c 28 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, პ. ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (განმცხადებელი) _ ნ. კ-შვილი
მოწინააღმდეგე მხარე _ მ. ც-შვილი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების დასაშვებობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2010 წლის 20 აპრილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა ნ. კ-შვილმა. განმცხადებელმა მოითხოვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება მოპასუხე მ. ც-შვილის საკუთრებაში არსებულ, თბილისში, ... ¹49ბ-ში მდებარე 645.40კვ.მ მიწის ნაკვეთზე (საკადასტრო კოდი _ ¹...).
განცხადების თანახმად, 2010 წლის 20 აპრილს ნ. კ-შვილმა საარბიტრაჟო სარჩელი წარადგინა მუდმივმოქმედ არბიტრაჟ “ქომაგი 08-ში” მოპასუხე მ. ც-შვილის მიმართ, რომლითაც მოითხოვა 2009 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებით (¹090124071) ნაკისრი ვალდებულების შესრულება. განმცხადებლის განმარტებით, მ. ც-შვილმა მისგან ისესხა 10 000 აშშ დოლარი 3 თვის ვადით. სესხი არ იყო უზრუნველყოფილი. მოპასუხე ვალდებულებას არ ასრულებს, რის გამოც არსებობს საშიშროება, რომ აღნიშნული ქონება გასხვისდეს, დაიტვირთოს სხვა ვალდებულებით, რაც გააძნელებს ან საერთოდ შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, განმცხადებლისათვის ცნობილი გახდა, რომ მოვალის ფინანსური მდგომარეობა მძიმეა. შესაბამისად, საარბიტრაჟო გადაწყვეტილების ნ. კ-შვილის სასარგებლოდ გამოტანის შემთხვევაში შესაძლებელია საფრთხე შეექმნას მის აღსრულებას.
განმცხადებელმა მიუთითა “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-2 მუხლზე, რომლის თანახმად, სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს სააპელაციო სასამართლო. ამავე კანონის 23-ე მუხლის მიხედვით, მხარეს შეუძლია საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებით მიმართოს სასამართლოს (ს.ფ. 2).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინებით ნ. კ-შვილს უარი ეთქვა საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 35613 მუხლის მე-3 ნაწილზე, რომლის თანახმად, საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ საქმეებს განიხილავს სააპელაციო სასამართლო.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. კ-შვილს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს “ქომაგი 08-ში” წარდგენილი აქვს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე მ. ც-შვილის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საარბიტრაჟო მოთხოვნა ემყარება 2009 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ერთმა კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე და რომელსაც ნიშნავს კერძო არბიტრაჟი.
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას. სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლის მიხედვით, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, “არბიტრაჟის შესახებ” კანონით გათვალისწინებული საარბიტრაჟო შეთანხმება ასევე წარმოადგენს ორი ან მეტი პირის შინაარსობრივად ურთიერთთანმხვედრი ნების გამოვლენას (გარიგებას), რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს ნების გამოვლენის ნამდვილობის ყველა წინაპირობას. კანონის ზემოთ დასახელებული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე, პირთა თანასწორობაზე დამყარებული კერძო ხასიათის ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა მხარეთა შეთანხმებით შეიძლება განიხილოს იმ არბიტრაჟმა, რომელზეც შეთანხმდებიან მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას. შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. ბათილია საარბიტრაჟო შეთანხმება, თუ მასში მითითებული არბიტრაჟი არც ერთმნიშვნელოვნად არის განსაზღვრული და არც იმგვარად არის ჩამოყალიბებული, რომ მისი შინაარსის მიხედვით შესაძლებელი იყოს განსაზღვრა, თუ რომელ კონკრეტულ არბიტრაჟს გულისხმობდნენ მხარეები. დაუშვებელია საარბიტრაჟო დათქმიდან ორი ან მეტი არბიტრაჟის განსჯადობა გამომდინარეობდეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში 2009 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებაში გათვალისწინებული ზოგადი დათქმა დავის კერძო არბიტრაჟის მიერ განხილვის თაობაზე არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო “არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებულ საარბიტრაჟო შეთანხმებად, ვინაიდან მხარეები არ შეთანხმებულან ხელშეკრულების არსებით პირობაზე _ კონკრეტულ არბიტრაჟზე, რომლის კომპეტენციასაც აღიარებს ორივე მხარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ მხარეები არ შეთანხმებულან მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს “ქომაგი 08-ში” დავის განხილვის თაობაზე, რის გამოც იგი არ იყო უფლებამოსილი განეხილა ნ. კ-შვილის საარბიტრაჟო სარჩელი მ. ც-შვილის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. ნ. კ-შვილს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით უფლება ჰქონდა მიემართა განსჯადი სასამართლოსათვის საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით (ს.ფ. 9-13).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-შვილმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
კერძო საჩივრის ავტორი არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის შესახებ, რომ საარბიტრაჟო შეთანხმებაში პირდაპირ უნდა იყოს მითითებული კონკრეტული არბიტრაჟი, რომელიც უფლებამოსილი იქნება განიხილოს და გადაწყვიტოს დავა. “არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-8 მუხლში არსად არ არის აღნიშნული, რომ მხარეები საარბიტრაჟო შეთანხმების დადებისას ვალდებულნი არიან კონკრეტულად მიუთითონ, თუ რომელმა კერძო არბიტრაჟმა უნდა განიხილოს მათ შორის წარმოშობილი დავა. ამ მუხლის პირველ ნაწილში ვკითხულობთ შემდეგს: საარბიტრაჟო შეთანხმება არის შეთანხმება, რომლითაც მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშობა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე.
