Facebook Twitter

ას-392-365-2010 21 ივნისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მესამე პირი) _ ნ. (ნ.) მ-აევი (წარმომადგენლები: მ. ჯ-ძე, ს. ა-ძე)

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ ვ. მ-აევა

მოპასუხე _ ნოტარიუსი ოზურგეთის რაიონში მ. ე-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება

სარჩელის დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 26 მარტს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ვ. მ-აევამ მოპასუხე ნოტარიუს მ. ე-ძის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ნოტარიუსის მიერ 2008 წლის 25 მარტს ნ. მ-აევის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც ეს უკანასკნელი ცნობილ იქნა დედის, მამკვიდრებელ ნა. მ-აევას დანაშთი სამკვიდრო ქონების _ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში (შეკვეთილში) მდებარე მიწის ნაკვეთების 1/3 ნაწილის პირველი რიგის მემკვიდრედ (ტომი 1, ს.ფ. 4-14).

2009 წლის 8 ოქტომბერს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში განცხადება წარადგინეს ნ. მ-აევის წარმომადგენლებმა მ. ჯ-ძემ და ს. ა-ძემ, რომლებმაც მოითხოვეს მოცემულ საქმეში ნ. მ-აევის მოპასუხედ ან დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის უფლების მქონე მესამე პირად ჩაბმა იმ მოტივით, რომ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხებოდა ამ უკანასკნელის ინტერესებს (ტომი 1, ს.ფ. 72).

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 2009 წლის 26 ოქტომბრის საოქმო განჩინებით ნ. მ-აევი საქმეში ჩაება მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. სასამართლომ განმარტა, რომ მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით მხარე შეიძლება ჩაბმულ იქნეს სარჩელის აღძვრის შედეგად, თუ იგი აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე. რამდენადაც ნ. მ-აევს არ წარუდგენია სარჩელი, იგი ჩაბმული უნდა ყოფილიყო საქმეში მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, ვინაიდან სასამართლო გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეეძლო შემდგომში გავლენა მოეხდინა ნ. მ-აევის უფლებებსა და მოვალეობებზე (ტომი 1, ს.ფ. 100-103).

ოზურგეთის რაიონულ სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. მ-აევას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

1996 წლის 14 მაისს ნა. მ-აევამ შეადგინა ანდერძი, რომლითაც მთელი თავისი ქონება უანდერძა სამ შვილს: ნ. მ-აევს, რომან მ-აევს და ი. მ-აევს;

ნა. მ-აევა გარდაიცვალა 2007 წლის 19 სექტემბერს;

2008 წლის 25 მარტს ოზურგეთის ნოტარიუსმა მ. ე-ძემ გასცა სამკვიდრო მოწმობა, რომლის მიხედვით, ნ. მ-აევმა, როგორც დედის, მამკვიდრებელ ნა. მ-აევას პირველი რიგის ანდერძისმიერმა მემკვიდრემ, საკუთრებაში მიიღო სამკვიდრო ქონება _ ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში (შეკვეთილში) მდებარე მიწის ნაკვეთების 1/3 ნაწილი.

რაიონულმა სასამართლომ მიუთითა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის ტერიტორიული ორგანოს ოზურგეთის არქივის ცნობაზე, რომლის თანახმად, ოზურგეთის რაიონის ნატანების საკრებულოს 1997-2006 წლების საკომლო წიგნებში, კერძოდ, ნა. ნ.ის ასული მ-ეევას კომლში ირიცხებიან შემდეგი პირები: მ-ეევა ნა. ნ.ის ასული (უფროსი) და მ-ეევა ვ. რ.-ს ასული (შვილიშვილი).

