ას-449-424-2011 10 მაისი, 2011 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პ. ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნ. კვანტალიანი, ბ. ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი _ მ. პ-ი, ვ. პ-ი, გ. პ-ი
მოწინააღმდეგე მხარე _ ვ. და რ. პ-ები
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება
დავის საგანი _ სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, სამკვიდროდან წილის მიკუთვნება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 15 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართეს ე. პ-მა, ვ., გ., მ., ა. პ-ებმა, ვარდან მარტიროსიანმა მოპასუხეების _ ვ. და რ. პ-ების მიმართ. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ რ. და ვ. პ-ებზე გაცემული სამკვიდრო მოწმობის ბათილად ცნობა, რომლითაც მოპასუხეებს, როგორც ს. პ-ის მემკვიდრეებს საკუთრებაში გადაეცათ ქ.თბილისში, ზ-ის ... ... ...ში მდებარე ქონების 1/2 წილი. მოსარჩელეებმა მოითხოვეს ასევე აღნიშნული ქონების 1/7 წილზე თითოეული მათგანის, როგორც პირველი რიგის მემკვიდრის, მესაკუთრედ ცნობა (ს.ფ. 1-14, 210-223).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილებით ვ. პ-ისა და ა. პ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ე. პ-ის, გ. პ-ის, მ. პ-ის, ვ. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამ გადაწყვეტილებით ვ. პ-ი და ა. პ-ი ცნობილ იქნენ ქ.თბილისში, ნ-ის დასახლებაში, ზ-ის ... ... ...ში მდებარე ქონების მესაკუთრედ თითოეული 1/7 ნაწილზე, ამასთან, დადგინდა, რომ შესაბამისი ცვლილება შესულიყო ნოტარიუს ნ. ბ-ის მიერ 2009 წლის 11 თებერვალს რ. და ვ. პ-ების სახელზე გაცემულ ¹2-87 კანონისმიერ სამკვიდრო მოწმობაში (ს.ფ. 231-237).
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ვ., გ. და მ. პ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (ს.ფ. 249-258).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინებით ვ. პ-ის, გ. პ-ისა და მ. პ-ის სააპელაციო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 დეკემბრის გადაწყვეტილება 2011 წლის 18 იანვარს ჩაჰბარდა ვ., გ. და მ. პ-ების წარმომადგენელ დ. გ-ს. ეს უკანასკნელი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარმოადგენდა როგორც ვ. პ-ს, ასევე ე. პ-ს, ხოლო ე. პ-ი, თავის მხრივ _ გ. და მ. პ-ებს. იმის გათვალისწინებით, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება ვ., გ. და მ. პ-ების წარმომადგენელ დ. გ-ს ჩაჰბარდა 2011 წლის 18 იანვარს, სააპელაციო სასამართლომ აპელანტებისათვის გასაჩივრების 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2011 წლის 19 იანვრიდან, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 ნაწილიდან გამომდინარე ამოიწურა 2011 წლის 1 თებერვალს. მოცემულ შემთხვევაში, აპელანტებმა სააპელაციო საჩივარი შეიტანეს 7 თებერვალს. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა დაარღვიეს კანონით დადგენილი გასაჩივრების 14-დღიანი ვადა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე და 63-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ ვ., გ. და მ. პ-ების სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა (ს.ფ. 268-270).
სააპელაციო სასამართლოს 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრეს ვ., გ. და მ. პ-ებმა, რომლებმაც მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორები არ იზიარებენ სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კონკრეტულ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს 2011 წლის 19 იანვრიდან იმის გამო, რომ 2011 წლის 18 იანვარს სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაიბარა ვ. პ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა, რომელიც ასევე იყო ე. პ-ის წარმომადგენელი, ხოლო ე. პ-ისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებულად მიჩნევის პირობებში გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლებოდა მ. და გ. პ-ებისთვისაც.
კერძო საჩივარში ყურადღება გამახვილებულია იმ გარემოებაზე, რომ ვ. პ-ის წარმომადგენელმა დ. გ-მა სააპელაციო წესით გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაიბარა როგორც ვ. პ-ის წარმომადგენელმა, გადაწყვეტილება მას არ ჩაუბარებია სხვა მოსარჩელეების სახელით. დ. გ-ი არასდროს ყოფილა ე. პ-ის წარმომადგენელი. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად, წარმომადგენლის უფლებამოსილება უნდა ჩამოყალიბდეს კანონის შესაბამისად გაცემულ და გაფორმებულ მინდობილობაში, რომელიც უნდა დამოწმდეს სანოტარო წესით. ასეთი მინდობილობა პ-ს არ გაუცია. იგი აპელანტების სახელით მინდობილობას ვერც გასცემდა, რადგან მათ მიერ მის სახელზე გაცემული მინდობილობა არ აძლევდა გადანდობის უფლებას.
კერძო საჩივრის ავტორთა განმარტებით, ადვოკატის ორდერი ვერ ჩაითვლება პირისათვის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მინიჭებად. ამ შემთხვევაში დ. გ-ს ორდერი არ ანიჭებს სასამართლო გადაწყვეტილების ჩაბარების უფლებას. ამდენად, არასწორია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ დ. გ-ის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარება ითვლება ვ., მ. და გ. პ-ებისათვის გადაწყვეტილების ჩაბარებად (ს.ფ. 281-283).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
გასაჩივრებული განჩინებით მ., ვ. და გ. პ-ების სააპელაციო საჩივარი განუხილველად იქნა დატოვებული იმ საფუძვლით, რომ საჩივარი არ იყო შეტანილი კანონით დადგენილ 14 დღიან ვადაში. ამ ვადის ათვლის დასაწყისად სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია ადვოკატ დ. გ-ისათვის პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტი.
