Facebook Twitter

ას-433-409-2011 11 აპრილი, 2011 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

ნ. კვანტალიანი, ბე. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ვ. გ-ძე, ნ. ლ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ ა. დ-შვილი, ზ. ქ-ძე

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ ჩუქებისა და ნასყიდობის ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2010 წლის 10 ნოემბერს ახალციხის რაიონულ სასამართლოს სარჩელით მიმართეს ა. დ-შვილმა და ზ. ქ-ძემ მოპასუხეების _ ვ. გ-ძისა და მ. ჩ-ელის მიმართ და მოითხოვეს:

ა. ვ. გ-ძესა (პირადი ნომერი _ ...) და მის შვილს, ასევე ვ. გ-ძეს (პირადი ნომერი _ ...) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების (რეგისტრირებულია ბორჯომის სანოტარო ბიუროში) ბათილად ცნობა;

ბ. მ. ჩ-ელსა და ნ. ლ-ძეს შორის დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების (დამოწმებულია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2008 წლის 18 ნოემბერს) ბათილად ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 44, 77-84).

ახალციხის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა. დ-შვილისა და ზ. ქ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა: ბათილად იქნა ცნობილი 2002 წლის 28 ოქტომბრის ჩუქების ხელშეკრულება, რომლითაც ვ. გ-ძემ ბორჯომში, ...ის ქ.¹1-ში მდებარე სახლი გააჩუქა ვ. გ-ძეზე; ბათილად იქნა ცნობილი მ. ჩ-ელსა და ნ. ლ-ძეს შორის დადებული ნასყიდობის ხელშეკრულება სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის გასხვისების შესახებ.

სასამართლომ მიუთითა საქმეზე დადგენილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით, ა. დ-შვილის სარჩელის განხილვის შედეგად, მოპასუხეებს _ ვ. გ-ძესა და მ. ჩ-ელს სოლიდარულად დაეკისრათ მოსარჩელის სასარგებლოდ 5016 აშშ დოლარისა და 157 ლარის გადახდა;

ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით, ზ. ქ-ძის სარჩელის განხილვის შედეგად, მოპასუხე ვ. გ-ძეს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 9120 აშშ დოლარის, მომსახურების ხარჯების 240 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 194 ლარის გადახდა;

ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 2003 წლის 15 მაისს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, მოპასუხეებს _ ვ. გ-ძესა და მ. ჩ-ელს ა. დ-შვილის სასარგებლოდ დავალიანების სახით უნდა გადაეხადათ 5016 აშშ დოლარი და 157 ლარი;

ბორჯომის რაიონული სასამართლოს მიერ 2002 წლის 28 ოქტომბერს გამოწერილი სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, ვ. გ-ძეს ზ. ქ-ძის სასარგებლოდ დაეკისრა 9120 აშშ დოლარის, სასამართლო ხარჯის 240 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის 194 ლარის გადახდა;

საჯარო რეესტრის ამონაწერით (2008 წლის 17 ნოემბრის მონაცემი) მ. ჩ-ელის საკუთრებაში ირიცხებოდა დაბა ახალდაბაში, ბორჯომის რაიონში, ... ქ¹22-ში მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი;

ჩუქების ხელშეკრულებით საცხოვრებელი სახლი, რომელიც მდებარეობდა ქ.ბორჯომში, ...ის ქ.¹1-ში, წარმოადგენდა ვახტან გ-ძის (პირადი ნომერი _ ...) საკუთრებას.

ბორჯომის სანოტარო ბიუროში 2002 წლის 28 ოქტომბერს გაფორმდა ჩუქების ხელშეკრულება ვ. გ-ძესა (მამა) და ვ. გ-ძეს (შვილს) შორის, რომლითაც გამჩუქებელმა ვ. გ-ძემ (მამამ) ვ. გ-ძეს (შვილს) აჩუქა თავის საკუთრებაში არსებული, ბორჯომში, ...ის ქ.¹1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი;

ნასყიდობის ხელშეკრულებით, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ბორჯომის სარეგისტრაციო სამსახურში მ. ჩ-ელმა ნ. ლ-ძეს მიჰყიდა დაბა ახალდაბაში, ბორჯომის რაიონში მდებარე 742.5კვ.მ მიწის ნაკვეთი;

მ. ჩ-ელი და ნ. ლ-ძე არიან მეუღლეები.