რაიონული სასამართლოს განმარტებით, ოზურგეთის რაიონის სოფელ ნატანებში მდებარე სადავო ქონება წარმოადგენდა ნა. მ-აევასა და ვ. მ-აევას საერთო საკუთრებას _ საკომლო მეურნეობას და აღნიშნული პირები იყვნენ სადავო ქონების თანამესაკუთრეები. მათ გააჩნდათ საზიარო უფლება და, სავარაუდოდ, თითოეულის წილი თანასაკუთრებაში იყო თანაბარი. ამდენად, ნა. მ-აევას საკუთრების წილზე, რომელიც შედიოდა კომლის საერთო ქონებაში, შესაძლებელი იყო სამკვიდროს გახსნა. რაც შეეხებოდა ნა. მ-აევას წილის გარეთ დარჩენილ ქონებას, მასზე ვრცელდებოდა სამოქალაქო კოდექსის 1323-ე მუხლით გათვალისწინებული კომლში სამკვიდროს გახსნის წესი, რომლის მიხედვით, კომლის საერთო ქონებაზე სამკვიდრო გაიხსნება კომლის ბოლო წევრის გარდაცვალების დღიდან.

რაიონულმა სასამართლომ ასევე მიუთითა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, უცხოელსა და საზღვარგარეთ რეგისტრირებულ იურიდიულ პირს საკუთრების უფლება აქვთ მხოლოდ იმ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, რომელიც მათ მემკვიდრეობით მიიღეს.

რაიონული სასამართლოს მოსაზრებით, სანოტარო მოქმედების შესრულებისას, კერძოდ, მემკვიდრეობის უფლების მოწმობის გაცემისას ნოტარიუსმა მ. ე-ძემ დაიცვა “ნოტარიატის შესახებ” კანონის 48-ე მუხლის მოთხოვნები: სანოტარო მოქმედების შესრულების დროს ნოტარიუსმა შეამოწმა იმ პირისა და მისი წარმომადგენლის ვინაობა, რომლებმაც მოითხოვეს სანოტარო მოქმედების შესრულება, შეამოწმა წარმომადგენლის უფლებამოსილება, გამოითხოვა სანოტარო მოქმედების შესრულებისათვის აუცილებელი დოკუმენტები.

2008 წლის 25 მარტის სამკვიდრო მოწმობის თანახმად, სამკვიდრო გაიხსნა მთლიან ქონებაზე და არა კონკრეტულად ნა. მ-აევას წილზე. მიუხედავად ამისა, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული წარმოადგენდა სამკვიდრო მოწმობაში ცვლილების შეტანის და არა მისი ბათილად ცნობის საფუძველს, რასაც მოსარჩელე მოითხოვდა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე მითითებით რაიონულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ მოკლებული იყო შესაძლებლობას მხარის მოთხოვნის გარეშე, თავისი ინიციატივით ცვლილება შეეტანა სამკვიდრო მოწმობაში (ტომი 1, ს.ფ. 198-199).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნ. მ-აევმა, კერძოდ, მან გაასაჩივრა მხოლოდ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი და მოითხოვა მასში ცვლილებების შეტანა. აპელანტი არ დაეთანხმა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის მეჯელობას იმ ნაწილში, სადაც რაიონულმა სასამართლომ დადგენილად ცნო გარემოება იმის შესახებ, რომ ნა. მ-აევას ოჯახი განეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლს, რომელშიც მამკვიდრებელთან ერთად ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენდა კომლის მეორე წევრი _ ვ. მ-აევა. აპელანტი ასევე არ დაეთანხმა სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს კომლთან დაკავშირებით (ტომი 1, ს.ფ. 205-217).

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ასევე გაასაჩივრა ვ. მ-აევამ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობის შესახებ მისი სარჩელის დაკმაყოფილება (ტომი 1, ს.ფ. 219-227).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ნ. (ნ.) მ-აევის სააპელაციო საჩივარი ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დატოვებულ იქნა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში.