კერძო საჩივრის ავტორი სადავოდ ხდის გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისად ადვოკატ დ. გ-ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტის მიჩნევას, ვინაიდან ეს უკანასკნელი საქმეში გამოდიოდა ადვოკატის ორდერის საფუძველზე, რომელიც მას არ ანიჭებდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებას.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 98-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს, მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა სარჩელის აღძვრისა, არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, სარჩელის საგნის შეცვლისა, მორიგებისა, სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, სააღსრულებო ფურცლის გადასახდევინებლად წარდგენისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.
აღნიშნული ნორმა ადგენს იმ საპროცესო მოქმედებების ამომწურავ ჩამონათვალს, რომელთა შესრულების უფლებაც არა აქვს წარმომადგენელს სპეციალური მინდობილობის გარეშე. ამ მხრივ საპროცესო კანონმდებლობა არ შეიცავს რაიმე გამონაკლისს იმ ადვოკატის მიმართ, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვისას მხარეს წარმოადგენს ორდერის საფუძველზე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 96-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადვოკატის უფლებამოსილება დასტურდება შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი წესით. «ადვოკატთა შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადვოკატი საადვოკატო საქმიანობას ახორციელებს ხელშეკრულების საფუძველზე. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, გამოძიების ორგანოებში ან საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი ვალდებულია საადვოკატო საქმიანობის უფლების დამადასტურებელ მოწმობასთან ერთად წარადგინოს დადგენილი წესით კლიენტის მიერ მასზე გაცემული დოკუმენტი – მინდობილობა ან ორდერი. ამდენად, საქმის სასამართლოში განხილვისას ადვოკატი უფლებამოსილია კლიენტი წარმოადგინოს როგორც მინდობილობის, ასევე ორდერის საფუძველზე. ამასთან, ზემოაღნიშნული ნორმის ანალიზი ცხადყოფს, რომ ორდერი შეიძლება გაიცეს კლიენტთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. იმისდა მიუხედავად, თუ რომელი დოკუმენტის (მინდობილობის თუ ორდერის) საფუძველზე ახორციელებს ადვოკატი წარმომადგენლობას, ყველა შემთხვევაში 98-ე მუხლში მითითებულ მოქმედებათა შესრულება მას შეუძლია მხოლოდ მაშინ, როდესაც მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში სპეციალურადაა აღნიშნული ამ მოქმედებათა შესრულებისათვის უფლებამოსილების მინჭების შესახებ. მითითებული მსჯელობიდან გამომდინარეობს დასკვნა, რომ წარმომადგენლისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჩაითვლება 70-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ ჩაბარებად, თუ წარმომადგენელს მარწმუნებლის მიერ გაცემული მინდობილობით მინიჭებული აქვს გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება. შესაბამისად, მხოლოდ ასეთ შემთხვევაშია დასაშვები გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის დასაწყისი დაუკავშირდეს ამ გადაწყვეტილების წარმომადგენლისათვის ჩაბარების მომენტს. აღნიშნული მსჯელობის მართებულობას ასაბუთებს ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე, 397-ე, 416-ე მუხლები, რომლებიც დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადების შემთხვევაში, ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის დენის დაწყებას უკავშირებენ მისი გამოცხადების მომენტს, მაგრამ იმ აუცილებელი პირობით, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრებოდეს საჩივრის შეტანის უფლების მქონე პირი. დასახელებული ნორმები კიდევ ერთხელ ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილების გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადის ათვლის დასაწყისი ყოველთვის უკავშირდება დასაბუთებული გადაწყვეტილების იმ პირისათვის ჩაბარებას (გამოცხადებას), რომელსაც აქვს საჩივრის შეტანის უფლება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილია ადვოკატ დ. გ-ის სახელზე გაცემული ორდერი, რომელიც მას ანიჭებს უფლებას თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიცვას ვ. პ-ისა და ე. პ-ის ინტერსები სამოქალაქო საქმეზე (ს.ფ. 170). საკასაციო პალატა აღნიშნავს, გარდა იმისა, რომ მითითებული ორდერი ადვოკატ დ. გ-ს ანიჭებს მხოლოდ თბილისის საქალაქო სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებას, იგი არ შეიცავს მითითებას გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილებაზე. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ ორდერი ასეთ მითითებას რომც შეიცავდეს, ეს არ იქნებოდა საკმარისი საფუძველი ადვოკატის მიერ გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის, ვინაიდან მისთვის ასეთი უფლებამოსილების მინიჭების შესახებ სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში და არა ორდერში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ადვოკატ დ. გ-ს არ ჰქონდა გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლება, ამიტომ იგი არ იყო უფლებამოსილი მიეღო დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. შესაბამისად, აღნიშნული დოკუმენტის მისთვის ჩაბარება სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის ათვლის საფუძველი ვერ გახდება.
საქმის მასალების მიხედვით, ვ. პ-ისათვის გადაწყვეტილების ასლის ჩაბარება არ დასტურდება. თავად ვ.პ-ის განმარტებით, მას გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 25 ინვარს. საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით ირკვევა, რომ გ. და მ. პ-ების წარმომადგენელს ე. პ-ს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2011 წლის 25 იანვარს (ს.ფ. 241). ამდენად, ვ., გ. და მ. პ-ებს სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლება ჰქონდათ 2011 წლის 8 თებერვლის ჩათვლით. მათ მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილია 2011 წლის 07 თებერვალს (ს.ფ. 249), ანუ კანონით დადგენილი ვადის დაცვით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი კერძო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება გაუქმდეს და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ., გ. და მ. პ-ების კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 21 თებერვლის განჩინება და საქმე დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ხელახლა განსახილველად.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.