ას-43-37-2010 07 მარტი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ვ. როინიშვილი, ნ.კვანტალიანი
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. მ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ სს «მ-ი»
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი _ საქმის წარმოების განახლება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2010 წლის 11 აგვისტოს ზუგდიდის რაიონულ სასამართლოს განცხადებით მიმართა მ. მ-ძემ. განმცხადებელმა მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 7 ივნისის განჩინებაზე საქმის წარმოების განახლება (ტომი 1, ს.ფ. 1).
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 12 აგვისტოს განჩინებით მ. მ-ძეს უარი ეთქვა განცხადების მიღებაზე (ტომი 1, ს.ფ. 7).
ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა მ. მ-ძემ (ტომი 1, ს.ფ. 10).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით მ. მ-ძის კერძო საჩივარი დარჩა განუხილველად (ტომი 1, ს.ფ. 38-41).
2010 წლის 15 ნოემბერს მ. მ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ამავე სასამართლოს 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო და საქმის წარმოების განახლება (ტომი 2, ს.ფ. 2-5).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადება დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მის ავტორს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 5 დღეში გადაეხადა 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟი და გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი წარედგინა სასამართლოში. ამასთან, განმცხადებელს განემარტა, რომ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში განცხადება დარჩებოდა განუხილველად. ხარვეზის შესახებ განჩინების ასლი მ. მ-ძეს გაეგზავნა და პირადად ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით 2010 წლის 8 დეკემბერს. შესაბამისად, მას ხარვეზის შევსებისათვის ვადა ჰქონდა 2010 წლის 13 დეკემბრის ჩათვლით. აღნიშნულ ვადაში განმცხადებელს ხარვეზი არ შეუვსია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე, 374-ე მუხლების საფუძველზე წარმოადგენდა განცხადების განუხილველად დატოვების წინაპირობას.
ამასთან, სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, მ. მ-ძის მიერ ხარვეზის შევსების მიზნით 2010 წლის 17 დეკემბერს წარდგენილი განცხადება არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ხარვეზის შევსებად. მითითებული განცხადება შეიცავდა შუამდგომლობას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 261-ე და 228-ე მუხლების საფუძველზე. დასახელებული საპროცესო ნორმები სრულიად არ შეეხება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საკითხს და კონკრეტულ შემთხვევაში მათზე მითითება სასამართლოს მოსაზრებით გაუგებარი იყო. შუამდგომლობაზე თანდართულ სოციალური მომსახურების სააგენტოს ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 24.11.2010წ. ¹... ცნობასთან მიმართებით კი სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ამ ცნობით დგინდება, რომ მ. მ-ძე რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში, მაგრამ არ არის დაანგარიშებული მისი სარეიტინგო ქულა, რაც განხორციელდება კანონმდებლობით დადგენილ ვადაში. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, დასახელებული დოკუმენტი არ შეიძლებოდა გამხდარიყო განმცხადებლის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, რამდენადაც მხარის სარეიტინგო ქულის წინასწარ განსაზღვრა, ბუნებრივია, რომ გამოირიცხებოდა.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მ. მ-ძეს 2010 წლის 1 დეკემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი არ შეუვსია, განმცხადებელს არ აღმოუფხვრია ის გარემოებები, რაც სასამართლოს საშუალებას მისცემდა განცხადება საქმის წარმოების განახლებაზე დასაშვებად ეცნო (ტომი 2, ს.ფ. 26-29).
სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება მ. მ-ძემ კერძო საჩივრით გაასაჩივრა. მან მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დაკმაყოფილება.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, ხარვეზის შეუვსებლობის (სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის) გამო მისი განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან იგი განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის «გ» და «დ» ქვეპუნქტების, «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «ა» და «მ1» ქვეპუნქტების თანახმად, ასევე არსებობდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი განთავისუფლების საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლის მიხედვით, რაც არ გაითვალისწინა სააპელაციო სასამართლომ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით მ. მ-ძის განცხადების განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ განმცხადებელმა არ შეავსო სასამართლოს მიერ დანიშნული ხავეზი, კერძოდ, არ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
ამავე კოდექსის 38-ე მუხლის «კ» ქვეპუნქტისა და 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ვ» ქვეპუნქტის თანახმად, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს – თუ განმცხადებელი ფიზიკური პირია 100 ლარს, ხოლო თუ განმცხადებელი იურიდიული პირია – 300 ლარს.
