ას-402-382-2011 5 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ლ. ძ-ძე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. შ-ძე (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – გაწეული სამუშაოს ღირებულების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. შ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ძ-ძის მიმართ და მოითხოვა შესრულებული სამუშაოს ღირებულების ნატურით ანაზღაურება ან თანხის _ 1200 ლარის დაკისრება.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილებით ზ. შ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა, ლ. ძ-ძეს ზ. შ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 1200 ლარის ანაზღაურება.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მოპასუხემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინებით ლ. ძ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2011 წლის 18 იანვრის განჩინებით ლ. ძ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მხარეს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის _ 75 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი შეტყობინების ბარათით დაადგინა, რომ ზემოხსენებული განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტს 2011 წლის 28 იანვარს პირადად ჩაბარდა, თუმცა მას ხარვეზი არ გამოუსწორებია. სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილით, 374-ე მუხლით და ჩათვალა, რომ ლ.ძ-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ლ. ძ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო პალატამ ლ.ძ-ძისათვის ხარვეზის შესავსებად მიცემული ვადა 2011 წლის 28 იანვრიდან არასწორად აითვალა, რადგან ფაქტობრივად მხარეს სასამართლო გზავნილი ჩაბარდა 2011 წლის 1 მარტს ახალქალაქის რაიონის სოფელ ...ს დეპუტატ კ.გ-ძის მეშვეობით. შესაბამისად, აპელანტს შესაძლებლობა არ ჰქონდა, დროულად გამოესწორებინა ხარვეზი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ლ. ძ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ზემოჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.
დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.
მოცემულ შემთხვევაში ლ. ძ-ძის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და აპელანტს დაევალა 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. მასვე განემარტა, რომ ხარვეზის გამოუსწორებლობის შემთხვევაში მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად.
საქმის მასალებში წარმოდგენილი სპს «..-ს» შეტყობინების ბარათით დასტურდება, რომ სასამართლოს განჩინება ხარვეზის განსაზღვრის შესახებ აპელანტს პირადად 2011 წლის 28 იანვარს ჩაბარდა.
აღნიშნულის მიუხედავად, ლ.ძ-ძეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე შუამდგომლობით სააპელაციო პალატისათვის არ მიუმართავს, რაც მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დაუსაბუთებელია და საქმეში წარმოდგენილ რაიმე მტკიცებულებას არ ეფუძნება კერძო საჩივრის ავტორის მითითება, რომ მას სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე 2011 წლის 1 მარტს ჩაბარდა. შესაბამისად, აღნიშნულს საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება კანონიერია და უნდა დარჩეს უცვლელად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ლ. ძ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 14 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.