ას-423-396-2010 28 ივნისი, 2010წ.
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ლ. ლაზარაშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კვანტალიანი, ვ. როინიშვილი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ ფირმა “ო.” (წარმომადგენელი თ. ქ-ძე)
მოწინააღმდეგე მხარე _ სს “თ.”
მესამე პირი _ შპს “დ.”
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება
კერძო საჩივრის დავის საგანი _ საქმეზე წარმოების შეწყვეტა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებით სს “თ.” სარჩელი დაკმაყოფილდა, ფირმა “ო.” მოსარჩელის სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისრა 457 346 ლარი, რაც ჩაითვალა შეგებებული სარჩელის მოთხოვნაში; ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ფირმა “ო.” სარჩელი და მასზე დაკისრებული თანხის გამოკლებით სს “თ.” დაეკისრა 2 740 950 ლარის გადახდა ფირმა “ო.” სასარგებლოდ (ტომი I, ს.ფ. 93-94).
2009 წლის 16 მარტს შპს “დ.” დირექტორმა ნ. გ-იამ სოხუმის რაიონულ და სოხუმის საქალაქო სასამართლოს მიმართა განცხადებით, სადაც აღნიშნა, რომ 2008 წლის 7 ივლისის ხელშეკრულებით სს “თ.” ფირმა “ო.” სასარგებლოდ დაკისრებული თანხის მიღების უფლება გადაეცა შპს “დ.”. განმცხადებელმა მოითხოვა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემა (ტომი I, ს.ფ. 103).
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინებით შპს “დ.” დირექტორ ნ. გ-იას განცხადება არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2005 წლის იანვრიდან შპს “თბილსრესის” მიმართ მიმდინარეობდა გაკოტრების საქმის წარმოება. საქალაქო სასამართლომ მიუთითა “გადახდისუუნარობის შესახებ” კანონის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის “გ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას ჩერდება იძულებითი აღსრულება სასამართლოს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც გაკოტრების საქმის წარმოების გახსნამდე იქნა მიღებული. ამავე მუხლის “ბ” და “დ” ქვეპუნქტების მიხედვით, ნებისმიერი კრედიტორი უფლებამოსილია კანონით განსაზღვრულ ვადაში წარუდგინოს სასამართლოს თავისი მოთხოვნები ვალის წარმოშობის საფუძვლის მითითებით. იკრძალება გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების წარმოებაში მიღების თაობაზე განჩინების გამოტანამდე აღებული ვალების უზრუნველყოფა, ჩერდება ვალების და პროცენტების გადახდა (ტომი I, ს.ფ. 115).
სასამართლოს დასახელებული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “დ.” დირექტორმა ნ. გ-იამ, რომელმაც აღნიშნა, რომ მას სასამართლოსათვის არ მიუმართავს, როგორც რომელიმე აღმასრულებელი ორგანოსთვის, რაიმე ღონისძიების ან ქმედების ჩატარების მიზნით. თუკი არსებობს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, სააღსრულებო ფურცლის ამოწერას არც ერთი ნორმატიული აქტი არ კრძალავს და სასამართლოს არ ათავისუფლებს ამ ვალდებულებისგან, გადახდისუუნარობის საქმის წარმოებისას იძულებითი აღსრულების შეჩერება არ აბრკოლებს გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემას (ტომი I, ს.ფ. 118-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით შპს “დ.” კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 24 მარტის განჩინება და საქმე შპს “დ.” განცხადებით განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (ტომი I, ს.ფ. 146-149).
სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინებით შპს “დ.” განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ არ დაკმაყოფილდა (ტომი I, ს.ფ. 176-178).
პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს “დ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი განჩინებით სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ მისი მოთხოვნის დაკმაყოფილება (ტომი II, ს.ფ. 2-4).
