Facebook Twitter

¹ბს-1226-801(კ-05) 1 აგვისტო, 2006 წელი

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე

ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინების განმარტების თაობაზე კ-ძის განცხადების დასაშვებობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2002 წლის 28 ოქტომბერს კ-ძემ და ჯ-ამ სასარჩელო განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხეების: ინდივიდუალურ მენაშენეთა ამხანაგობა -"-ის, ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, თბილისის სანოტარო ბიუროს ნოტარიუს ე. შ-სა და ზ. წ-ის მიმართ. სარჩელში მესამე პირებად ლ. და ე. ჯ-ები იყვნენ დასახელებული. მოსარჩელეები ითხოვდნენ ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა “..."-ის საერთო კრების ოქმის გაუქმებას. მოსარჩელეებმა სასამართლოს მთავარ სხდომაზე, 2003 წლის 23 სექტემბერს, სარჩელი დააზუსტეს და ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2001 წლის 26 იანვრის ¹21/503 განკარგულების, ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა -"-დან კ-ძის გამოსვლისა და ამავე ამხანაგობის წევრად ზ. წ-ის შესვლის შესახებ ოქმის ბათილად ცნობა და ქ. თბილისში, ... ქ. ¹19-ის ბინა ¹4-დან ზ.. წ-ის ოჯახის წევრთან ერთად გამოსახლება მოითხოვეს.

ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილებით კ-ძისა და ჯ-ას სარჩელი არ დაკმაყოფლდა. სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა 2001 წლის 15 იანვრის ბინის მესაკუთრეთა ამხანაგობა --ის” ოქმის სიყალბე. მოსარჩელეს კი აღნიშნული ოქმის ბათილობა არ მოუთხოვია, რის გამოც სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა მისი კანონიერება იმის მიუხედავად, რომ იგი გასაჩივრებული განკარგულების საფუძველს წარმოადგენდა.

კ-ძემ და ჯ-ამ ხსენებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრეს. აპელანტები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით გამგეობის სადავო განკარგულების ბათილად ცნობასა და მოპასუხეთა სადავო ბინიდან გამოსახლებას მოითხოვდნენ.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილებით კ-ძისა და ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება.

აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს კ-ძემ და ჯ-ამ, რომლებმაც ქ. თბილისის საოლქო სასამართლოს 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილება მოითხოვეს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთაAპალატის 2004 წლის 19 ნოემბრის გადაწყვეტილებით საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004 წლის 2 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილებით თინათინ კ-ძის და ჯ-ას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 26 სექტემბრის გადაწყვეტილება და სააპელაციო პალატის მიერ მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; თინათინ კ-ძის და ჯ-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2001 წლის 26 იანვრის ¹21/5-03 განკარგულება ინდ. მენაშენეთა ამხანაგობა -”-დან თ. კ-ძის გამოყვანისა და ამავე ამხანაგობაში ამხანაგობის წევრად ზ. წ-ის დამტკიცების შესახებ; არ დაკმაყოფილდა სარჩელი ქ. თბილისში, ... ქ. ¹19-ში მდებარე ბინა ¹4-დან ზ. წ-ის ოჯახის წევრებთან ერთად გამოსახლებისა და ამ ბინის თ. კ-ძისთვის დაბრუნების შესახებ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება მოსარჩელეებმა: თინათინ კ-ძემ, ჯ-ამ და მესამე პირებმა: ე. ჯ-ამ, ლ. ჯ-ამ საკასაციო წესით გაასაჩივრეს და მიუთითეს, რომ ვინაიდან საოლქო სასამართლომ ბათილად ცნო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის 2001 წლია 26 იანვრის ¹21/5-03 განკარგულება, შესაბამისად, ბათილი იყო ამხანაგობა --ის” კრების ოქმი ¹1. კასატორების განმარტებით, ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი სანოტარო ხელშეკრულება და ზ. წ-ი არ უნდა ჩათვლილიყო ამხანაგობის წევრად და სადავო ბინის მესაკუთრედ, შესაბამისად, საქმეზე ჩადენილი სიყალბეების აღმოჩენის შემდეგ ამხანაგობის წევრებად კვლავ მოსარჩელეები უნდა დარჩენილიყვნენ. კასატორთა განმარტებით, აღნიშნული ზ. წ-ის ბინიდან გამოსახლების საფუძველს წარმოადგენდა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინებით კ-ძის, ი., ე. და ლ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება.

2006 წლის 31 ივლისს კ-ძემ განცხადებით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატას და მოითხოვა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინების განმარტება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინების განმარტების თაობაზე კ-ძის განცხადების დასაშვებობის საკითხი და მივიდა დასკვნამდე, რომ აღნიშნული განცხადება უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამოქალაქო საქმეების წარმოება ხორციელდება საპროცესო კანონმდებლობით, რომლებიც მოქმედებს საქმის განხილვის, ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების ან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების დროს.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა თხოვნით განმარტოს გადაწყვეტილება მისი შინაარსის შეუცვლელად. განცხადების შეტანა გადაწყვეტილების განმარტების შესახებ დასაშვებია, თუ გადაწყვეტილება ჯერ აღსრულებული არ არის და თუ არ გავიდა დრო, რომლის განმავლობაშიც გადაწყვეტილება შეიძლება აღსრულდეს.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებულ გადაწყვეტილებაში იგულისხმება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება, ვინაიდან მხოლოდ იგი შეიძლება დაექვემდებაროს აღსრულებას.

აქედან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს მხოლოდ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილების განმარტებას, რამაც ხელი უნდა შეუწყოს აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულებას. ამასთან, სასამართლო გადაწყვეტილების განმარტება დასაშვებია მისი შინაარსის შეუცვლელად.

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მას არ მიუღია ახალი გადაწყვეტილება ¹ბს-1226-801(კ-05) ადმინისტრაციულ საქმეზე და საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინებით კ-ძის, ი., ე. და ლ. ჯ-ების საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის გადაწყვეტილება. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში აღსრულებას და შესაბამისად, განმარტებასაც შეიძლება დაექვემდებაროს მხოლოდ თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 5 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს მის აღსრულებას.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კ-ძის განცხადება საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინების განმარტების თაობაზე დაუშვებელია, რის გამოც უნდა დარჩეს განუხილველად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველი ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 7 მარტის ¹ბს-1226-801(კ-05) განჩინების განმარტების თაობაზე კ-ძის განცხადება განუხილველად დარჩეს დაუშვებლობის მოტივით;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.