Facebook Twitter

ას-391-364-2010 7 ივნისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე)

მოსამართლეები:

ნ. კვანტალიანი (მომხსენებელი), ლ. ლაზარაშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ თ. პ-ძე, ჯ. ვ-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე _ ე. თ-ძე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ვალდებულების შესრულება, იპოთეკის საგნის აუქციონზე რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. თ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. პ-ძისა და ჯ. ვ-ძის მიმართ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების, ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის აუქციონზე რეალიზაციის შესახებ შემდეგი საფუძვლებით: 2009 წლის 29 აგვისტოს მოსარჩელემ მოპასუხეებს 6 თვის ვადით ასესხა 60000 აშშ დოლარი ყოველთვიურად 8%-ის დარიცხვით. სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ჯ.ვ-ძის კუთვნილი ქ.ბათუმში, .... ქ.@¹128-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი. მოპასუხეებმა ზემოხსენებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება სრულად არ შეასრულეს.

მოპასუხეებმა სარჩელი ძირითადი სესხის ნაწილში ცნეს, ხოლო დარიცხული პროცენტის _ 27 000 აშშ დოლარის ნაწილში მოითხოვეს მის დაკმაყოფილებზე უარის თქმა, ვინაიდან აღნიშნული თანხა რეალურად დარიცხულ ოდენობას არ შეესაბამება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ე. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ჯ. ვ-ძესა და თ. პ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ ძირითადი თანხის _ 60000 აშშ დოლარის, დარიცხული სარგებლის _ 27000 აშშ დოლარის, სულ 87000 აშშ დოლარის ანაზღაურება, დავალიანების გადახდევინების მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცა ქ.ბათუმში, .... ქ¹128-ში მდებარე ჯ. ვ-ძის კუთვნილი იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თ. პ-ძემ და ჯ. ვ-ძემ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინებით ჯ. ვ-ძისა და თ. პ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ჯ. ვ-ძისა და თ. პ-ძის სააპელაციო საჩივრის განხილვა დაინიშნა 2010 წლის 12 მარტს, რის შესახებ სასამართლო უწყება 2010 წლის 24 თებერვალს ჩაბარდა სსიპ იურიდიულ ბიურო “წ-ძე-ხ-შვილის” თანამშრომელს აპელანტთა წარმომადგენელ ი. ჯ-ძისათვის გადასაცემად. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილისა და 70-ე მუხლის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის განხილვის დრო და ადგილი აპელანტებსა და მათ წარმომადგენლებს კანონის მოთხოვნათა დაცვით, სასამართლო სხდომამდე 12 დღით ადრე ეცნობათ. სასამართლოს მიერ დანიშნულ დროს აპელანტები პროცესზე არ გამოცხადდნენ. 2010 წლის 10 მარტს მათმა წარმომადგენელმა ი.ჯ-ძემ იშუამდგომლა პროცესის გადადების თაობაზე და განმარტა, რომ ვეღარ დაიცავს აპელანტთა უფლებებს სასამართლოში, ვინაიდან დაინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოში, რის შესახებაც მხარეებს აცნობა რამდენიმე დღით ადრე. ჯ.ვ-ძე არ იმყოფებოდა საქართველოში, ხოლო თ.პ-ძე ვერ მოახერხებს საქმის განხილამდე ახალი ადვოკატის აყვანას. სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ 2010 წლის 12 მარტის პროცესზე გამოცხადდა მხოლოდ მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელი დ.ჭ-ია, ხოლო აპელანტები სასამართლოში არ გამოცხადებულან. პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლით, 275-ე მუხლის “გ” პუნქტით და მიიჩნია, რომ მოცემული სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, ხოლო ი.ჯ-ძის შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან აპელანტებმა საქმის განხილვის გადადების მოტივად მითითებული გარემოების შესახებ შეიტყეს 2010 წლის 15 თებერვლიდან, როდესაც ი.ჯ-ძე დაინიშნა ზემოხსენებული სამინისტროს იურიდიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე და აცნობა აღნიშნული აპელანტებს. ამდენად, სასამართლოს მოსაზრებით, თ.პ-ძესა და ჯ.ვ-ძეს საკმარისი და გონივრული ვადა ჰქონდათ ახალი წარმომადგენლის დასანიშნად.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ჯ. ვ-ძემ და თ. პ-ძემ შეიტანეს კერძო საჩივარი, მოითხოვეს მისი გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის შესაბამისად, ი.ჯ-ძე უფლებამოსილი იყო, ნებისმიერ სტადიაზე უარი ეთქვა წარმომადგენლობითი უფლებამოსილების განხორციელებაზე. სასამართლომ არასწორად ჩათვალა, რომ აპელანტებმა ი.ჯ-ძის სამინისტროში დანიშვნის თაობაზე იმავე დღეს _ 2010 წლის 15 თებერვალს შეიტყეს. რეალურად აღნიშნული მათთვის ცნობილი გახდა სადავო სასამართლო პროცესამდე რამდენიმე დღით ადრე, რაც მითითებულია კიდეც ი.ჯ-ძის შუამდგომლობაში. 2010 წლის 12 მარტს აპელანტი ჯ.ვ-ძე საქართველოში არ იმყოფებოდა, რაც დასტურდება მის პასპორტში განხორციელებული ჩანაწერით, ხოლო თ.პ-ძემ საცხოვრებელი ადგილი რამდენჯერმე შეიცვალა, რის გამოც მისთვის რაიმე კორესპოდენციის ჩაბარება გართულებულია და გარკვეულ დროს საჭიროებს. სასამართლომ დაარღვია როგორც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, ისე საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ. ვ-ძისა და თ. პ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.

