Facebook Twitter

ას-430-402-2010 31 მაისი, 2010წ.

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

Mმ. სულხანიშვილი (თავმჯდომარე),

ლ. ლაზარაშვილი (მომხსენებელი), ნ. კვანტალიანი

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ტ. ტ-ში

მოწინააღმდეგე მხარეები _ ჯ. თ-ძე, ლ. შ-ძე, რ. ვ-ძე, ზ. შ-ძე, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახური

მესამე პირი _ შპს “ბ-ა”

გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინება

კერძო საჩივრის დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 10 აპრილს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ტ. ტ-შმა მოპასუხეების: ჯ. თ-ძის, ლ. შ-ძის, ლ. მ-ძის, რ. ვ-ძის, ზ. შ-ძის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურისა და მესამე პირის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ჯ. თ-ძისა და ლ. შ-ძის მიერ რ. ვ-ძესა და ზ. შ-ძესთან გაფორმებული ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა და საჯარო რეესტრის ჩანაწერების გაუქმება.

მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 2007 წლის 17 დეკემბერს განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას და მოითხოვა 1993 წლის 2 იანვარს ხელვაჩაურის რაიონის ¹3 ანგისის აგროუბანში მდებარე მიწის იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე მის ფაქტობრივ მფლობელობაში არსებული 9 000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობის გაცემა. აღნიშნული განცხადება დაკმაყოფილდა მხოლოდ 3 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე, ხოლო დანარჩენ 6 000 კვ.მ მიწის ნაკვეთზე საკუთრების მოწმობები გაიცა ფიზიკურ პირებზე, რომლებსაც არანაირი შეხება არ ჰქონიათ აღნიშნულ მიწის ნაკვეთთან. მიწის ნაკვეთის ახალი მესაკუთრეების _ ჯ. თ-ძისა და ლ. შ-ძის მიერ 2007 წლის 27 თებერვლის ხელშეკრულებებით მიწის ნაკვეთები გასხვისდა რ. ვ-ძესა და ზ. შ-ძეზე (ტომი 1, ს.ფ. 3-9).

2008 წლის 2 ოქტომბერს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა შპს “ბ-ამ” ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიისა და ტ. ტ-შის მიმართ და მოითხოვა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტების, კერძოდ, კომისიის 2008 წლის 29 აგვისტოს¹109 საოქმო გადაწყვეტილების ნაწილისა და ტ. ტ-შის სახელზე გაცემული ¹4235 საკუთრების მოწმობის ბათილად ცნობა. მოსარჩელე მიუთითებდა, რომ შპს “ბ-ა”, როგორც ქ. ბათუმის გამწვანების ტრესტის უფლებამონაცვლე, ფლობდა და სარგებლობდა სოფ. ანგისაში მდებარე მიწის ნაკვეთით, სადაც ასევე განთავსებულია ¹2 სანერგე მეურნეობა. იჯარის ხელშეკრულება დადებული იყო არა ტ. ტ-შის, არამედ სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება-რეალიზაციის კოოპერატივ “ს-ს” მიერ, რომლის თავმჯდომარეც იყო ტ. ტ-ში. სარჩელში ასევე მითითებული იყო, რომ იჯარის ხელშეკრულება ჯერ კიდევ 1993 წლის 31 დეკემბერს გაუქმდა ქ. ბათუმის მერიის ¹402 გადაწყვეტილებით (ტომი 2, ს.ფ. 2-9).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს განჩინებით ზემოაღნიშნული საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებით ტ. ტ-შისა და შპს “ბ-ის” სარჩელები არ დაკმაყოფილდა.

რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 2008 წლის 27 თებერვალს ჯ. თ-ძესა და ზ. შ-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით ზ. შ-ძემ 17 000 ლარად შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ანგისაში მდებარე 2 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. 2008 წლის 27 თებერვალს ლ. შ-ძესა და რ. ვ-ძეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც რ. ვ-ძემ 17 000 ლარად შეიძინა ხელვაჩაურის რაიონის სოფ. აგნისაში მდებარე 2 500 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სასამართლომ მიიჩნია, რომ ჯ. თ-ძესა და ლ. შ-ძეს საკუთრების უფლება რეგისტრირებული ჰქონდათ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურში, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ გაცემული ¹6004 და ¹6005 საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე (ტომი 3, ს.ფ. 58-68).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ტ. ტ-შმა და მოითხოვა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებებიც არ ყოფილა საქმეში წარდგენილი. ლ. შ-ძისა და ჯ. თ-ძის მიერ არ ყოფილა დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ისინი ნამდვილად ფლობდნენ მათ მიერ გასხვისებულ მიწის ნაკვეთებს. გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის საფუძვლად აპელანტი ასევე მიუთითებდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მიერ ტ. ტ-შისა და შპს “ბ-ის” ადმინისტრაციული სარჩელების ერთ წარმოებად გაერთიანებას, ვინაიდან დავის საგანი და საფუძველი ორივე შემთხვევაში სხვადასხვა იყო (ტომი 3, ს.ფ. 72-76).

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება მისი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ასევე შპს “ბ-ამ”, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით შპს “ბ-ის” სარჩელის დაკმაყოფილება.

აპელანტი მიუთითებდა, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან დგინდებოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ტ. ტ-შის საკუთრებაში აღიარებული მიწის ნაკვეთით შპს “ბ-ის” და არა ტ. ტ-შის მიერ სარგებლობის ფაქტი. აპელანტის მითითებით, არ ყოფილა წარდგენილი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ ტ. ტ-ში საკუთრების უფლების აღიარებამდე სარგებლობდა სადავო მიწის ნაკვეთით (ტომი 3, ს.ფ. 77-83).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 მაისის განჩინებით ცალკე წარმოებად გამოეყო ტ. ტ-შის სააპელაციო საჩივარი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილებაზე ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობის ნაწილში. ადმინისტრაციული საქმიდან გამოყოფილი სასარჩელო მოთხოვნა განსჯადობის წესების დაცვით განსახილველად გადაეცა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას (ტომი 3, ს.ფ. 89-91).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო პალატის 2009 წლის 16 სექტემბრის განჩინებით შეჩერდა ტ. ტ-შის სააპელაციო საჩივარზე საქმის წარმოება ლ. მ-ძის, ჯ. თ-ძისა და ლ. შ-ძეს და მოპასუხე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიას შორის აღძრული ადმინისტრაციული დავის გადაწყვეტამდე (ტომი 3, ს.ფ. 186-190).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებით შპს “ბ-ის” სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 20 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბრის საოქმო გადაწყვეტილება ტ. ტ-შის ნაწილში და მის საფუძველზე ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2007 წლის 28 დეკემბერს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობა ¹4235. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 იანვრის განჩინებით ტ. ტ-შის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლად იქნა მიჩნეული (ტომი 3, ს.ფ. 218-225).

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 15 მარტის განჩინებით განახლდა საქმის წარმოება ტ. ტ-შის სააპელაციო საჩივარზე, საქმის განხილვა დაინიშნა სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე 2010 წლის 1 აპრილს, 14.00 საათზე (ტომი 3, ს.ფ. 226-227).

2010 წლის 1 აპრილის სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინებით ტ. ტ-შის სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ 2010 წლის 1 აპრილს 14.00 საათზე დანიშნული სასამართლოს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ მხარეებს ეცნობათ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით და განემარტათ გამოუცხადებლობის სამართლებრივი შედეგები. სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა არც ერთი მხარე და მათ არც სასამართლოსათვის უცნობებიათ გამოუცხადებლობის საპატიო გარემოებების არსებობის შესახებ (ტომი 3, ს.ფ. 234-237).

სააპელაციო სასამართლოს აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ტ. ტ-შმა (წარმომადგენელი ვ. ს-ძე), რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება.

