ქონებრივი მდგომარეობა უტყუარად არ დასტურდება, ასევე საბერძნეთში არსებული ეკონომიკური კრიზისის ფაქტის არსებობის გაზიარებაზე სასამართლოს უარი დაუსაბუთებელია. ასევე მიუთითა, რომ ეროვნული კანონმდებლობით გათავლისწინებული სასამართლო ხარჯების გადახდის მ.კ-ძისა და თ.ქ-იანისათვის დაკისრება არღვევს მხარისათვის “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლით აღიარებულ მოთხოვნებს.

საკასაციო სასამართლო აღნიშნული განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის საფუძველზე თვლის, რომ მ.კ-ძისა და თ.ქ-იანის წარმომადგენელმა საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 მაისის განჩინებით მითითებული ხარვეზი არ გამოასწორა, კერძოდ, არ წარმოუდგენია კერძო საჩივრის ავტორების ქონებრივი მდგომარეობის უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულება ან სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც მოცემული კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

რაც შეეხება ი.ბ-ძის მითითებას ქართველთა სათვისტომოს მიერ გაცემულ ცნობასა და “ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის” მე-6 მუხლზე, ასევე საბერძნეთსი არსებული ეკონომიკური კრიზისის შესახებ, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული მტკიცებულება, ასევე კონვენციის დანაწესი და მხარის მიერ მითითებული ფაქტი განხილული და შეფასებულია საკასაციო სასამართლოს 2010 წლის 27 ივლისის განჩინებაში და იგი განმეორებით ვერ გახდება სასამართლოს მსჯელობის საგანი, ამასთან დაუსაბუთებელია ი.ბ-ძის მითითება, რომ სახელმწიფო ბაჟისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე და არა მოპასუხეები, რადგანაც კერძო საჩივრის ავტორები მოცემულ დავაში წარმოადგენენ სწორედ მოპასუხე მხარეს, რის გამოც ისინი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების მარეგულირებელი ნორმის სუბიექტებს არ განეკუთვნებიან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მხარის წარმომადგენელმა ვერ უზრუნველყო ხარვეზის გამოსწორება, რაც მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. კ-ძისა და თ. ქ-იანის წარმომადგენელ ი. ბ-ძის კერძო საჩივარი დარჩეს განუხილველად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.