რაიონულმა სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხეთა პოზიცია იმის შესახებ, რომ ჩუქების ხელშეკრულება ხანდაზმულია სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული სასამართლომ შემდეგნაირად დაასაბუთა: ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის და 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებები კანონიერ ძალაშია შესული, მიმდინარეობს მათი აღსრულება, სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების დადასტურების მოთხოვნის ხანდაზმულობის ვადაა 10 წელი, მაშინაც, როცა ეს მოთხოვნა უფრო ნაკლებ ხანდაზმულობას ექვემდებარება. რამდენადაც სარჩელის მოთხოვნის ძირითადი მიზანია სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულება, რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მოთხოვნაზე, რომლის მიზანს წარმოადგენდა სააღსრულებო წარმოება, ვრცელდებოდა ხანდაზმულობის 10-წლიანი ვადა.

რაიონული სასამართლოს შეფასებით, ვ. გ-ძის (მამის) მიერ დადებული ჩუქების ხელშეკრულება ვ. გ-ძესთან (შვილთან) თავის საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებაზე (საცხოვრებელ სახლზე), არის თვალთმაქცური გარიგება. ვ. გ-ძისათვის ცნობილი იყო, რომ მას ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 7 მაისის გადაწყვეტილებით მოსარჩელე ზ. ქ-ძისათვის გადასახდელად დაკისრებული ჰქონდა 9120 აშშ დოლარი, რის გამოც 2002 წლის 28 ოქტომბერს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. გარდა ამისა, ბორჯომის რაიონული სასამართლოს 2002 წლის 21 ივნისის გადაწყვეტილებით ვ. გ-ძეს მ. ჩ-ელთან ერთად კრედიტორ ა. დ-შვილის მიმართ გადასახდელად დაეკისრა სოლიდარულად 5016 აშშ დოლარი, რაზეც 2003 წლის 15 მაისს გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. ვ. გ-ძემ ვალი ნებაყოფლობით არ გადაიხადა, ამიტომ მოხდა სააღსრულებო ფურცლის გამოწერა.

რაიონული სასამართლოს მითითებით, რამდენადაც ვ. გ-ძის ქონებას არ ედო ყადაღა, არ იყო დატვირთული იპოთეკით, მან ბორჯომში, ...ის ქ.¹1-ში მდებარე თავისი საცხოვრებელი სახლი აჩუქა თავის შვილს ვ. გ-ძეს, რომ სამომავლოდ იგი აღმოჩენილიყო არას მქონე. ასეთ შემთხვევაში სააღსრულებო ბიურო აღსრულებისას ვეღარ მოიძიებდა მის ქონებას იძულებითი რეალიზაციის მიზნით. ვ. გ-ძემ ჩუქების ხელშეკრულება დადო თვალთმაქცურად, სხვა ხელშეკრულების დაფარვის მიზნით, კერძოდ იმ მიზნით, რომ კრედიტორისათვის არ გადაეხადა ვალი ანუ დაეფარა სხვა ხელშეკრულება, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულება.

სასამართლომ ასევე გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობის შესახებ. მან აღნიშნა, რომ ეს ხელშეკრულება დადებული იყო მ. ჩ-ელსა და ნ. ლ-ძეს შორის. საქმის მასალების თანახმად, მ. ჩ-ელი და ნ. ლ-ძე არიან ერთი ოჯახის წევრები _ მეუღლეები. მ. ჩ-ელმა, იმისათვის რომ აეცილებინა მასზე რიცხული ქონების იძულებითი წესით რეალიზაცია ვალის დაფარვის მიზნით, თავის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონება მიჰყიდა თავის მეუღლე ნ. ლ-ძეს. ამით მან დადო თვალთმაქცური გარიგება სხვა გარიგების დაფარვის მიზნით. შესაბამისად, მითითებული გარიგებაც ბათილად ცნობას ექვემდებარებოდა (ტომი 1, ს.ფ. 90-98).

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შემდეგმა პირებმა: ვ. გ-ძემ, ვ. გ-ძემ, მ. ჩ-ელმა და ნ. ლ-ძემ. აპელანტებმა მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლში დაბრუნება (ტომი 1, ს.ფ. 107-116).

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინებით ვ. გ-ძის (პირადი ნომერი _ ...) და ნ. ლ-ძის (პირადი ნომერი _ ...) სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 364-ე მუხლზე, რომლის თანახმად, სასამართლოს პირველი ინსტანციით გამოტანილი გადაწყვეტილება მხარეებმა და მესამე პირებმა დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით შეიძლება კანონით დადგენილ ვადაში გაასაჩივრონ სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ აღნიშნული საპროცესო ნორმა ცალსახად და ამომწურავად მიუთითებს იმ პირთა წრეზე, ვისაც გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება გააჩნია. ესენია მხარეები და მესამე პირები დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილების მხარეებს წარმოადგენენ მოსარჩელეები _ ა. დ-შვილი და ზ. ქ-ძე, ხოლო მოპასუხეებს _ ვ. გ-ძე და მ. ჩ-ელი, გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ვ. გ-ძე პირადი ნომრით ... და ნ. ლ-ძე პირადი ნომრით ... არ არიან მხარეები. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში აპელანტებს _ ვ. გ-ძესა და ნ. ლ-ძეს არ გააჩნდათ გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების უფლებამოსილება. რამდენადაც სააპელაციო საჩივარი შეიტანეს არაუფლებამოსილმა პირებმა, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იგი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ტომი 2, სფ. 6-8).

სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება ვ. გ-ძემ და ნ. ლ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრეს, რომლითაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. მათი მოთხოვნა შემდეგ მოტივებს ეფუძნება:

პირველი ინსტანციის სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება შეეხება მათ ქონებრივ უფლებებს, ამიტომ, სააპელაციო სასამართლოს მიერ მათი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება, არამართლზომიერია. სააპელაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა, დასახელებული პირების გასაჩივრებაზე არაუფლებამოსილ სუბიექტებად მიჩნევის გამო, არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან (ტომი 2, ს.ფ. 29-30).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ. გ-ძისა და ნ. ლ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს სააპელაციო სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე სუბიექტი შეიძლება იყოს ნებისმიერი პირი, რომლის უფლება-მოვალეობებიც გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განისაზღვრა, მიუხედავად მისი პროცესუალური სტატუსისა, უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, საერთოდ მონაწილეობდა თუ არა იგი საქმის განხილვაში. წინააღმდეგ შემთხვევაში ადგილი ექნება პირის ფუნდამენტური უფლების დარღვევას, მონაწილეობა მიიღოს იმ საქმის სასამართლო განხილვაში, რომელიც მის უფლებას შეეხება. ასეთი რამ კანონმდებლობით დაუშვებელია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებაზე ვ. გ-ძისა (პირადი ნომერი _ ...) და ნ. ლ-ძის (პირადი ნომერი _ ...) არაუფლებამოსილ პირებად მიჩნევის შესახებ იმ საფუძვლით, რომ ისინი საქმეზე არ წარმოადგენდნენ მხარეებს.

მოცემულ შემთხვევაში სარჩელის დავის საგანია ვ. გ-ძესა (პირადი ნომერი _ ...) და მის შვილს, ვ. გ-ძეს (პირადი ნომერი _ ...) შორის დადებული ჩუქების ხელშეკრულების, აგრეთვე, მ. ჩ-ელსა და ნ. ლ-ძეს შორის დადებული მიწის ნაკვეთის ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელეთა აღნიშნული მოთხოვნები მთლიანად დაკმაყოფილდა, ორივე დასახელებული ხელშეკრულება ბათილად იქნა ცნობილი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სრულიად ნათელია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით უშუალო შედეგი დადგა ვ. გ-ძისა და ნ. ლ-ძის მიმართ, რამდენადაც გადაწყვეტილებით განისაზღვრა იმ სადავო ხელშეკრულებების იურიდიული ბედი, რომელთა მონაწილე მხარეებსაც კერძო საჩივრის ავტორები წარმოადგენენ, კერძოდ, პირველ შემთხვევაში საქმე შეეხება ჩუქების ხელშეკრულებას, რომლითაც ვ. გ-ძემ ბორჯომში, ...ის ქ.¹1-ში მდებარე სახლი გააჩუქა შვილზე, ვ. გ-ძეზე, ხოლო მეორე შემთხვევაში _ ნასყიდობის ხელშეკრულებას, რომლითაც მ. ჩ-ელმა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი გაასხვისა თავის მეუღლეზე, ნ. ლ-ძეზე. აქედან გამომდინარე, ვ. გ-ძე და ნ. ლ-ძე პროცესუალურად უფლებამოსილნი არიან, გაასაჩივრონ ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 23 დეკემბრის გადაწყვეტილება, რამდენადაც აღნიშნული გადაწყვეტილება პირდაპირ შეეხება მათი, როგორც ხელშეკრულებით განსაზღვრული უძრავი ნივთების (საცხოვრებელი სახლი, მიწის ნაკვეთი) მესაკუთრეთა ინტერესებს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება დაუსაბუთებელია, რის გამოც იგი უნდა გაუქმდეს და ვ. გ-ძისა და ნ. ლ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ვ. გ-ძისა და ნ. ლ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 24 თებერვლის განჩინება და ვ. გ-ძისა (პირადი ნომერი _ ...) და ნ. ლ-ძის (პირადი ნომერი _ ...) სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების ეტაპიდან საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.