2009 წლის 5 აგვისტოს სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “თ.”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება ფირმა “ო.” მის სასარგებლოდ 457 346 ლარის დაკისრების, ხოლო ამ უკანასკნელის შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი II, ს.ფ. 30-39).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 13 ნოემბრის საოქმო განჩინებით შპს “დ.” მოცემულ საქმეში ჩაება მესამე პირად (ტომი II, ს.ფ. 116-119).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით შპს “დ.” კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 17 ივნისის განჩინება. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოცემულ შემთხვევაში სს “თ.” სააპელაციო საჩივარი სოხუმის რაიონული და სოხუმის საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე მიღებულ იქნა წარმოებაში და ამდენად, გადაწყვეტილება არ იყო შესული კანონიერ ძალაში (ტომი II, ს.ფ. 145-148).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინებით გაუქმდა სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება ფირმა “ო.” შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და შეგებებულ სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის “ე” ქვეპუნქტზე, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლიდან გამომდინარე გამოიყენება სააპელაციო წესით საქმის განხილვისას და განმარტა, რომ სასამართლო მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ საქმის ერთ-ერთ მხარედ მყოფი მოქალაქის გარდაცვალების შემდეგ ან იურიდიული პირის ლიკვიდაციისას სადავო სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დაუშვებელია უფლებამონაცვლეობა.
საქმეზე დგინდებოდა, რომ 2005 წლის 10 იანვრიდან სს “თ.” ქონებაზე გაიხსნა გაკოტრების საქმის წარმოება “გაკოტრების საქმის წარმოების შესახებ” 1996 წლის 25 ივნისის საქართველოს კანონის შესაბამისად. 2010 წლის 5 მარტს, აღნიშნული კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე, განხორციელდა სს “თ.” ქონების რეალიზაცია. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დადგინდა სს “თ.” გაკოტრების მმართველის მიერ სს “თ.” სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და აღნიშნული საწარმოს სამეწარმეო რეესტრში რეგისტრაციის გაუქმება.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, პროცესუალური უფლებამონაცვლეობა არ დაიშვება, თუ დაუშვებელია მატერიალურ-სამართლებრივი უფლებებისა და ვალდებულებების გადასვლა ერთი პირისაგან მეორე პირზე. იურიდიული პირის ლიკვიდაციისას უფლებამონაცვლეობა არ წარმოიშობა. აქედან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში ექვემდებარებოდა გაუქმებას, ხოლო შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოება _ შეწყვეტას (ტომი II, ს.ფ. 140-142).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 26 მარტის განჩინება წარმოების შეწყვეტის შესახებ კერძო საჩივრით გაასაჩივრა ფირმა “ო.”.
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნის საფუძვლები შემდეგში მდგომარეობს:
სასამართლომ მიიჩნია, რომ გადაწყვეტილების მიღების მომენტისათვის აპელანტი _ სს “თ.” ლიკვიდირებული იყო, თუმცა მას არ მოუთხოვია სამეწარმეო რეესტრის ამონაწერის წარდგენა. კერძო საჩივარზე თანდართული სამეწარმეო რეესტრის ამონაწერით დასტურდება, რომ სს თ.” რეგისტრაცია გაუქმებულია 2010 წლის 20 აპრილს, ანუ სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის შემდგომ;
სასამართლომ სააპელაციო საჩივარი წარმოებაში მიიღო საპროცესო ნორმების დარღვევით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან 7 წლის შემდგომ. მოსამართლე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების შესახებ 2009 წლის 8 სექტემბრის განჩინებაში არ მიუთითებს სს “თ.” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების ვერც ფაქტობრივ და ვერც კანონიერ საფუძვლებზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, სს “თ.” სააპელაციო საჩივრის შეტანის მომენტისათვის გაშვებული ჰქონდა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადა. სს “თ.” კომერციულმა დირექტორმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2002 წლის 30 სექტემბერს, რასაც ცხადყოფს საქმეში არსებული შესაბამისი ხელწერილი (ტომი II, ს.ფ. 154-156).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება (ფირმა “ო.” შეგებებულ სარჩელზე საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ), შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს მიერ მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილება გამოტანილია 2002 წლის 27 სექტემბერს. სააპელაციო საჩივარი ამ გადაწყვეტილებაზე შეტანილია 2009 წლის 5 აგვისტოს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეზე უტყუარად არ დასტურდება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სს “თ.” მიერ ჩაუბარებლობა. ს.ფ. 95-ზე (ტომი I) განთავსებულია გზავნილი, რომლითაც დგინდება, რომ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება გაეგზავნა სს “თ.” დირექტორ ნ. ბ-შვილს. ამავე გზავნილზე დაფიქსირებულია ჩაბარების აღმნიშვნელი ხელმოწერა. სს “თ.” სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტისას სააპელაციო სასამართლოს აუცილებლად უნდა გამოერკვია, რატომ არ ადასტურებს აღნიშნული გზავნილი სს “თ.” მიერ სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარებას და დაესაბუთებინა, რომ გზავნილზე ხელმომწერი პირი არ წარმოადგენდა სს “თ.” თანამშრომელს, რაც არ გამორკვეულა.