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, “არბიტრაჟის შესახებ” კანონი ითვალისწინებს შემთხვევას, როდესაც მხარე არ გამოიყენებს არბიტრის დანიშვნის მისთვის მინიჭებულ უფლებას, ან შეგნებულად საქმის გაჭიანურების მიზნით არ დანიშნავს არბიტრს 30 დღის განმავლობაში. ასეთ ვითარებაში მხარეს უფლება აქვს მიმართოს სასამართლოს არბიტრის დანიშვნის მოთხოვნით და სასამართლო დანიშნავს არბიტრს მიმართვიდან 30 დღის განმავლობაში (“არბიტრაჟის შესახებ” კანონის მე-11 მუხლი). კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, აღნიშნული მუხლის შინაარსი ასევე გამორიცხავს აუცილებლობას, მხარეები წინასწარ შეთანხმდნენ კონკრეტულ არბიტრაჟზე.
სადავო შემთხვევაში ხელშეკრულებაში არსებულ საარბიტრაჟო დათქმაში ნათლად არის გამოხატული მხარეთა ნება _ მიანდონ არბიტრაჟის არჩევა მოსარჩელე მხარეს. რამდენადაც მოსარჩელე ნ. კ-შვილმა მიმართა მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟ “ქომაგი 08-ს”, ეს უკანასკნელი უფლებამოსილია განიხილოს აღნიშნული დავა მანამ, სანამ მისი კომპეტენცია არ გახდება საცილო და შეცილების საფუძვლების კანონიერება არ იქნება დადგენილი არბიტრაჟის ან სასამართლოს მიერ (ს.ფ. 16-19).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, ნ. კ-შვილის კერძო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალების თანახმად, ნ. კ-შვილს მუდმივმოქმედ არბიტრაჟ შპს “ქომაგი 08-ში” წარდგენილი აქვს საარბიტრაჟო სარჩელი მოპასუხე მ. ც-შვილის მიმართ თანხის დაკისრების მოთხოვნით. საარბიტრაჟო მოთხოვნა ეფუძნება მხარეთა შორის 2009 წლის 21 მაისის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივ ურთიერთობას. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, მხარეთა შორის ამ ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ნებისმიერი დავა უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს ერთმა კერძო არბიტრაჟმა, რომელსაც ირჩევს მოსარჩელე მხარე და რომელსაც ნიშნავს კერძო არბიტრაჟი (ს.ფ. 4, 7).
მოცემულ შემთხვევაში საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ ნ. კ-შვილის განცხადების წარმოებაში მიღებაზე სააპელაციო სასამართლოს უარი განპირობებულია იმით, რომ სესხის ხელშეკრულების მონაწილე მხარეები არ შეთანხმებულან კონკრეტულ არბიტრაჟზე, რის გამოც მუდმივმოქმედი არბიტრაჟი შპს “ქომაგი 08” არ იყო უფლებამოსილი განეხილა ნ. კ-შვილის საარბიტრაჟო სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ნ. კ-შვილს დარღვეული უფლების დაცვის მიზნით შეუძლია მიმართოს განსჯად სასამართლოს საერთო სასარჩელო წარმოების წესების დაცვით და ასევე, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შუამდგომლობით.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის მოტივებს.
“არბიტრაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის 1-ლი და მე-2 პუნქტების თანახმად, საარბიტრაჟო შეთანხმებით მხარეები თანხმდებიან, განსახილველად გადასცენ არბიტრაჟს ყველა ან ზოგიერთი დავა, რომელიც წარმოიშვა ან შეიძლება წარმოიშვას მათ შორის ამა თუ იმ სახელშეკრულებო ან სხვა სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე. საარბიტრაჟო შეთანხმება შეიძლება დაიდოს ხელშეკრულებაში საარბიტრაჟო დათქმის ან ცალკე შეთანხმების ფორმით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტით საარბიტრაჟო შეთანხმება ითვლება წერილობითი ფორმით დადებულად, თუ იგი გაფორმებულია საარბიტრაჟო სარჩელისა და საარბიტრაჟო შესაგებლის გაცვლით, როდესაც ერთი მხარე ამტკიცებს, ხოლო მეორე მხარე არ უარყოფს შეთანხმების არსებობას.
კანონის დასახელებული ნორმების შინაარსი ცხადყოფს, რომ არბიტრაჟისათვის დავის განსახილველად გადაცემის შეთანხმების შინაარსი უნდა შეიცავდეს მხარეთა ნამდვილი ნების გამოხატვას კონკრეტული სამოქალაქო დავის კონკრეტული არბიტრაჟის მიერ საარბიტრაჟო წესით განხილვის თაობაზე. როდესაც მხარეები თანხმდებიან, რომ დავა განიხილოს არბიტრაჟმა და არა სასამართლომ, იმავდროულად ისინი გამოხატავენ ნებას, რომ თანახმა არიან მათ დავაზე გადაწყვეტილება მიღებულ იქნეს საარბიტრაჟოO განხილვის წესით, რაც მნიშვნელოვნად განსხვავდება საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმის განხილვის წესისაგან. ასეთ შემთხვევაში მხარეთა გადაწყვეტილებას, როგორც წესი, საფუძვლად უდევს ნდობა მუდმივმოქმედი თუ კონკრეტული კერძო არბიტრაჟისადმი. შესაბამისად, მხარეთა ნება დავის ამგვარი წესით განხილვის შესახებ ემყარება მათ ნდობას შერჩეული არბიტრაჟისადმი, რომელიც კანონის თანახმად შეიძლება იყოს როგორც მუდმივმოქმედი, აგრეთვე ამ დავისათვის დროებით, ან საგანგებოდ ამ სამართლებრივი ურთიერთობისათვის შექმნილი.
ამდენად, საარბიტრაჟო შეთანხმება _ ესაა კერძო-სამართლებრივი შეთანხმება საპროცესო ურთიერთობების ფორმის არჩევის შესახებ. იგი შეიძლება გაფორმდეს როგორც დამოუკიდებლად, ასევე წარმოადგენდეს მხარეთა შორის დადებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ერთ-ერთ პირობას. ნებისმიერი შეთანხმება, რომლითაც მხარეებს სურთ მათ შორის არსებული დავის განხილვა არბიტრაჟის მიერ, შინაარსობრივად უნდა შეიცავდეს იმ მინიმუმს, რომელიც აუცილებელია საარბიტრაჟო შეთანხმებად მისი კვალიფიკაციისათვის, კერძოდ, საარბიტრაჟო შეთანხმებიდან არაორაზროვნად უნდა ირკვეოდეს მხარეთა სურვილი, მათ შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავა განსახილველად გადაეცეს შესაბამის არბიტრაჟს და არა საერთო სასამართლოს. ამ შეთანხმებით ასევე ზუსტად უნდა დგინდებოდეს, თუ რომელ სამართლებრივ ურთიერთობასთან დაკავშირებული დავა უნდა განიხილოს არბიტრაჟმა და შესაძლებელი უნდა იყოს იმ არბიტრაჟის იდენტიფიცირება, რომელმაც უნდა განიხილოს დავა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკსაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო შემთხვევაში 2009 წლის 21 მაისს ნ. კ-შვილსა და მ. ც-შვილს შორის დადებულ სესხის ხელშეკრულებაში არსებული დათქმა ვერ მიიჩნევა კონკრეტულ არბიტრაჟზე შეთანხმებად. შესაბამისად, განმცხადებელს სწორად ეთქვა უარი საარბიტრაჟო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ. კ-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 21 აპრილის განჩინება;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.