Facebook Twitter

ას-451-426-2011 16 მაისი, 2011 წელი,

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

შემადგენლობა

ნ. კვანტალიანი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

პ. ქათამაძე, ბ. ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორები _ ნ. ბ-ძე, დ. კ-ძე

მოწინააღმდეგე მხარე _ უ. ჯ-ია

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

უ. ჯ-იამ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. კ-ძის, ნ. ბ-ძის, დ. კ-ძის, მ. ბ-შვილისა და ლ. დ-ლის მიმართ ზიანის ანაზღაურების შესახებ შემდეგი დასაბუთებით: 2002 წლის 10 ოქტომბერს უ. ჯ-იას, ა. მ-ოვსა და გ. ხ-ოვს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. 2002 წლის 12 დეკემბერს გ. ხ-ოვმა ნ. ბ-ძესა და დ. კ-ძეს იპოთეკარის უფლება_მოვალეობები დაუთმეს 4920 აშშ დოლარის ნაწილში. დ. კ-ძემ და ნ. ბ-ძემ გ. ხ-ოვს ერთობლივად გადაუხადეს 4920 აშშ დოლარი, თუმცა ახალ გარიგებაში უ. ჯ-იას ვალდებულება დაფიქსირდა გაზრდილი ოდენობით. 2003 წლის ივნისში ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ მოსარჩელეს შესთავაზეს ახალი სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შედგენა. აღნიშნულის მიუხედავად, 2002 წლის 12 დეკემბერს ჯერ გაფორმდა შეთანხმება სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაუქმების შესახებ, ხოლო 2003 წლის 16 ივნისს უ. ჯ-იასთან დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც მოსარჩელემ თავის საკუთრებაში არსებული, 50000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი ბინა გაასხვისა 12840 აშშ დოლარად. მოსარჩელის განმარტებით, მ. კ-ძე, ნ. ბ-ძე და დ. კ-ძე ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენაში. დადგენილია მოპასუხეთა მიერ მოსარჩელის ქონების მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების ფაქტი, რაც დადასტურებულია ზემოაღნიშნულ პირთა მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის მასალებით და საბოლოოდ განაჩენით, რომელსაც უნდა მიენიჭოს პრეიუდიციული ძალა.

მოპასუხეებმა ლ. დ-ლმა და მ. ბ-შვილმა სარჩელი არ ცნეს შემდეგი დასაბუთებით: მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი განაჩენების მიხედვით, სისხლის სამართალწარმოებაში დადგენილად იქნა ცნობილი უ. ჯ-იას ბინის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება ნ. ბ-ძის მიერ მ. კ-ძისა და დ. კ-ძის ხელშეწყობით. ისინი მოსარჩელის ქონებას მართლსაწინააღმდეგოდ არ დაუფლებიან. განაჩენებით არ არის დადგენილი ლ. ბ-შვილისა და მ. დ-ლის დანაშაულებრივი კავშირი სხვა მოპასუხეებთან.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით უ. ჯ-იას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრეს დ. კ-ძემ და ნ. ბ-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინებით დ. კ-ძისა და ნ. ბ-ძის სააპელაციო საჩივრები დარჩა განუხილველად. დადგენილია, რომ მოპასუხეებს, ნ. ბ-ძესა და დ. კ-ძეს, სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ეცნობათ გადაწყვეტილება უ. ჯ-იას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ.

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ძისა და დ. კ-ძისათვის გადაწყვეტილება ჩაბარებულად ითვლება 2010 წლის 20 ოქტომბერს, გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს და გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 _ დღიანი ვადის ათვლაც იწყება 2010 წლის 21 ოქტომბრიდან, 14 _ დღიანი საპროცესო ვადა ამოიწურა 2010 წლის 3 ნოემბერს, ანუ სააპელაციო საჩივრის შეტანის უფლებამოსილება აპელანტებს გააჩნდათ 2010 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით. დ. კ-ძემ და ნ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივრები წარადგინეს 2011 წლის 22 თებერვალს, კანონით დადგენილი 14_დღიანი ვადის გასვლის შემდეგ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 374-ე მუხლების საფუძველზე, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტებმა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა დაარღვიეს და იგი უნდა დარჩეს განუხილველად.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. ბ-ძემ და დ. კ-ძემ და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით: სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლები ადგენენ მხარის შეტყობინების წესს, მათ შორის საჯაროდ გამოცხადების წესს. აღნიშნული წესებით საჯაროდ გამოცხადება, დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარეს ვერ ჰბარდება უწყება, შეტყობინება და სხვა მასალები მისი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 178-ე მუხლი მოპასუხის მისამართის მითითებას ავალებს მოსარჩელეს, მოსარჩელის მიერ მოპასუხეთა საცხოვრებელი ადგილი მითითებულია არასწორად, კერძოდ: ნ. ბ-ძეს საცხოვრებელი ბინა გახლავთ ¹6 და არა ¹2. აქვე აღსანიშნავია, რომ, მიუხედავად ერთი შეხედვით დამთხვევისა, ეს ბინები მდებარეობს სხვადასხვა შენობებში და მეზობლები არ იცნობენ ერთმანეთს, რაც გამოწვეულია იმით, რომ შპს „საბა“ ახორციელებს საცხოვრებელი კორპუსის მშენებლობას, რის გამოც დარღვეულია დანომრვა. დ. კ-ძე კი, ბოლო 5-6 წელია მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამასთან, მოპასუხისათვის განკუთვნილი გზავნილები იგზავნებოდა ისევ მოსარჩელის მისამართზე. აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით კერძო საჩივრის ავტორებს მიაჩნიათ, რომ დაუშვებელი იყო საჯაროდ გამოცხადება. გასაჩივრების ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა გამოცხადების დღიდან, არამედ იმ მომენტიდან, როცა მხარემ სააპელაციო სასამართლოში ჩაიბარა საქმის მასალები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად, თუ მხარის ადგილსამყოფელი უცნობია ან მისთვის სასამართლო უწყების ჩაბარება სხვაგვარად ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია, გამოიტანოს განჩინება სასამართლო შეტყობინების საჯაროდ გავრცელების შესახებ. სასამართლო შეტყობინება საჯაროდ ვრცელდება შესაბამის სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებით ან დაინტერესებული მხარის მოთხოვნის შემთხვევაში _ მისივე ხარჯებით იმ გაზეთში, რომელიც მასობრივადაა გავრცელებული მხარის საცხოვრებელი ადგილის შესაბამის ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებით. სასამართლო უწყება მხარისათვის ჩაბარებულად ითვლება სასამართლო შეტყობინების შესაბამისი სასამართლოს შენობაში თვალსაჩინო ადგილზე ან ვებგვერდზე განთავსებიდან ან გაზეთში ან ინფორმაციის სხვა საშუალებებში გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს.