მოცემულ შემთხვევაში 2010 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდნენ აპელანტები _ ჯ. ვ-ძე და თ. პ-ძე.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ აპელანტებს 2010 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ ამავე წლის 24 თებერვალს კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობათ, კერძოდ, სასამართლო უწყება გაეგზავნა მათ წარმომადგენელ ი. ჯ-ძეს და ჩაბარდა სსიპ იურიდიულ ბიურ “წ-ძე-ხ-შვილის” თანამშრომელს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას, ამ კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილით დადგენილი წესით. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყების მეორე ეგზემპლარზე აღნიშნოს თავისი სახელი და გვარი, ადრესატთან დამოკიდებულება. უწყების მიმღები ვალდებულია, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება უწყების ჩაბარებად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მერვე ნაწილი კი ადგენს, რომ მოქალაქის სამუშაო ადგილზე, ასევე ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაჰბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში _ ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება უწყების მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.

ზემოხსენებული კანონის დანაწესის შინაარსი ცხადყოფს, რომ სასამართლო უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთი მათგანის, მათ შორის, წარმომადგენლის სამუშაო ადგილზე მყოფ თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას და ადრესატისათვის მისი გადაცემის ვალდებულებას. ასეთ შემთხვევაში სასამართლო უწყების მხარისა და მისი წარმომადგენლის მიერ მიღების თარიღად მიიჩნევა ზემოხსენებული თანამდებობის პირის მიერ უწყების მიღების თარიღი.

ამდენად, განსახილველ შემთხვევაში 2010 წლის 24 თებერვალს აპელანტთა წარმომადგენელ ი. ჯ-ძის სამუშაო ადგილზე სსიპ იურიდიულ ბიურ “წ-ძე-ხ-შვილის” თანამშრომლისათვის 2010 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომის შესახებ სასამართლო უწყების ჩაბარება ი.ჯ-ძის, თ.პ-ძისა და ჯ.ვ-ძისათვის ჩაბარებადაც უნდა ჩაითვალოს.

საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის დასაბუთებას, რომ 2010 წლის 12 მარტის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზს და საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების საფუძველს არ წარმოადგენდა ი.ჯ-ძის შუამდგომლობა მის მიერ აპელანტთა უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის თაობაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის მიხედვით, წარმომადგენელს უფლება აქვს საქმის წარმოების ყველა სტადიაზე უარი თქვას თავის უფლებამოსილებაზე, რის შესახებაც დროულად უნდა აცნობოს როგორც სასამართლოს, ისე მის მარწმუნებელს, რათა ამ უკანასკნელმა შეძლოს თვითონ მიიღოს მონაწილეობა პროცესში და აიყვანოს ახალი წარმომადგენელი. ამის გათვალისწინებით სასამართლო დანიშნავს დროს, როცა წარმომადგენელს უფლება აქვს შეწყვიტოს პროცესში მონაწილეობა.

კანონის მითითებული დანაწესი შესაძლებლობას აძლევს წარმომადგენელს, საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე უარი განაცხადოს მხარის ინტერესთა დაცვაზე და ვალდებულებას აკისრებს მას, გონივრულ ვადაში აცნობოს აღნიშნულის თაობაზე როგორც თავად მხარეს, ისე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კერძო საჩივრის ავტორებმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის დაცვით, ვერ დაადასტურეს, რომ ი.ჯ-ძეს მათთვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დროულად არ უცნობებია, შესაბამისად, დასაბუთებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება, რომ თ.პ-ძესა და ჯ.ვ-ძეს 2010 წლის 15 თებერვლიდან (ი.ჯ-ძის მიერ სამინისტროში მუშაობის დაწყებიდან) 2010 წლის 12 მარტამდე (სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვამდე) საკმარისი დრო ჰქონდათ სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად, მათ შორის, ახალი წარმომადგენლის წარმოსადგენად.

სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ვერც ჯ.ვ-ძის არგუმენტი, რომ 2010 წლის 12 მარტს იგი იმყოფებოდა საქართველოს ფარლებს გარეთ, ვინაიდან მას, როგორც აპელანტის სტატუსით საქმის განხილვაში მონაწილე სუბიექტს, უნდა უზრუნველეყო სასამართლო პროცესში თავისი მონაწილეობა პირადად ან, საჭიროებისას, წარმომადგენლის მეშვეობით.

ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ აპელანტები სასამართლო პროცესამდე არ დაინტერესებულან, გაიზიარა თუ არა სააპელაციო პალატამ ი.ჯ-ძის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების შესახებ, შესაბამისად, არც საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები არ გაუთვალისწინებიათ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორებს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების იურიდიული საფუძვლების არსებობა არ დაუსაბუთებიათ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ. პ-ძისა და ჯ. ვ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.

სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.