ამდენად, საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების დასაშვებობის ერთ-ერთი წინაპირობაა სახელმწიფო ბაჟის წინასწარ გადახდა. იმ შემთხვევაში, თუ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე არ არის გადახდილი სახელმწიფო ბაჟი, სასამართლო განმცხადებელს უნიშნავს ვადას ხარვეზის შესავსებად. თუ დანიშნულ ვადაში ხარვეზი არ შეივსება, განცხადება აღარ დაიშვება (სსსკ-ის 427-ე მუხლი).
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 01 დეკემბრის განჩინებით მ. მ-ძის განცხადებას დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ მას დაევალა 5 დღის ვადაში 100 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ განმცხადებელს ხარვეზი არ შეუვსია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად მ. მ-ძის განცხადება, ვინაიდან სასამართლოს მიერ დანიშნული ხარვეზის შეუვსებლობა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე და 429-ე მუხლების მიხედვით, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველია.
კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, მის განცხადებაზე ხარვეზის დადგენის საფუძველი არ არსებობდა, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის 1-ლი ნაწილის «გ» და «დ» პუნქტების თანახმად, იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის ხსენებულ მოსაზრებას არ იზიარებს და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: გ) მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე; დ) მხარეები უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. მოცემულ შემთხვევაში განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას მოითხოვს საქმეზე, სადაც მისი სარჩელის დავის საგანი იყო სს «მ-ის» დირექტორის 2009 წლის 4 მარტის და 3 სექტემბრის ბრძანებების ბათილად ცნობა, რომლებითაც განმცხადებელს ჯერ შეუჩერდა შრომითი ურთიერთობა გარკვეული ვადით, ხოლო შემდეგ გაუგრძელდა შრომითი ურთიერთობის შეჩერების ვადა (ტომი 1, ს.ფ. 3-5). ამდენად, მ. მ-ძის სარჩელი არ მიეკუთვნება იმ სარჩელთა კატეგორიას, რომლებიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46.1 მუხლის «გ» და «დ» ქვეპუნქტების თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, არც საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი არ არსებობს.
კერძო საჩივრის ავტორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლად უთითებს ასევე «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «ა» ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები – სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არც მითითებული კანონის მიხედვით არსებობს მ. მ-ძის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძველი, ვინაიდან მისი სარჩელის დავის საგანი არ არის ხელფასის გადახდევინება ან სხვა მოთხოვნები შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ასევე კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ იგი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «მ1» ქვეპუნქტის თანახმად, რომლის დამადასტურებელი მტკიცებულებაც მან წარუდგინა სააპელაციო სასამართლოს.
«სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «მ1» ქვეპუნქტის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდება სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული პირი, რომლის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი ტოლია ან ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ ზღვრულ ქულაზე.
«სოციალური დახმარების შესახებ» საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის ¹145 დადგენილების მე-7 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის მისაღები ზღვრული ქულა არის 57001.
ზემოაღნიშნულ ნორმათა მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის პირები, რომელთა ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი ზღვრული ქულის - 57001-ის ტოლია ან ნაკლებია მასზე.
მოცემულ შემთხვევაში განმცხადებლის მიერ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი იყო ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენდა 66200-სს. შესაბამისად, იგი არ ექვემდებარებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებას «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «მ1» ქვეპუნქტის მიხედვით.
აღნიშნული მსჯელობის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მითითებას «სახელმწიფო ხარჯზე იურიდიული დახმარების მისაღებად ზღვრული ქულის განზაღვრის შესახებ» საქართველოს მთავრობის 2008 წლის 24 ოქტომბრის ¹212 დადგენილებაზე, რომლის 1-ლი პუნქტის თანახმად, «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-2 მუხლის «ზ» ქვეპუნქტის საფუძველზე, პირი გადახდისუუნაროდ ითვლება და სახელმწიფოს ხარჯზე იურიდიული დახმარებით სარგებლობის უფლება ენიჭება, თუ იგი არის სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებული ოჯახის წევრი, რომლის სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე.