საქმის მასალების თანახმად, ნ. მ-აევი დავაში ჩაება მესამე პირად მოპასუხის მხარეზე დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მართალია, მესამე პირები დამოუკიდებელი მოთხოვნის გარეშე სარგებლობენ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 83-ე მუხლში მითითებული მხარეთა საპროცესო უფლებებით, მაგრამ, ამასთან ერთად, ამავე კოდექსის 91-ე მუხლი შეიცავს მხარის იმ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, რომლებითაც ასეთი მესამე პირები ვერ ისარგებლებენ. მათ არ შეუძლიათ გაასაჩივრონ სასამართლოს გადაწყვეტილებები სააპელაციო ან საკასაციო წესით, აგრეთვე, შეიტანონ კერძო საჩივარი.

სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ ოზურგეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით ნ. მ-აევის უფლებები არ შელახულა. გადაწყვეტილება გამოვიდა მის სასარგებლოდ და მოსარჩელის საწინააღმდეგოდ. ამდენად, ნ. მ-აევი არ წარმოადგენდა სააპელაციო საჩივრის შეტანაზე უფლებამოსილ პირს.

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლომ ნ. მ-აევის სააპელაციო საჩივარი დაუშვებლად მიიჩნია კიდევ ერთი საფუძვლით, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

აპელანტი ნ. მ-აევი ასაჩივრებდა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს. ესე იგი ეს უკანასკნელი ეთანხმებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილს, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე ვ. მ-აევას მოთხოვნა, მაგრამ არ ეთანხმებოდა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილს ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება (თუ რა გადაწყვიტა სასამართლომ) აისახება გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. შესაბამისად, მხარეებს და მესამე პირებს ფაქტობრივი თუ სამართლებრივი თვალსაზრისით შეუძლიათ სადავო გახადონ პირველი ინსტანციის სასამართლოს ის გადაწყვეტილება, რომლის სარეზოლუციო ნაწილით არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სწორედ ასეთ შემთხვევაში ამოწმებს სააპელაციო სასამართლო პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით (ტომი 2, ს.ფ. 5-8).

სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 22 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. მ-აევმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მისი სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღება.

კერძო საჩივრის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:

კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ნ. მ-აევის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, აგრეთვე, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს განჩინება, რომლითაც ნ. მ-აევი საქმეში ჩაება მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე, კანონსაწინააღმდეგოა. ისინი არღვევენ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლითა და საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლით გარანტირებულ უფლებებს, ზღუდავდნენ პირის უფლებას, ისარგებლოს სამართლიანი სასამართლოთი.

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მისი ინტერესია გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული დასკვნის გაქარწყლება, რომელიც შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას იმის შესახებ, რომ ნა. მ-აევას ოჯახი განეკუთვნებოდა საკოლმეურნეო კომლს, რომელშიც მამკვიდრებელთან ერთად ქონების თანამესაკუთრეს წარმოადგენს კომლის მეორე წევრი _ ვ. მ-აევა. სინამდვილეში ნა. მ-აევას ოჯახი არასდროს ყოფილა საკოლმეურნეო კომლი, კოლმეურნეობასთან მას კავშირი არ ჰქონია. ასეთ ოჯახში, ჩვეულებრივ, ქონება მემკვიდრეობით გადადის პირის გარდაცვალების შემდეგ.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, ამჟამად სასამართლოს წარმოებაშია საქმე, სადაც სადავოდაა გამხდარი საკითხი იმის თაობაზე, ნა. (ნა.) მ-აევას ოჯახი განეკუთვნება თუ არა საკოლმეურნეო კომლს.

კერძო საჩივრის ავტორი არ ეთანხმება საქმეზე ნ. მ-აევის დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მესამე პირად მონაწილეობას, რადგან განსახილველი დავის საგანი _ ნ. მ-აევის სახელზე გაცემული საკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, პირდაპირ და უშუალოდ შეეხება ამ უკანასკნელის ინტერესებს.

