ას-407-387-2011 5 მაისი, 2011 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, თ. თოდრია
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ა-შვილი (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე _ ზ. ქ-ია (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – ხელშეშლის აღკვეთა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ზ. ქ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ა-შვილის მიმართ მოპასუხის მიერ მფლობელობის უკანონო ხელშეშლის აღკვეთისა და მოძრავი ნივთების დაბრუნების შესახებ იმ საფუძვლით, რომ მხარეები არიან მეზობლები. ზ.ქ-იამ მ.ა-შვილს მიჰყიდა კუთვნილი სარდაფის ნაწილი, თუმცა მოპასუხე ხელს უშლის მას სარდაფის დარჩენილი ნაწილით სარგებლობაში და მანვე მიითვისა მოსარჩელის კუთვნილი ნივთები.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიიჩნია, რომ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 25 იანვრის გადაწყვეტილებით ზ. ქ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მოპასუხეს აეკრძალა მოსარჩელის სარდაფში ჩასასვლელით სარგებლობისას ხელშეშლა, მასვე გადაეცა ჩასასვლელი კარის გასაღები და მოხდა საერთო სარგებლობის ფართში მოპასუხის მიერ დამონტაჟებული სტელაჟების დემონტაჟი, ზ. ქ-იას სარჩელი მოპასუხის ფართში დამონტაჟებული სტელაჟების დაბრუნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ა-შვილმა გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ა-შვილის შუამდგომლობა საქმის წარმოების გადადების თაობაზე, ხოლო მისი სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად აპელანტის გამოუცხადებლობის გამო. სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლით და მიუთითა, რომ აპელანტს საქმის განხილვის თარიღი სხდომამდე ორი თვით ადრე, 2010 წლის 6 დეკემბერს ეცნობა. შესაბამისად, მას საკმარისი დრო ჰქონდა ადვოკატის ასაყვანად. ამასთან, მ.ა-შვილის მიზეზით საქმის განხილვა უკვე არა ერთხელ გადაიდო. ამდენად, სასამართლომ ჩათვალა, რომ აპელანტის შუამდგომლობა პროცესის გადადების თაობაზე ემსახურება საქმის განხილვის გაჭიანურებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის, 229-ე მუხლის მეორე ნაწილის საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მ.ა-შვილის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად, რადგან აპელანტი არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა საქმის განხილვაზე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარემ მოითხოვა სააპელაციო საჩივარის განუხილველად დატოვება.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ. ა-შვილმა შეიტანა კერძო საჩივარი, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის დაბრუნება იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაითვალისწინა აპელანტის შუამდგომლობა საქმის გადადების თაობაზე. მ.ა-შვილი საპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლოში, ვინაიდან იმავე დროს მისი ადვოკატი მონაწილეობდა სხვა პროცესში, თავად აპელანტს კი, მოხუცებულებისა და ავადმყოფობის გამო, შესაძლებლობა არ ჰქონდა, დაეცვა თავისი ინტერესები სასამართლოში.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლის თანახმად, საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. მითითებული ნორმა შესაძლებლობას აძლევს სააპელაციო სასამართლოს, იხელმძღვანელოს საქმის პირველი ინსტანციის წესით განხილვისათვის განსაზღვრული წესებით, თუ სადავო ურთიერთობა სცდება კანონმდებლის მიერ სააპელაციო სასამართლოსათვის სპეციალურად დადგენილ ნორმათა რეგულირების სფეროს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. ამავე კოდექსის 229-ე მუხლის მეორე ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე იმ აპელანტის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობისას, რომელსაც საქმის განხილვის დრო კანონით დადგენილი წესით ეცნობა, სასამართლო მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე, მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მხარე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებას, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია, განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი.
მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა და მ.ა-შვილს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ მას 2010 წლის 6 დეკემბერს სასამართლო სხდომის თაობაზე კანონის მოთხოვნათა დაცვით ეცნობა, თუმცა იგი საქმის განხილვაზე არ გამოცხადდა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს გასაჩივრებული განჩინების მსჯელობას საქმის განხილვის სხვა დროისათვის გადადების თაობაზე აპელანტის შუამდგომლობის დაუკმაყოფილების შესახებ, ვინაიდან მ.ა-შვილს საკმარისი დრო ჰქონდა სასამართლო პროცესისათვის მოსამზადებლად და, სურვილისამებრ, ადვოკატის ასაყვანად.
აღსანიშნავია, რომ მ.ა-შვილს საქმის განხილვაზე თავისი გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი სარწმუნოდ არ დაუსაბუთებია, რის გამოც სააპელაციო პალატამ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად დატოვა განუხილველად.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის არგუმენტს, რომ სადავო სასამართლო სხდომაზე მ.ა-შვილის ადვოკატი მონაწილეობდა სხვა საქმის განხილვაში. უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ მ.ა-შვილს ადვოკატის აყვანის თაობაზე მინდობილობა არც სააპელაციო და არც საკასაციო სასამართლოში არ წარმოუდგენია. შესაბამისად, არ დასტურდება არც ის გარემოება, რომ მ.ა-შვილის ინტერესების დამცველი 2011 წლის 8 თებერვალს სააპელაციო სასამართლოში ვერ გამოცხადდა სხვა საქმის განხილვაში მონაწილეობის მიღების მოტივით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ა-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.