Facebook Twitter

ას-417-390-10 1 ივლისი, 2010 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

თ. თოდრია (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ვ. როინიშვილი, მ. სულხანიშვილი

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – მ. შ.-შვილიE (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ბ-ი” (მოპასუხე)

დავის საგანი – არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 25 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოებაში მიღება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა მ. შ.-შვილმა შპს ,,ბ-ის” მიმართ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით მ. შ.-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა მ. შ.-შვილმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მ. შ.-შვილის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 29 ოქტომბრის გადაწყვეტილებით მ. შ.-შვილის სარჩელი შპს ,,ბ-ის” მიმართ არბიტრაჟის გადაწყვეტილების გაუქმების შესახებ არ დაკმაყოფილდა. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. შ.-შვილმა და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით დადგენილი წესები. სსსკ-ის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო თავისი ინიციატივით განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდება. დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მ. შ.-შვილის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2010 წლის 25 მარტს, 16 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით, ამდენად, სააპელაციო სასამართლო თვლის, რომ, მიუხედავად იმისა, რომ მხარეები კანონით დადგენილი წესით იყვნენ სასამართლოში მოწვეული, სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა და არც რაიმე საპატიო მიზეზი გამოუცხადებლობის შესახებ ან საქმის განხილვის გადადების შესახებ სასამართლოსათვის არ უცნობებიათ (სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მესამე პირი მზია ნათენაძის წარმომადგენელი).

აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. შ.-შვილმა და მიუთითა, რომ მისი გამოუცხადებლობა სასამართლო სხდომაზე გამოწვეული იყო მძმიმე ავადმყოფობით, კერძოდ, მისი თქმით იმ დღეს იყო შეუძლოდ, ჰქონდა სტენოგრაფიული შეტევა, რასაც მოწმობს სამედიცინო ცენტრ ,,უინონას” მიერ გაცემული ცნობა. სტენოგრაფიული შეტევის დროს დაუშვებელია ადამიანის გადაადგილება და სწორედ ამ მიზეზით ვერ მოახერხა მან სასამართლო სხდომაზე გამოცხადება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო კერძო საჩივარს და მიაჩნია, რომ მ. შ.-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 275-ე მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარის განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადებულა.

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში მ. შ.-შვილის სააპელაციო საჩივრის ზეპირი განხილვა დანიშნული იყო 2010 წლის 25 მარტს, 16 საათზე, რის შესახებაც მხარეებს ეცნობათ კანონით დადგენილი წესით. სასამართლო სხდომაზე არც ერთი მხარე არ გამოცხადდა, რის გამოც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინებით მ. შ.-შვილის სააპელაციო საჩივარი მხარეთა გამოუცხადებლობის გამო, დარჩა განუხილველად.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 231-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება არც ერთი მხარე, რომლებსაც გაეგზავნათ შეტყობინება 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო გამოიტანს განჩინებას სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ, რასაც უკავშირდება 276-ე და 278-ე მუხლებით დადგენილი წესები.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, მ. შ.-შვილს არ წარმოუდგენია სასამართლოში სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზის დამადასტურებელი დოკუმენტი, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. შ.-შვილის კერძო საჩივარი არის უსაფუძვლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებულ უნდა იქნეს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმწორელი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.

საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მართალია, მ. შ.-შვილი კერძო საჩივარში მიუთითებს, რომ ავადმყოფობის გამო ვერ შესძლო სასამართლო პროცესზე გამოცხადება, მაგრამ მას აღნიშნულის დამადასტურებელი დოკუმენტი არ წარმოუდგენია, რის გამოც მისი სასამართლო პროცესზე გამოუცხადებლობა ვერ ჩაითვლება საპატიოდ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მ. შ.-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

მ. შ.-შვილის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 25 მარტის განჩინება;

საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.