მითითებული დადგენილების შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ ამ დადგენილების საფუძველზე გადახდისუუნაროდ მიჩნეულ პირს უფლება ენიჭება ისარგებლოს იურიდიული დახმარებით სახელმწიფოს ხარჯზე. იურიდიული დახმარების სახეებს, რომლებითაც სარგებლობის უფლება ენიჭება გადახდისუუნარო პირს, განსაზღვრავს «იურიდიული დახმარების შესახებ» საქართველოს კანონის მე-3 მუხლი. კერძოდ, ამ ნორმის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, იურიდიული დახმარების სახეებია: ა) სამართლებრივი დოკუმენტების შედგენა; ბ) ბრალდებულისა და მსჯავრდებულის ინტერესების დაცვა სისხლის სამართლის პროცესში; გ) დაზარალებულის დაცვა სისხლის სამართლის პროცესში საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებულ, სახელმწიფოს ხარჯზე დაცვის განხორციელების შემთხვევებში; დ) წარმომადგენლობა სასამართლოში ადმინისტრაციულ და სამოქალაქო საქმეებთან დაკავშირებით; ე) წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ ორგანოში. ამდენად, ხსენებული კანონის მიხედვით, იურიდიული დახმარება სახელმწიფოს ხარჯზე არ გულისხმობს ამ კანონის მიზნებისათვის გადახდისუუნაროდ მიჩნეული პირის გათავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მითითება საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნულ დადგენილებაზე, ვინაიდან იგი არ ადგენს გადახდისუუნარო პირის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების საფუძვლებს.
გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება ის გარემოება, რომ კერძო საჩივარს ერთვის ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შესახებ, რომლის თანახმად, განმცხადებლის ოჯახის სარეიტინგო ქულა (სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებელი) შეადგენს 48630-ს. მართალია, ასეთი სარეიტინგო ქულა პირს ათავისუფლებს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის 5.1 მუხლის «მ1» ქვეპუნქტის მიხედვით, მაგრამ მოცემულ შემთხვევაში გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მ. მ-ძეს აღნიშნული სარეიტინგო ქულა მიენიჭა 2010 წლის 24 დეკემბერს, მისი განცხადების განუხილველად დატოვების შემდეგ, ამ დრომდე კი მისი სარეიტინგო ქულა შეადგენდა 66200-სს, რაც არ იძლეოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განმცხადებლის გათავისუფლების შესაძლებლობას.
კერძო საჩივრის ავტორს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მისი გათავისუფლების საფუძველი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის მიხედვით.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოების დაწყებისათვის, მოცემულ შემთხვევაში საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებისათვის, სახელმწიფო ბაჟის გადახდა კანონითაა გათვალისწინებული. კანონი განსაზღვრავს ასევე, თუ რა შემთხვევაში შეუძლია სასამართლოს მხარის გათავისუფლება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. აღნიშნულ საკითხს აწესრიგებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 47.1 მუხლი, რომლის თანახმად, სასამართლოს, მოქალაქის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, თუ მოქალაქე დაასაბუთებს სასამართლო ხარჯების გადახდის შეუძლებლობას და სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს, შეუძლია მთლიანად ან ნაწილობრივ გაათავისუფლოს იგი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს სასამართლო ხარჯების გადახდისაგან მხარის გათავისუფლების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდისაგან გათავისუფლების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, განმცხადებლის გადახდისუუნარობის დასასაბუთებლად სააპელაციო სასამართლომ საკმარისად არ მიიჩნია ამ უკანასკნელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები (ცნობა მეუღლის ავადმყოფობის შესახებ; ცნობა სს «მ-იდან» 68 ლარის ოდენობით ხელფასის მიღების თაობაზე), რასაც იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან ეს მტკიცებულებები არასაკმარისია განმცხადებლის რეალური ქონებრივი მდგომარეობის დასადგენად, ისინი სასამართლოს არ უქმნიან რწმენას, რომ განმცხადებელს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის გამო არ შეუძლია გადაიხადოს სახელმწიფო ბაჟი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი დაუსაბუთებელია, რის გამოც გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვებას ექვემდებარება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. მ-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს.
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 20 დეკემბრის განჩინება.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.