Facebook Twitter

ას-409-389-2011 02 მაისი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ ინდმეწარმე ჯ. ს-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე _ სს «... ბანკი»

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 18 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს «... ბანკის» სარჩელი დაკმაყოფილდა: მოპასუხე ინდმეწარმე ჯ. ს-შვილს სს «... ბანკის» სასარგებლოდ დაეკისრა 66855.15 აშშ დოლარის გადახდა; დადგინდა, რომ გადაწყვეტილების აღსრულება მომხდარიყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, მოპასუხის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, კერძოდ, ქ.ქობულეთში, ... ¹..-ში მდებარე 1788 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განლაგებული შენობა-ნაგებობების (ფართით 202.7 კვ.მ) იძულებითი რეალიზაციის გზით. გადაწყვეტილებითვე დადგინდა, რომ თუ რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა არ იქნებოდა საკმარისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, აღსრულება მომხდარიყო მოპასუხის სხვა ქონებიდან (ტომი 2, ს.ფ. 18-22).

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ინდმეწარმე ჯ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება (ტომი 2, ს.ფ. 27-37).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინებით ინდმეწარმე ჯ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ამავე განჩინებით აპელანტს დაუბრუნდა მის მიერ სააპელაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ინდმეწარმე ჯ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი იყო ხარვეზიანი, კერძოდ, აპელანტს არ ჰქონდა გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 732.28 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. არსებული ხარვეზის შესავსებად აპელანტს, 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით განესაზღვრა ვადა _ განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღე, მასვე განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად; 2011 წლის 3 იანვარს ჯ. ს-შვილმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, რა დროსაც წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და იშუამდგომლა დარჩენილი თანხის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილისაგან გათავისუფლების შესახებ არ დაკმაყოფილდა, მას გაუგრძელდა ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადა. ეს ვადა განისაზღვრა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 10 დღით; 2011 წლის 31 იანვარს აპელანტმა კვლავ მიმართა განცხადებით სააპელაციო სასამართლოს და მძიმე მატერიალური მდგომარეობის გამო ხარვეზის ვადის გაგრძელება მოითხოვა ერთი თვით.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, რადგან აპელანტს ერთხელ უკვე გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა, ხოლო წარდგენილი განცხადება არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან, შუამდგომლობის აღმძვრელ პირს საამისოდ არც შესაბამისი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ რამდენადაც აპელანტმა სასამართლოს არ წარუდგინა სახელმწიფო ბაჟის სრულად გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, სააპელაციო საჩივარი დაუშვებელი იყო და განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 54-58).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ინდმეწარმე ჯ. ს-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივრის ავტორის მითითებით, მისი ოჯახის მდგომარეობა არის უკიდურესად მძიმე, არც მას და არც მისი ოჯახის წევრებს არანაირი ფინანსური შემოსავალი არ გააჩნიათ. იპოთეკით დატვირთული ქონება აპელანტის მამაპაპისეული ქონებაა, შესაძლოა საქმის განუხილველობის შემთხვევაში ქონება დაიკარგოს, და მოხდეს მისი აუქციონის წესით რეალიზაცია. საჭიროა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადის ერთი თვით გაგრძელება, ამ დროში იგი შეეცდება ყველანაირი რესურსი გამოიყენოს და სახელმწიფო ბაჟის თანხა მთლიანად გადაიხადოს. შედეგად, აპელანტი შეძლებს თავისი დარღვეული უფლების დაცვას სასამართლო წესით (ტომი 2, ს.ფ. 61-62).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ინდმეწარმე ჯ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

საქმის მასალების თანახმად, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 დეკემბრის განჩინებით ინდმეწარმე ჯ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, აპელანტს დაევალა 5 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 732.28 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა. აღნიშნულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლომ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ აპელანტის შუამდგომლობაზე და მიიჩნია, რომ სახეზე არ იყო მისი დაკმაყოფილების საფუძველი, რამდენადაც შუამდგომლობა შესაბამის მტკიცებულებებს არ ემყარებოდა (ტომი 2, ს.ფ. 40-42).

2011 წლის 3 იანვარს აპელანტმა განცხადებით მიმართა სააპელაციო სასამართლოს, წარადგინა 150 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი და იშუამდგომლა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე (ტომი 2, ს.ფ. 45, 44).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 10 იანვრის განჩინებით აპელანტს 10 დღით გაუგრძელდა ხარვეზის შევსების ვადა. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის განცხადება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ ვერ დაკმაყოფილდებოდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-48-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტს არ წარმოუდგენია უტყუარი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებდა სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას (ტომი 2, ს.ფ. 47-49).

2011 წლის 31 იანვარს ი/მ ჯ. ს-შვილმა კვლავ მიმართა სასამართლოს შუამდგომლობით და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელება. აღნიშნული შუამდგომლობა სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან მიიჩნია, რომ იგი არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას დადგენილ ვადაში ხარვეზის შევსების შეუძლებლობის შესახებ, ამასთან, შუამდგომლობის აღმძვრელ პირს საამისოდ არც შესაბამისი მტკიცებულებები ჰქონდა წარდგენილი (ტომი 2, ს.ფ. 52).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა მისი მძიმე ქონებრივი მდგომარეობა და გაეგრძელებინა ხარვეზის შესავსებად დადგენილი ვადა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 64-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ დანიშნული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება გააგრძელოს მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით.

მითითებული ნორმა ითვალისწინებს იმ საპროცესო ვადის გაგრძელების შესაძლებლობას, რომელიც სასამართლოს მიერაა დადგენილი. ასეთი ვადის გაგრძელება დასაშვებია როგორც დაინტერესებული მხარის თხოვნით, ასევე სასამართლოს ინიციატივით. მხარის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დასაბუთებული უნდა იყოს, კერძოდ, იგი უნდა შეიცავდეს მითითებას საპროცესო მოქმედების დადგენილ ვადაში შესრულების შეუძლებლობის მიზეზებზე და წარმოდგენილი უნდა იქნეს აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ აპელანტს, მისივე შუამდგომლობის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ 10 დღით გაუგრძელა ხარვეზის შევსების ვადა, თუმცა მითითებულ ვადაში აპელანტმა ხარვეზი არ შეავსო და კვლავ იშუამდგომლა ხარვეზის შევსების ვადის ერთი თვით გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ აპელანტის შუამდგომლობა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას და არ იყო წარდგენილი მტკიცებულებები. კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობა განაპირობა მისი და მისი ოჯახის მძიმე ეკონომიურმა მდგომარეობამ. საკასაციო პალატა აღნიშნულ მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, ვინაიდან კერძო საჩივრის ავტორის მიერ არ არის წარმოდგენილი მის მიერ მითითებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რაც მის მოვალეობას წარმოადგენდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ არსებობდა აპელანტის შუამდგომლობის დაკმაყოფილების და ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების საფუძველი, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე და 374-ე მუხლები და მართებულად დატოვა განუხილველად ი/მ ჯ. ს-შვილის სააპელაციო საჩივარი.

ამდენად, წარმოდგენილი კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ინდმეწარმე ჯ. ს-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 2 თებერვლის განჩინება.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.