მართალია, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დამდგარი საპროცესო შედეგი კერძო საჩივრის ავტორისათვის მისაღებია, მაგრამ, მისი მოსაზრებით, ამავე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში ასახული დასკვნა ეწინააღმდეგება კანონს. აღნიშნული დასკვნის უცვლელად დატოვება, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, მას შესძენს პრეიუდიციულ მნიშვნელობას და გავლენას მოახდენს სხვა სამოქალაქო დავაზე აღძრულ სარჩელზე, რაც არასწორია (ტომი 2, ს.ფ. 14-29).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე ნ. მ-აევის არაუფლებამოსილ პირად მიჩნევის შესახებ იმის გამო, რომ იგი საქმეში ჩაბმულია მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე. მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანს წარმოადგენს ნ. მ-აევის სახელზე გაცემული ანდერძისმიერი სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, ამდენად, სარჩელის მოთხოვნა მიმართულია უშუალოდ ნ. მ-აევის წინააღმდეგ. შესაბამისად, სასამართლო გადაწყვეტილებით, რომელიც გამოიტანება ამ სარჩელის განხილვის შედეგად, უშუალო შედეგი დგება ნ. მ-აევისთვის, რამდენადაც გადაწყვეტილებით განისაზღვრება მისი სამემკვიდრეო უფლება-მოვალეობები. სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი კი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის უფლება-მოვალეობებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, მიუხედავად პროცესუალური სტატუსისა, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, საერთოდ მონაწილეობს თუ არა საქმის განხილვაში.

მიუხედავად ამისა, საკასაციო სასამართლო ეთანხმება გასაჩივრებული განჩინებით დამდგარ საპროცესო შედეგს _ ნ. მ-აევის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას.

მოცემულ შემთხვევაში ნ. მ-აევი ასაჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სამოტივაციო ნაწილს, სადაც სასამართლომ დაადგინა, რომ ნა. მ-აევის ოჯახი განეკუთვნება საკოლმეურნეო კომლს და სასამართლოს სამართლებრივ შეფასებებს ამასთან დაკავშირებით.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოქმედი სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დაუშვებელია გადაწყვეტილების მხოლოდ აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილების გასაჩივრება სარეზოლუციო ნაწილისაგან მოწყვეტით და მისგან დამოუკიდებლად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის შესაბამისად, გადაწყვეტილება აუცილებლად უნდა შეიცავდეს კანონით გათვალისწინებულ ყველა ნაწილს. გადაწყვეტილების აღწერილობითი და სამოტივაციო ნაწილები წარმოადგენს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველს, მასში უნდა აისახოს გადაწყვეტილების ფაქტობრივი და სამართლებრივი დასაბუთება, სასამართლოს დასკვნები გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის საფუძველად დადებული ფაქტების არსებობა-არარსებობისა და მათი სამართლებრივი შეფასების შესახებ. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს სასამართლოს დასკვნას სარჩელის დაკმაყოფილების ან სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმის თაობაზე. მხარის მოთხოვნის იურიდიულ ბედს განსაზღვრავს მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილი და კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსასრულებლადაც სწორედ იგი წარიმართება. სამოტივაციო ნაწილი ვერ მიექცევა აღსასრულებლად, თუნდაც ეს უკანასკნელი ადგენდეს რაიმე უფლების ან ვალდებულების არსებობას (“სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლი).

სასამართლო გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის, როგორც ამ გადაწყვეტილების საფუძვლის გაუქმებით, საფუძველი გამოეცლება სარეზოლუციო ნაწილსაც.

ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილების იმ ნაწილის სისწორე თუ უსწორობა, რომელშიც ასახულია გადაწყვეტილების მოტივები, ვერ გასაჩივრდება სარეზოლუციო ნაწილისგან განყენებულად.

საკასაციო სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 დეკემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრებულია მოწინააღმდეგე მხარის _ ვ. მ-აევას მიერაც. ვ. მ-აევას სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შემთხვევაში, მხარეებს შეუძლიათ მისცენ ახსნა-განმარტებები და დააფიქსირონ მათი პოზიცია, რისი გათვალისწინებითაც საქმეზე გამოვა საბოლოო გადაწყვეტილება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს ნ. მ-აევის კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. (ნ.) მ-აევის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.