კერძო საჩივარში აღნიშნულია, რომ ტ. ტ-ში საქმეს აწარმოებდა წარმომადგენელ ვ. ს-ძის მეშვეობით და სააპელაციო სასამართლოს დანიშნული სხდომის შესახებ სწორედ ამ უკანასკნელისათვის უნდა ეცნობებინა. ტ. ტ-ში სააპელაციო სასამართლოში საერთოდ არ ყოფილა და მისი სახელით ყველა პროცესუალური მოქმედება ვ. ს-ძის მეშვეობით ხორციელდებოდა. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლოს სხდომის დროის შესახებ არც ერთი მათგანისათვის არ შეუტყობინებია. ასეთ ვითარებაში ტ. ტ-შის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება არამართლზომიერია (ტომი 3, ს.ფ. 250-251).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების გამოკვლევის შედეგად მიიჩნევს, რომ ტ. ტ-შის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, მხარეები შეიძლება დაიბარონ ტელეფონით, დეპეშით, ელექტრონული ფოსტით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით. ტექნიკური საშუალებით დაბარებისას დგება აქტი, რომელიც ჩაიკერება საქმეში. აქტს ადგენს სასამართლოს შესაბამისი მოხელე.

საქმეზე დასტურდება, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 1 აპრილის სხდომის დროისა და ადგილის შესახებ სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ეცნობა ტ. ტ-შის წარმომადგენელ მ. ა-შვილს. ამასთან დაკავშირებით 2010 წლის 25 მარტს მოსამართლის თანაშემწის მიერ შედგა შესაბამისი აქტი (ტომი 3, ს.ფ. 229, 228). ს.ფ. 172-ზე (ტომი 3) განთავსებული მინდობილობის თანახმად, მ. ა-შვილს ტ. ტ-შის წარმომადგენლობის უფლება გააჩნია ყველა ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნული რწმუნებულება გაცემულია 2011 წლის 19 მაისის ჩათვლით და მარწმუნებლის ან რწმუნებულის მხრიდან წარმომადგენლობის შეწყვეტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობებათ სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი, უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს. აღნიშნულიდან გამომდინარე, წარმომადგენელ მ. ა-შვილის ინფორმირება სასამართლო სხდომის დროისა და ადგილის შესახებ წარმოადგენდა უშუალოდ აპელანტის _ ტ. ტ-შის ინფორმირებას.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე მუხლი, ამავე კოდექსის 275-ე მუხლის “დ” ქვეპუნქტი, რომელთა თანახმად: საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმის განხილვისათვის; სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს თუ არც ერთი მხარე არ გამოცხადდება.

გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძვლად ვერ მიიჩნევა ის გარემოება, რომ 2010 წლის 1 აპრილის სხდომის თაობაზე სააპელაციო სასამართლოს არ უცნობებია უშუალოდ აპელანტისა და მისი სხვა წარმომადგენლის _ ვ. ს-ძისათვის. როგორც უკვე აღინიშნა, საქმეში წარმოდგენილია ტ. ტ-შის მიერ მ. ა-შვილზე გაცემული მინდობილობა, რომლის ნამდვილობა სადავოდ არავის გაუხდია. აღნიშნული მინდობილობით გამოხატულია მხარის ნება, სასამართლოში მისი სახელით წარმომადგენლობის (მათ შორის, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების) უფლებამოსილება მიანიჭოს მ. ა-შვილს. ამ ნების ნამდვილობის საეჭვოობის საფუძველი საკასაციო სასამართლოს არ გააჩნია. სააპელაციო სასამართლო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის საფუძველზე არ იყო შეზღუდული, სხდომის დღის შესახებ ეცნობებინა მხოლოდ ერთ-ერთი წარმომადგენლისათვის, რომელიც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავის მხრივ, ვალდებული იყო, ამის თაობაზე წარმოდგენილი პირისთვის ეცნობებინა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს და უცვლელად ტოვებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლით, 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ტ. ტ-შის (წარმომადგენელი ვ. ს-ძე) კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 1 აპრილის განჩინება;

განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.