ას-405-385--11 11 აპრილი, 2011 წელი ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, პ. ქათამაძე
კერძო საჩივრის ავტორი – ც. მ-ნი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – რ. ჭ-შვილი, დ. გ-შვილი (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინება
დავის საგანი – აღსრულების გადადება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით რ. ჭ-შვილის და დ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 26 ოქტომბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ც. მ-ნს რ. ჭ-შვილისა და დ. გ-შვილის სასარგებლოდ დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა ამ უკანასკნელთა მიერ გაწეული გაუმჯობესებების ხარჯების ასანაზღაურებლად.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე 2011 წლის 28 იანვარს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 13 იანვარს და ამავე წლის 4 მარტის შუამდგომლობით მიმართა ც. მ-ნმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება სამი თვის ვადით და განმარტა, რომ მას ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებით დაკისრებული აქვს 20 000 ლარის გადახდა რ. ჭ-შვილსა და დ. გ-შვილის სასარგებლოდ. განმცხადებლის განმარტებით, 2011 წლის 2 მარტს მიიღო სააღსრულებო შეტყობინება – წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, რომლის მიხედვითაც მიეცა 7 დღიანი ვადა გადაწყვეტილების ნებაყოფლობით შესასრულებლად.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინებით ც. მ-ნის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 2011 წლის 11 აპრილამდე. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე.
სააპელაციო პალატის შეფასებით, დადგენილია, რომ ც. მ-ნს დაკისრებული აქვს 20 000 ლარის გადახდა რ. ჭ-შვილისა და დ. გ-შვილის სასარგებლოდ, ხოლო, როგორც საქმის მასალებით ირკვევა, შუამდგომლობის ავტორის ქონებას ადევს ყადაღა, რაც თავის მხრივ აბრკოლებს მის მიერ თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებას, აღნიშნულის გათვალისწინებით, პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 9 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ც. მ-ნმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვემდე ვადით გადავადება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ც. მ-ნის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლი ადგენს სასამართლო გადაწყვეტილებათა სავალდებულოობას საქართველოს მთელ ტერიტორიაზე, კერძოდ, კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებები სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სახელმწიფო, საზოგადოებრივი თუ კერძო საწარმოსათვის, დაწესებულებისათვის, ორგანიზაციისათვის, თანამდებობის პირისა თუ მოქალაქისათვის და ისინი უნდა შესრულდეს. აქედან გამომდინარე, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების გადადების, შეჩერების საკითხები მკაცრადაა რეგლამენტირებული მოქმედი კანონმდებლობით, გამოიყენება მხოლოდ გამონაკლის, განსაკუთრებულ შემთხვევებში და შეზღუდული ვადით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადითYგადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე, შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. დასახელებული ნორმა ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე და ორივე მხარის კანონიერ ინტერესთა ურთიერთშეჯერების შედეგად ერთჯერადად, არა უმეტეს 3 თვისა გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს მის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების აღსრულება, ასევე შეცვალოს გადაწყვეტილებით დადგენილი აღსრულების პირობები და საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე სარწმუნოდ დაასაბუთებს რაიმე ობიექტური გარემოების არსებობას ან მიუთითებს თავის მძიმე ქონებრივ მდგომარეობაზე, რაც სასამართლოს შეფასებით საფუძვლად დაედება გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებულ ზემოხსენებულ ღონისძიებათა გამოყენებას.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილებით ც. მ-ნს დაეკისრა 20 000 ლარის გადახდა რ. ჭ-შვილისა და დ გ-შვილის სასარგებლოდ. ც. მ-ნმა მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება იმ მოტივით, რომ მის ქონებას ადევს ყადაღა, რაც აბრკოლებს თანხის გადახდის ვალდებულების შესრულებას. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულება გადაიდო 2011 წლის 11 აპრილამდე.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარის მიერ მითითებული გარემოებები წარმოადგენდა გადაწყვეტილების აღსრულების გადავადების შესახებ შუამდგომლობის ნაწილობრივ დაკმაყოფილების კანონით გათვალისწინებულ ობიექტურ საფუძველს. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დააკმაყოფილა ნაწილობრივ ც. მ-ნის შუამდგომლობა.
რაც შეეხება კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნას სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების 3 თვით გადადების თაობაზე, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საპროცესო ღონისძიებების განხორციელებისას მნიშვნელოვანია ორივე მხარის უფლებათა დაცვა. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს განჩინებით გადაწყვეტილების აღსრულების გადავადება განხორციელებულია გონივრული ვადით, რაც საკმარისია მხარის მიერ ვალდებულების შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, არ არსებობს საკმარისი საფუძვლები იმისათვის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილების აღსრულების ვადა უფრო მეტი ვადით გადადოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძვლები.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ც. მ-ნის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 9 მარტის განჩინება დარჩეს უცვლელად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.