ას-418-396-2011 16 მაისი, 2011 წელი,
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორები _ Mა. ბ-ი, თ. ნ-ე
მოწინააღმდეგე მხარე _ რ. დ-ე
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – საარბიტრაჟო გადაწყვეტილების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. დ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ა. ბ-ის, თ. ნ-ისა და შპს «.... ... ...”ის მიმართ არბიტრაჟის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2007 წლის 25 აგვისტოს რ. დ-ეს, ა. ბ-სა და თ. ნ-ეს შორის გაფორმდა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც რ. დ-ემ ა. ბ-ისაგან ისესხა 6 800 აშშ დოლარი, ხოლო თ. ნ-ისაგან 4 500 აშშ დოლარი სამი თვის ვადით. აღნიშნული ხელშეკრულების მე-9 პუნქტის თანახმად, მხარეთა შორის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ნებისმიერი დავა უნდა გადაწყდეს მოლაპარაკების გზით. შეუთანხმებლობის შემთხვევაში, მხარეთა მოთხოვნით დავას განიხილავს და გადაწყვეტს კანონით დადგენილი წესით კერძო არბიტრაჟი. აღნიშნული საარბიტრაჟო შეთანხმებით, არ განისაზღვრა არბიტრაჟის წევრთა რაოდენობა და მათი დანიშვნის წესი. გარდა ამისა, საარბიტრაჟო შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული საქმის განმხილველი კონკრეტული არბიტრაჟი, შესაბამისად, შპს «.... ... ...» არ იყო უფლებამოსილი განეხილა აღნიშნული დავა. 2008 წლის 8 თებერვალს ა. ბ-მა და თ. ნ-ემ მიმართეს მუდმივმოქმედ კერძო არბიტრაჟს შპს «.... ... ...ს» საარბიტრაჟო პრეტენზიით და მოითხოვეს ზემოთხსენებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის გამო რ. დ-ისათვის თანხის დაკისრება და იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების აუქციონზე რეალიზაცია. მოცემული საარბიტრაჟო შეთანხმებით არ იყო განსაზღვრული საქმის განმხილველი კონკრეტული არბიტრაჟი, შესაბამისად, შპს «.... ... ...» არ იყო უფლებამოსილი, განეხილა აღნიშნული დავა. ხელშეკრულების მე-4 პუნქტის მიხედვით, იპოთეკით იტვირთება უძრავი ქონება 16 კვ.მ. კერძო არბიტრაჟის მიერ 2008 წლის 6 მარტს გამოტანილი გადაწყვეტილებით მისი განმარტებით საბოლოოდ იძულებით აუქციონზე მიექცა 30,49 კვ.მ უძრავი ქონება.
მოპასუხე შპს ,,.... ... ...მა” სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2008 წლის 8 თებერვალს რ. დ-ეს ჩაჰბარდა გზავნილი, სადაც აღნიშნულია, რომ მას ეძლევა 5 დღიანი ვადა წარადგინოს შესაგებელი საარბიტრაჟო პრეტენზიისა და მასში დასმულ საკითხებზე. აღნიშნული უფლებით რ. დ-ეს არ უსარგებლია. რაც შეეხება არბიტრაჟის ფორმირებისა და არბიტრების დანიშვნის წესს, ზემოთ მოყვანილი კანონის მე-9 მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, «თუ მხარეები და მუდმივმოქმედი არბიტრაჟი სხვა რამეზე არ შეთანხმებულან, არბიტრაჟის წევრთა რაოდენობასა და დანიშვნის წესს განსაზღვრავს მუდმივმოქმედი არბიტრაჟი თავისი დებულებით”. ამდენად, რადგან მხარეებმა არ განსაზღვრეს არც არბიტრთა რაოდენობა და არც არბიტრთა დანიშვნის წესი, არბიტრაჟის დებულების შესაბამისად არბიტრების რაოდენობა განსაზღვრა ერთი არბიტრით. რაც შეეხება იპოთეკის საგანს, როგორც 2007 წლის 25 აგვისტოს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაშია აღნიშნული, იპოთეკით დაიტვირთა რ. დ-ის საკუთრებაში არსებული უძარვი ქონება მდებარე, ქ. თბილისში, ვ. ბაგრატიონის ქ ¹38-ში. მართალია, აღნიშნულ ხელშეკრულებაში უძრავი ქონების წილობრივ მონაცემად მითითებულია 16.00/131.00 კვ.მ, მაგრამ ხელშეკრულებაში ნათლადაა მითითებული, რომ იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მთლიანად და არა მისი კონკრეტული ნაწილი.