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ბ-ძეს და დ. კ-ძეს გადაწყვეტილება ჩაჰბარდათ 2010 წლის 20 ოქტომბერს, გადაწყვეტილების საჯაროდ გამოქვეყნებიდან მე-7 დღეს. დ. კ-ძემ და ნ. ბ-ძემ სააპელაციო საჩივრები წარადგინეს 2011 წლის 22 თებერვალს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 178-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად მოსარჩელე ვალდებულია ზუსტად მიუთითოს სარჩელში საკუთარი, მოპასუხის, მოწმის ასევე სხდომაზე მოსაწვევი პირის მისამართები.

საკასაციო პალატა იზიარებს კერძო საჩივრის ავტორების მოსაზრებას და განარტავს, რომ ზემოაღნიშნული ნორმები სასამართლოს ავალდებულებს, მოპასუხეს გაუგზავნოს შეტყობინება მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე, შესაბამისად, სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით მისამართის მითითების სისწორეზე პასუხისმგებლობა მხარეს აკისრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისამართის არასწორად მითითებით გამოწვეული უარყოფითი საპროცესო შედეგი მხარემ უნდა იტვირთოს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებით დასტურდება, რომ კერძო საჩივრის ავტორებს (მოპასუხეებს) სასამართლო გზავნილი არაერთხელ გაეგზავნა სარჩელში მითითებულ მისამართზე კერძოდ: ნ.ბ-ძეს თბილისში, დ.გურამიშვილის გამზირ ¹78-ში ბინა ¹2-ში, დ.კ-ძეს კი თბილისში, თემქის დასახლების მე-11 მ/რ-ის, I კვატრლის მე-8 კორპუსის, მე-2 სადარბაზო, ბინა 21-ში (ტ.1. ს.ფ. 283, 299, 309) საქალაქო სასამართლოში დაბრუნებული გზავნილის ფურცელზე მისი ჩაუბარებლობის მიზეზად მითითებულია, რომ დ. კ-ძემ გაყიდა ბინა, ხოლო ნ. ბ-ძე მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს. ამასთან, საგულისხმოა ის ფაქტიც, რომ ნ. ბ-ძის სახელზე გაგზავნილ იმ გზავნილში, რომელიც ასევე ჩაუბარებლობის მოტივით დაბრუნდა და სასამართლოს მიერ საჯარო გამოცხადების საფუძველი გახდა, მითითებულია მოსარჩელის მისამართი _ თბილისი, ... ქ,¹3 ბინა ¹7 (ტ.1, ს.ფ. 300,308). ის გარემოება, რომ დ. კ-ძე მოსარჩელის მიერ მითითებულ მისამართზე არ ცხოვრობს დადასტურებულია საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებითაც (იხ. ტ.2 ს.ფ 66,67,70).

ზემოთმითითებული ფაქტობრივი გარემოებები ეჭვქვეშ აყენებს მხარისათვის გზავნილის (სასამართლო გადაწყვეტილების) სწორ მისამართზე გაგზავნას და შეტყობინების საჯაროდ გავრცელების კანონით გათვალისწინებული წინაპირობების უტყუარად არსებობას.

ზემოაღნიშნული გარემოებების გავალისწინებით, საკასაციო პალატას ასკვნის, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს. სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმებისას მხედველობაში უნდა მიიღოს ზემოთმითითებული გარემოებები და შესაბამისად გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

ნ. ბ-ძისა და დ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს.

გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2011 წლის 4 მარტის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხის ხელახლა შესამოწმებლად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.

საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.