Facebook Twitter

ას-393-366-2010 6 მაისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე თ. თოდრია

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ა. ა-ძე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ფ-ევი (მოსარჩელე)

დავის საგანი – თანხის დაკისრება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 18 დეკემბერს წყალტუბოს რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართა ნ. ფ-ევმა მოპასუხე ა. ა-ძეს მიმართ თანხის დაკისრების შესახებ.

წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებით, ნ. ფ-ევის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხე ა. ა-ძეს ნ. ფ-ევის სასარგებლოს დაეკისრა 25 000 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლო გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა ა. ა-ძემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებით ა. ა-ძის სააპელაციო საჩივარი წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2010 წლის 16 თებერვლის გადაწყვეტილებაზე, როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველად. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ა. ა-ძემ დაარღვია სააპელაციო საჩივრის შეტანის 14 დღიანი ვადა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. ა-ძემ. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, მას რაიონული სასამართლო გადაწყვეტილება ჩაჰბარდა 2010 წლის 10 მარტს და კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრა სასამართლო გადაწყვეტილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიაჩნია, რომ ა. ა-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანის ვადაა 12 დღე. ამ ვადის გაგრძელება ან აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის განჩინების გადაცემის მომენტიდან ან მხარისათვის სასამართლო სხდომაზე მისი გამოცხადებიდან, თუ განჩინების გამოცხადებას ესწრებოდა კერძო საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. განჩინების გადაცემის მომენტად ითვლება განჩინების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის I ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინება, რომლითაც განუხილველად იქნა დატოვებული ა. ა-ძის სააპელაციო საჩივარი კერძო საჩივრის ავტორის მეუღლეს – რ. ა-ძეს პირადად ჩაჰბარდა 2010 წლის 25 მარტს (ს.ფ. 78). კერძო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 6 აპრილის ჩათვლით, კერძო საჩივარი კი შეტანილია 2010 წლის 8 აპრილს, ე.ი. კერძო საჩივრის შეტანის 12 - დღიანი ვადის დარღვევით. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველად დარჩება.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დარღვეულია კერძო საჩივრის შეტანის კანონით განსაზღვრული 12-დღიანი ვადა, რის გამოც ა. ა-ძის კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 74-ე, 284-ე, 416-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ა. ა-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 22 მარტის განჩინებაზე, დარჩეს განუხილველად;

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.