სასამართლოში წარმოადგენილი შესაგებლით ა. ბ-მა, სარჩელი ასევე არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით რ. დ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა რ. დ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა მოწინააღმდეგე მხარეების მიერ სააპელაციო პასუხის წარუდგენლობის გამო. აღნიშნულ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანეს ა. ბ-მა და თ. ნ-ემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 22 თებერვლის განჩინებით ა. ბ-ისა და თ. ნ-ის საჩივარი დარჩა განუხილევლად.
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელი გადაწყვეტილება ჩაჰბარდა მოწინააღმდეგე მხარეების თ. ნ-ისა და ა. ბ-ის წარმომადგენელ _ ა. ჩ-ის დედას _ მ. ჩ-ეს (ს/ფ 45 ტომი II) საქმეში არსებულ მისამართზე ხაშური, ს-ის ... ...”. აღნიშნულთან დაკავშირებით პალატა დამატებით განმარტა, რომ, მართალია, ა. ჩ-ის მიერ პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილ შესაგებელში მისამართად მითითებულია თბილისი, რ-ის ... ... ... (ს/ფ 149 ტომი I), მაგრამ დასახელებულ მისამართზე სააპელაციო სასამართლოს მიერ გაგზავნილი კორესპონდენცია არ ჩაჰბარდა ადრესატს, რაზედაც ფოსტის კურიერის მიერ 2010 წლის 25 ნოემბერს შედგენილ იქნა სათანადო აქტი (ს/ფ 21-23 ტომი II). რაც შეეხება მისამართს – ხაშური, ს-ის ... ... აღნიშნულზე ა. ჩ-ეს პირადად აქვს ჩაბარებული სასამართლოს გზავნილი (ს/ფ 229ტომი I). სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლის შესაბამისად, პალატამ 2011 წლის 1 თებერვალს დაუსწრებელი გადაწყვეტილების ა. ჩ-ის დედა მ.ჩ-ისათვის ჩაბარება მიიჩნია ადრესატ ა. ჩ-ისათვის ჩაბარებულად. დადგენილი, რომ 2011 წლის 24 იანვრის დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარდგენილია 2011 წლის 18 თებერვალს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 237-ე მუხლის თანახმად პალატამ განმარტა, რომ მხარის მიერ საჩივარი, წარდგენილია კანონით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, რაც საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ა. ბ-მა და თ. ნ-ემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ 2010 წლის 23 სექტემბრის განჩინება და რ. დ-ის სააპელაციო საჩივარი ჩაჰბარდა აპელანტების წარმომადგენლის, ა. ჩ-ის ოჯახის სრულწლოვან წევრს, კერძოდ დედას – ბ. ტ-ეს, გაუგებარია ვის დედას ჩაჰბარდა შესაბამისი გზავნილი, როცა ა. ჩ-ისათვის სრულიად უცნობია სასამართლოს მიერ დედად მიჩნეული ვინმე ბ.ტ-ე. აღნიშნული დასტურდება ა. ჩ-ის დაბადების მოწმობის ასლით, საიდანაც ირკვევა, რომ ა. ჩ-ის დედა გახლავთ მერი ჩ-ე შესაბამისად, სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული გარემოება აშკარად არ შეესაბამება სიმართლეს, რითაც დაირღვა კანონის მოთხოვნა და კანონით დადგენილი წესით არ ჩაბარებია სასამართლო გზავნილი და სააპელაციო საჩივარი.
