ას-440-412-2010 14 ივნისი, 2010 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ლ. ლაზარაშვილი, ვ. როინიშვილისაქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ქ-ძე (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე _ საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლა (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
მ. ქ-ძემ სარჩელი აღძრა სასამართლოში საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მიმართ მოპასუხის 2009 წლის 13 მაისის ¹72 (კ) ბრძანების ბათილად ცნობის, გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენისა და 2009 წლის 13 მაისიდან იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელე მუშაობდა საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მასწავლებლად. 2007 წლის დეკემბერში იგი უკანონოდ გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, რაც მან გაასაჩივრა სასამართლოში სარჩელის წარდგენის გზით. სასამართლოს კანონიერ ძალაში შეული გადაწყვეტილებით მ.ქ-ძე აღდგენილ იქნა სამუშაოზე, თუმცა აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის შემდეგ, 2009 წლის 13 მაისის ბრძანებით მოსარჩელე კვლავ კანონდარღვევით გათავისუფლდა სამუშაოდან.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ სკოლის დირექციამ სასამართლო გადაწყვეტილება აღასრულა, მოსარჩელე სამუშაოზე აღადგინა, თუმცა მ.ქ-ძე სამუშაოზე არ გამოცხადდა.
საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილებით მ. ქ-ძის სარჩელი მოპასუხე საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმის საჯარო სკოლის მიმართ სამუშაოზე აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება მ.ქ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინებით მ.ქ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო: სააპელაციო სასამართლომ მ.ქ-ძის სააპელაციო საჩივარი მიიჩნია ხარვეზიანად და დაავალა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარდგენა. 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლების შესახებ და მხარეს ხარვეზის გამოსასწორებელი ვადა 7 დღით გაუგრძელა.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილით, 71-ე მუხლის პირველი ნაწილით, 74-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქმის მასალებით დაადგინა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინება აპელანტ მ. ქ-ძეს გაეგზავნა მის მიერ მითითებულ მისამართზე, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში და 2009 წლის 22 დეკემბერს კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა მის დას _ მა. ქ-ძეს, რასაც ადასტურებს გზავნილის ჩაბარების შეტყობინებაზე შესრულებული ხელმოწერა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ხარვეზის შევსების შესახებ განჩინება აპელანტს ჩაბარდა 2009 წლის 22 დეკემბერს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მისთვის ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დანიშნული 7-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო განჩინების ასლის გადაცემის მომდევნო დღიდან _ 2009 წლის 23 დეკემბრიდან და ამავე კოდექსის 61-ე მუხლის შესაბამისად, ამოიწურა 2009 წლის 30 დეკემბერს. ამდენად, აპელანტს სააპელაციო საჩივარში ხარვეზი უნდა შეევსო 2009 წლის 29 დეკემბრის ჩათვლით, თუმცა ხარვეზის შევსების შესახებ განცხადებით აპელანტს სააპელაციო სასამართლოსათვის არ მიუმართავს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე მ.ქ-ძემ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით: სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ.ქ-ძის დის მიერ ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინების მიღების მომენტში აპელანტი სოფელ ხაშმში არ იმყოფებოდა. იგი თვეობით ვერ ახერხებს სახლში მისვლას ახლობლის მძიმე ავადმყოფობის გამო. მ.ქ-ძემ სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი _ 150 ლარი, რა დროსაც სახელმწიფო ბაჟის რეკვიზიტები დამ უკარნახა ტელეფონის მეშვეობით, თუმცა მათ გამორჩათ ის გარემოება, რომ სახელმწიფო ბაჟის ქვითარი ამავე ვადაში უნდა წარედგინათ სასამართლოსათვის.
მოცემულ შემთხვევაში საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ საგარეჯოს რაიონული სასამართლოს 2009 წლის 9 სექტემბრის გადაწყვეტილება მ. ქ-ძემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის განჩინებით აპელანტს დაევალა სახლემწიფო ბაჟის გადახდა და აღნიშნულისათვის განესაზღვრა ვადა, რომელიც ამავე სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის განჩინებით დამატებით 7 დღით გაგრძელდა.
სააპელაციო პალატის განჩინება ხარვეზის დადგენის თაობაზე მხარეს გაეგზავნა და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით, რაც მას სადავოდ არ გაუხდია.
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად ხარვეზის გამოუსწორებლობის _ სახელმწიფო ბაჟის გადაუხდელობის გამო.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეამოწმა კერძო საჩივრის საფუძვლები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთება და მიაჩნია, რომ მ. ქ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს იმ ნაწილში, რომლითაც განუხილველად დარჩა მ.ქ-ძის სააპელაციო საჩივარი იძულებით განაცდურის ანაზღაურების შესახებ და საქმე აღნიშნულ ნაწილში დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის “ვ” პუნქტის თანახმად, სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. მითითებული ნორმიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ადგენს სააპელაციო საჩივრის შეტანისას სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებას, რა დროსაც ხელმძღვანელობს “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონით დადგენილი დებულებებით.
ზემოხსენებული კანონი განსაზღვრავს არა მარტო სახელმწიფო ბაჟის გადახდის წესსა და თავისებურებებს, არამედ იმ გამონაკლის შემთხვევებს, როდესაც მხარე დავის სამართლებრივი კატეგორიის, მისი სუბიექტის სოციალური სტატუსისა თუ სხვა გარემოებათა გათვალისწინებით თავისუფლდება სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, კერძოდ, მითითებული კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები _ სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
მოცემულ შემთხვევაში მ. ქ-ძის სასარჩელო მოთხოვნა გამომდინარეობს სწორედ შრომის-სამართლებრივი ურთიერთობიდან და ეხება შრომითი ანაზღაურების მიღებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ იძულებითი განაცდურის გადახდევინების ნაწილში მ. ქ-ძის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შემოწმებისას სააპელაციო პალატამ “სახელმწიფო ბაჟის შესახებ” კანონის ზემოხსენებული დანაწესის გათვალისწინებით უნდა იმსჯელოს, არსებობდა თუ არა ზემოხსენებულ ნაწილში აპელანტის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებისა და სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ. ქ-ძის კერძო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება შრომითი ანაზღაურების თაობაზე მ.ქ-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების ნაწილში და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის აღნიშნულ ნაწილში დასაშვებობის ხელახლა შესამოწმებლად.
დანარჩენ ნაწილში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2010 წლის 12 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელად.
საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.