ამასთან დაკავშირებით ასევე გასათვალისწინებელია, რომ სოხუმის რაიონული და საქალაქო სასამართლოს 2002 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილებაზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის მოთხოვნით აღძრულ საქმეზე ასევე მონაწილეობდა სს “თ.”. სააპელაციო სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, აღნიშნული წარმოების მსვლელობისას ჩაბარდა თუ არა სს “თბ.” გადაწყვეტილება და ამის გათვალისწინებითაც გაშვებულია თუ არა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, რომელიც ამავე კოდექსის 372-ე მუხლის საფუძველზე გამოიყენება სააპელაციო საჩივრის განხილვისას, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს. აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლის არსებობისას სასამართლო უფლებამოსილია, საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე დატოვოს სააპელაციო საჩივარი განუხილველი.
საკასაციო სასამართლო ასევე არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას ფირმა “ო.” შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის დასაბუთების ნაწილში. შეგებებულ სარჩელზე წარმოება შეწყვეტილია იმ მოტივით, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 15 მარტის განჩინებით დადგინდა სს “თ.” გაკოტრების მმართველის მიერ სს “თ.” სამეურვეო ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხების განაწილებისთანავე გაკოტრების საქმის წარმოების დასრულება და სამეწარმეო რეესტრში საწარმოს რეგისტრაციის გაუქმება. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ გაკოტრების საქმის წარმოების დასრულების შესახებ განჩინების გამოტანა არ ნიშნავს საწარმოს ლიკვიდაციას. სამოქალაქო კოდექსის 25-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, იურიდიული პირის უფლებაუნარიანობა წყდება მისი ლიკვიდაციის დამთავრების შესახებ რეგისტრაციის მომენტიდან. საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღება კი არ ნიშნავს, რომ ასეთი მომენტი დადგა. ამასთან, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” კანონის 42-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გაკოტრების საქმის წარმოების პროცესის დასრულებისთანავე საწარმო ანაწილებს დარჩენილ თანხას, ხოლო დარჩენილი თანხის ნაწილი შეინახება შესაბამის სადეპოზიტო ანგარიშზე 3 თვის ვადით. ასევე გასათვალისწინებელია “მეწარმეთა შესახებ” კანონის მე-14 მუხლის მე-10 პუნქტი, რომლის თანახმად, თუ საწარმოს რეგისტრაციის გაუქმების შემდეგ 3 თვის განმავლობაში აღმოჩნდება, რომ ლიკვიდაციისას არ იქნა დაკმაყოფილებული საწარმოს კრედიტორთა ნაწილი, მათი დაკმაყოფილება მოხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხებიდან ან ქონებიდან. 3-თვიანი ვადის გასვლის შემდეგ ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად დეპონირებული თანხები ან ქონება ნაწილდება პარტნიორებს შორის მათი წილის პროპორციულად, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის დადგენილი. კანონის აღნიშნული რეგულირება ემსახურება დაგვიანებული კრედიტორების ინტერესებს. აქედან გამომდინარე, სს “თ.” შეგებებულ სარჩელზე წარმოების შეწყვეტის საფუძველი გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანის დროისათვის არ არსებობდა. საქმის ხელახალი განხილვისას, თუკი სააპელაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო საჩივარი არსებითად უნდა იქნეს განხილული, სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა გამოარკვიოს, გასულია თუ არა მოცემულ შემთხვევაში კანონით სადეპოზიტო ანგარიშზე დარჩენილი თანხის შესანახად განსაზღვრული სამთვიანი ვადა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება უნდა გაუქმდეს და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 26 მარტის განჩინება და სს “თ.” სააპელაციო საჩივარი განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.