კერძო საჩივრის ავტორები ასევე აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ა. ჩ-ის დედაზე ჩაბარების დღიდან, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ ქ.ხაშურში, ს-ის ... ..., რაც დასტურდება საქმის მასალებით. კერძო საჩივრის ავტორების განმარტებით, დაუსწრებელი გადაწყვეტილება ა. ბ-ს ჩაჰბარდა მის მიერ მითითებულ მისამართზე 2011 წლის 9 თებერვალს, ხოლო საჩივარი წარდგენილია კანონით დადგენილ ვადაში 2011 წლის 18 თებერვალს, შესაბამისად არ არსებობდა საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ა. ბ-ის და თ. ნ-ის წარმომადგენლის ა. ჩ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ ა. ბ-ის და თ. ნ-ის საჩივარი დატოვა განუხილველად იმ საფუძვლით, რომ მათ გაუშვეს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი ვადა. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება მისამართზე ხაშური, ს-ის ... .... მოწინააღმდეგე მხარეების თ. ნ-ისა და ა. ბ-ის წარმომადგენელ ა. ჩ-ის დედას _ მ. ჩ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 1 თებერვალს და საჩივარი წარადგინა 10-დღიანი ვადის დარღვევით. (ს.ფ. 45 ტომი II)
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს.
კერძო საჩივრის ავტორები აღნიშნავენ, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად აითვალა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა ა. ჩ-ის დედისათვის, მ.ჩ-ისათვის ჩაბარების დღიდან, ვინაიდან ისინი წლების განმავლობაში არ ცხოვრობენ ქ.ხაშურში, ს-ის ... ..., რაც დასტურდება საქმის მასალებით. ამასთან, სააპელაციო პალატამ დაუწრებელი გადაწყვეტილება გამოიტანა იმ მოტივით, რომ სასამართლო გზავნილი ჩაჰბარდა იმავე ა. ჩ-ის დედას ბ. ტ-ეს. ამდენად, სასამართლომ ერთ შემთხვევაში ა. ჩ-ის დედად მიიჩნია ბ. ტ-ე, ხოლო მეორე შემთხვევაში მ. ჩ-ე.
საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში არასწორად დაუკავშირა საჩივრის ვადის ათვლა მ. ჩ-ისათვის გზავნილის ჩაბარების თარიღს. საქმის მასალებით დგინდება, რომ ერთ შემთხვევაში ქ. ხაშურში ს-ის ქ. ... ...გაგზავნილ გზავნილზე მიმღებ პირად მითითებულია ა. ჩ-ის დედა ბ. ტ-ე (ს.ფ.27 ტ.II), ხოლო მეორე შემთხვევაში ამავე მისამართზე გზავნილი ჩაიბარა ასევე ა. ჩ-ის დედამ _ მ. ჩ-ემ (ს.ფ.45 ტ.II). აღსანიშნავია, რომ ორივე შეტყობინების ბარათზე უწყების მიმღების მაიდენტიფიცირებელი მონაცემები (პირადი ნომერი) აღნიშნული არ არის. ამასთან, საქმეში ასევე წარმოდგენილია მტკიცებულება, რომლითაც უწყების ჩამბარებლის ინფორმაციით ირკვევა, რომ იმავე მისამართზე ქ. ხაშური ს-ის ქ. ... ...განთავსებულია საწყობები (ტ.II ს.ფ.12).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა სარწმუნოდ ვერ მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მხარისათვის (ამ შემთხვევაში წარმომადგენლის) კანონით გათვალისწინებული წესით შეტყობინების ჩაბარების თაობაზე. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებასაც, რომ სასამართლომ სააპელაციო საჩივარზე შესაგებლის წარუდგენლობის გამო მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება გაუგზავნა თვით მხარე ა. ბ-ს (ტ.II ს.ფ.54), რომელმაც დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე საჩივარი წარადგინა კანონით განსაზღვრულ ვადაში.
ზემოაღნიშნული გარემოებების გავალისწინებით, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს, სააპელაციო სასამართლომ საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მხედველობაში უნდა მიიღოს მითითებული გარემოებები და შესაბამისად გადაწყვიტოს საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
Mა. ბ-ის და თ. ნ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 22 თებერვლის განჩინება და საქმე საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.