ას-450-425-2011 6 მაისი, 2011 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე _ ბ. ალავიძე
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მოსამართლე ბ. ა-ძემ ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილა ა. ღ-შვილის კერძო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე და
პ ა ლ ა ტ ა მ გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 1 აპრილის განჩინებით ა. ღ-შვილს დაევალა განჩინების ასლის ჩაბარებიდან 3 დღის ვადაში, კერძო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2011 წლის 6 აპრილს ა. ღ-შვილმა განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა სახელმწოფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლება, ასევე საქმის განხილვისაგან მომხსენებელი მოსამართლის _ ბ. ა-ძის აცილება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა ა.ღ-შვილის შუამდგომლობა მოსამართლე ბ.ა-ძის აცილების შესახებ უსაფუძვლობის გამო, ამავე პალატის 2011 წლის 8 აპრილის განჩინებით კი ა.ღ-შვილის მითითება, რომ იგი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია «სახელმწიფო ბაჟის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის «ა» ქვეპუნქტის საფუძველზე არ იქნა გაზიარებული, შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ვადა 3 (სამი) დღით და დაევალა სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში ა.ღ-შვილმა განცხადებით მომართა სასამართლოს, თუმცა მას არც ამჯერად განუხორციელებია სასამართლოს მიერ დაკისრებული საპროცესო მოქმედება, კერძოდ, არ წარმოუდგენია სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი მტკიცებულება.
საკასაციო სასამართლო ა.ღ-შვილის განცხადების საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ მისი კერძო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრის განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 401-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, საკასაციო საჩივრის შემოსვლიდან 10 დღის ვადაში მომხსენებელმა მოსამართლემ უნდა შეამოწმოს, შეტანილია თუ არა კერძო საჩივარი ამ კოდექსის 396-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული მუხლიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილი ადგენს, რომ საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან კერძო საჩივრის შეუსაბამობის შემთხვევაში, სასამართლო საჩივრის ავტორს დაუდგენს ხარვეზს და დაუწესებს იმ საპროცესო მოქმედებას, რაც ხარვეზის გამოსწორებისათვისაა სავალდებულო. სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში დადგენილი საპროცესო მოქმედების შეუსრულებლობა კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე, რომელსაც სასამართლომ დაავალა ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების განხორციელება, ვალდებულია სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში სრულყოფილად განახორციელოს მისთვის დაკისრებული ვალდებულება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო ამ მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობას არ განიხილავს.
მოცემული საქმის მასალებისა და ა.ღ-შვილის 2011 წლის 26 აპრილის განცხადების დებულებათა შესწავლის საფუძველზე პალატა მიიჩნევს, რომ მხარემ სასამართლოს მიერ დაკისრებული მოქმედება არ განახორციელა _ არ წარმოადგენს სახელმწიფო ბაჟის ჩარიცხვის ქვითრის დედანი, რაც მისი კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე, 396-ე მუხლის მესამე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა. ღ-შვილის კერძო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 28 თებერვლის განჩინებაზე დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.