Facebook Twitter

¹ას-423-401-2011 16 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ.კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ კ. გ-ა, მ- თ-ე

მოწინააღმდეგე მხარე _ სს ,, ... ... ...’’

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

სს ,,... ... ...მა’’ სარჩელი აღძრა სასამართლოში კ. გ-სა და მ. თ-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: : 2009 წლის 12 იანვარს ს/ს «... ... ...სა» და კ. გ-ს შორის გაფორმდა საკრედიტო ხელშეკრულება, რის საფუძველზე მოპასუხემ მიიღო კრედიტი 160 000 აშშ დოლარის ოდენობით, წლიური 19%-ის დარიცხვით. აღნიშნული ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, ს/ს «... ... ...სა» და მ. თ-ეს» შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება, რითიც იპოთეკით დაიტვირთა მ. თ-ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისში, ი. ა-ის ...ში. მოპასუხემ არ შეასრულა დაკისრებული ვალდებულება და მისი დავალიანება ს/ს «... ... ...ს» წინაშე შეადგენს 209 478,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითად თანხას წარმოადგენს 160 000 აშშ დოლარი, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებაზე 11 046,57 აშშ დოლარი, ყოველთვიური სარეზერვო საკომისიო 5 200 აშშ დოლარი და დარიცხული პროცენტი 33 231,78 აშშ დოლარი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძვლით, რომ საკრედიტო ხელშეკრულებასთან მიმართებით, მოსარჩელესა და მოპასუხე შორის გაიმართა მოლაპარაკებები, რის შედეგად მხარეებმა განსაზღვრეს დავალიანების დაფარვის ოპტიმალური გრაფიკი. მიუხედავად ამისა, ს/ს «... ... ...მა» მაინც შეიტანა სარჩელი სასამართლოში. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე აღებული კრედიტი 160 000 აშშ დოლარი,მოხმარდა რადიო «... ...ს», რაც ხელშეკრულების გაფორმებისას ზეპირსიტყვიერად ეცნობა ბანკის წარმომადგენელს. ხელშეკრულების გაფორმების დროს, ბაზარზე არსებული ვითარება იძლეოდა კრედიტის დროულად დაფარვის შესაძლებლობას. მოგვიანებით, 2008 წელს განვითარებულმა მოვლენებმა და მსოფლიო ეკონომიკურმა კრიზისმა, მნიშვნელოვნად შეამცირა, რადიო «... ...ის» შემოსავლები. 2010 წლის 5 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში გამართულ მოსამზადებელ სხდომაზე, გამოცხადებულმა მოპასუხეებმა ცნეს სარჩელი ძირითადი დავალიანების, დარიცხული პროცენტისა და საკომისიო რეზერვების ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოს ნაწილში მოითხოვეს მისი შემცირება.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 5 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს ,,... ... ...ს’’ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს კ. გ-მ და მ. თ-ემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინებით კ. გ-სა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 11 იანვრის განჩინებით კ. გ-სა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და დაევალათ მოთხოვნის დაზუსტება და სახელმწიფო ბაჟის გადახდა. ამავე პალატის 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით აპელანტებს გაუგრძელდათ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადა 7 დღით. საფოსტო გზავნილის შეტყობინების ბარათით ირკვევა, რომ აღნიშნული განჩინება აპელანტების წარმომადგენელს – ნ. კ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 10 თებერვალს. ხარვეზი შევსების ვადა ამოიწურა 2011 წლის 17 თებერვალს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, საპელაციო პალატამ სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დატოვა განუხილველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს კ. გ-მ და მ. თ-ემ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე, რის გამოც არასწორად დატოვა სააპელაციო საჩივარი განუხილველად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლოს კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიაჩნია, რომ კ. გ-სა და მ. თ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო საჩივარი არ უპასუხებს ამავე მუხლის მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება.

მითითებული კანონის დანაწესი ცხადყოფს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო განსაზღვრავს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომელიც ხარვეზის შესავსებად უნდა განხორციელდეს და საპროცესო ვადას, რომლის განმავლობაშიც აპელანტი ვალდებულია, შეასრულოს განჩინებაში დადგენილი მოქმედებები. სასამართლოს მიერ მითითებული ვადის გასვლის შემდეგ კი სააპელაციო საჩივარი დარჩება განუხილველად.

მოცემულ შემთხვევაში აპელანტებს 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით დაუდგინდათ ხარვეზი და მიეცათ 7 დღე მის გამოსასწორებლად.

საქმის მასალებში წარმოდგენილი საფოსტო შეტყობინებებით დასტურდება, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე აპელანტების წარმომადგენელ ნ. კ-ეს ჩაჰბარდა 2011 წლის 10 თებერვალს (ტ.II ს.ფ.25).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამავე კოდექსის 74-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო, თუ უწყება ჰბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით _ სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას.

ზემოხსენებული კანონის დანაწესიდან გამომდინარე, სასამართლო უწყება თუ გზავნილი მხარისათვის და მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაჰბარდა ერთ-ერთ მათგანს პირადად, მათი ოჯახის სრულწლოვან წევრს ან სამუშაო ადგილზე მყოფ თანამდებობის პირს, რომელიც თავისი ხელმოწერით დაადასტურებს სასამართლო უწყების მიღებას და ადრესატისათვის მისი გადაცემის ვალდებულებას. ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სასამართლო გზავნილის აპელანტების წარმომადგენლისათვის ჩაბარება აპელანტთათვის ჩაბარებად უნდა ჩაითვალოს.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად კერძო საჩივრის ავტორები მიუთითებენ იმ გარემოებაზე, რომ სასამართლომ არ დააკმაყოფილა მათი მოთხოვნა ბაჟის გადავადების თაობაზე. საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორების აღნიშნულ მოსაზრებას არ იზიარებს, ვინაიდან აპელანტებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების თაობაზე რაიმე შუამდგომლობა აღძრული არ ჰქონიათ და ვერც ამჟამად ადასტურებენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლის არსებობას. ამასთან, საქმის მასალებით ირკვევა, რომ კ. გ-მ და მ. თ-ემ სასამართლოს მიმართეს ხარვეზის ვადის გაგრძელების მოთხოვნით, რაც სააპელაციო პალატამ 2011 წლის 7 თებერვლის განჩინებით დააკმაყოფილა და ხარვეზის შევსების ვადა გაუგრძელა. მიუხედავად ამისა, მხარეს არც სასამართლოს მიერ დამატებით განსაზღვრულ ვადაში ხარვეზი არ არ გამოუსწორებია.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს ის საპროცესო მოქმედებები, რაც მას სასამართლომ დაავალა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს ამ საპროცესო მოქმედებათა შესრულების უფლებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის გამო, თბილისის სააპელაციო სასამართლომ კ. გ-სა და მ. თ-ის სააპელაციო საჩივარი სწორად დატოვა განუხილველად და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების სამართლებრივი საფუძვლები.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

კ. გ-სა და მ. თ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 25 აპრილის განჩინება დარჩეს უცვლელად.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.