Facebook Twitter

ას-407-380-2010 5 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატამ

შემადგენლობით:

მოსამართლე ლ. ლაზარაშვილი

განიხილა მ. მ-ძის კერძო საჩივრის გაუხილველად დატოვების საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებაზე. საკასაციო სასამართლომ

გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 9 თებერვალს განცხადებით მიმართა მ. მ-ძემ და მოითხოვა სათანადო ზომების მიღება აქციონერთა 2002 წლის 24 ივლისის კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ მისი საკასაციო საჩივრის ობექტური განხილვის მიზნით (ს.ფ. 2).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 17 თებერვლის განჩინებით მ. მ-ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი. განმცხადებელს დაევალა მოთხოვნის დაზუსტება. მ. მ-ძემ ხარვეზის შევსების მიზნით მიმართა სააპელაციო სასამართლოს და მიუთითა, რომ ითხოვდა საქმეზე კანონშესაბამისი ზომების მიღებას, მისი საკასაციო საჩივრის ობიექტურ განხილვას, სს “მ-ის” 2002 წლის 24 ივლისის აქციონერთა კრების გადაწყვეტილების ბათილად ცნობას (ს.ფ. 12).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 10 მარტის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება განუხილველად იქნა დატოვებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების მიზნით წარდგენილი განცხადებიდანაც არ ირკვეოდა, რას მოითხოვდა განმცხადებელი (ს.ფ. 16-19).

აღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინებების გაუქმება მოითხოვა (ს.ფ. 22-23).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 414-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება სასამართლოს მიერ გამოტანილ განჩინებებზე მხოლოდ ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი არ ითვალისწინებს იმგვარი განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების კერძო საჩივრით გასაჩივრების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში საქმეშია წარმოდგენილი.

ამდენად, ვინაიდან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განცხადების განუხილველად დატოვების თაობაზე გამოტანილი განჩინება გასაჩივრებას არ ექვემდებარება, შესაბამისად, მის თაობაზე შეტანილი კერძო საჩივარი დაუშვებელია და განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლის მე-3 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. მ. მ-ძის კერძო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 10 მარტის განჩინებაზე განუხილველად იქნეს დატოვებული;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.