¹ას-42-41-10 21 იანვარი 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატამ
მოსამართლე: მ. სულხანიშვილი
საქმის ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა დ. გ-უას წარმომადგენლის ნ. პ-ავას კერძო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებაზე.ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
ს. გ-უამ სარჩელით მიმართა გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონულ სასამართლოს დ. გ-უას მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი ბავშვების თ. გ-უასა და მ. გ-უას სასარგებლოდ ალიმენტის სახით თითოეულზე 100-100 ლარის დაკისრება და ქორწინების შეწყვეტა.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა რეგისტრირებული ქორწინების შეწყვეტა მასსა და მოპასუხეს შორის, ასევე მოითხოვა დ. გ-უას ბავშვების სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა თითოეულზე 40-40 ლარის ოდენობით.
გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით ს. გ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა. შეწყდა ს. გ-უასა და დ. გ-უას შორის ... ს/საბჭოში რეგისტრირებული ქორწინება. მოპასუხე დ. გ-უას მისი არასრულწლოვანი შვილების თ. და მ. გ-უების სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად სარჩო-ალიმენტის გადახდა 40 ლარის ოდენობით თითოეულ ბავშვზე მათ სრულწლოვანებამდე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. გ-უამ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინებით დ. გ-უას სააპელაციო საჩივარი როგორც დაუშვებელი დარჩა განუხილველი.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩნება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ. გ-უას წარმომადგენელმა ნ. პ-ავამ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის შედეგად თვლის, რომ კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო საჩივრის შეტანა შეიძლება განჩინების გადაცემის მომენტიდან 12 დღის განმავლობაში. ამ ვადის გაგრძელება დაუშვებელია.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ დ. გ-უას გასაჩივრებული განჩინების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 23 დეკემბერს (ს.ფ. 77). აქედან გამომდინარე განჩინების გასაჩივრების ვადა ამოიწურა 2010 წლის 4 იანვარს, ხოლო მან ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2009 წლის 4 დეკემბრის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მიმდინარე წლის 5 იანვარს, რითაც დარღვეულ იქნა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 416-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, ანუ გაშვებულ იქნა გასაჩივრების 12 დღიანი საპროცესო ვადა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და იგი განუხილველად უნდა დარჩეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 419-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
დ. გ-უას წარმომადგენლის ნ. პ-ავას კერძო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად.
განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.